ჯგუფი “ვაკის პარკის” ლიდერი ზაზა ხუციშვილი მუსიკოსთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ერთგული თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასოდეს განიცდიან. ზაზას რეპერტუარში ყოველთვის არსებობდა მწვავე სოციალურ თემებზე შექმნილი კომპოზიციები და ამ ტრადიციას ამჟამადაც არ ღალატობს.
ზაზა საკუთარი პირდაპირობითაც გამოირჩევა. სიმართლეს ყოველთვის დაუფარავად და შეულამაზებლად ამბობს. გაგიკვირდებათ და, “ვაკის პარკის” წამყვან ვოკალისტთან და კომპოზიტორთან ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე სასაუბროდ მივედი. მუსიკოსი ფეხბურთის დიდი ქომაგია და ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, თბილისის “დინამოს” გულშემატკივართა პირველი ორგანიზებული ჯგუფი სწორედ მან ჩამოაყალიბა.
როგორ უყურებს ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელ “მიღწევებს” როგორ აფასებს კახი კალაძის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენას და რა აზრის ბრძანდება გიორგი დემეტრაძის გაჭიანურებულ პატიმრობაზე. ზაზა ხუციშვილთან ამ თემებზე დაწყებულმა საუბარმა მალე გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა მიიღო და ჩვენი ქვეყნისათვის არაერთი მტკივნეული საკითხიც განვიხილეთ.
- რაც შეეხება ფეხბურთის სიყვარულს. წინა საუკუნის 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში მეგობრებთან ერთად თბილისის “დინამოს” გულშემატკივართა პირველი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოვაყალიბე. სპეციალური ატრიბუტიკა შევაკერინეთ და დავამზადეთ გუნდის დროშები. თუ გახსოვთ, ნებისმიერი შეხვედრის დასრულების შემდეგ “დინამოს” მოთამაშეები ჩვენს ტრიბუნასთან მოდიოდნენ და მხარდაჭერისათვის მადლობას გვიხდიდნენ.
ქართულ ფეხბურთს სახელოვანი ისტორია გააჩნია. მაინც რამ გამოიწვია საქართველოში სპორტის ამ სახეობის რეგრესი?
- როდესაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა, ყველას გვეგონა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მალე მოვიპოვებდით. სამწუხაროდ მოვლენები საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. მოგეხსენებათ რომ ქართული კლუბები ყოფილი სსრკ-ის პირველობაზე ასპარეზობდნენ. ამ ჩემპიონატში არაერთი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა და მათთან შეხვედრები ჩვენი ფეხბურთელებისათვის კარგი სკოლა გახლდათ. ამის გარდა, კომუნისტებს ვერ დავუკარგავთ, რომ მოზარდ ფეხბურთელთა აღზრდის საქმე კარგად ჰქონდათ დაყენებული. ცნობილი მიზეზების გამო საქართველოში ყველაფერი მოიშალა და გიკვირთ რომ ფეხბურთიც შესამჩნევად დაუძლურდა?
ფეხბურთი ბიზნესის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ჩვენს ქვეყანაში ადრეც და ამჟამადაც კორუფციამ ფართო მასშტაბები მიიღო და ამ მიზეზის გამო სპორტის ამ სახეობის ახალ რელსებზე გადაყვანა ძალიან გაჭიანურდა. ორი ათეული წლის წინ საქართველოში ბნელეთი სუფევდა და არანაირ ბიზნესზე საუბარი არ შეიძლებოდა. ერთი ჭირი მოვიხადეთ და მეორე დაგვემართა. ფეხბურთი პოლიტიზირებული გახდა და მის განვითარებას ამჟამად ეს ფაქტორი ამუხრუჭებს.
ერთ საკითხსაც მინდა რომ შევეხო. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებმა საქართველოს მსგავსად სამოქალაქო ომი და ათასი გაჭირვება გამოიარეს. მახსოვს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ეროვნული გუნდის ასპარეზობა. ეს ქვეყანა იმ ხანად ომისაგან გაჩანაგებული იყო. მოთამაშეებმა საფრანგეთში საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს და წარმატებული გამოსვლისათვის დაწესებულ ფულად ჯილდოზე კატეგორიული უარი განაცხადეს. სერბი და ხორვატი სპორტსმენების ნამდვილად მშურს. ისინი სპორტის არაერთ დარგში მნიშვნელოვან შედეგებს აღწევენ. ბატონი მიხეილ სააკაშვილი ხშირად ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს გამოცდილებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სწავლობს. რატომ არ შეიძლება სპორტში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების მუშაობის მეთოდები გადმოვიღოთ. ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ჩვენი მთავრობა ხომ სპორტსაც სანიმუშო დარგად მიიჩნევს.
საყოველთაო აზრით ქართული ფეხბურთი მკვდარი წერტილიდან დაიძრა. როგორია თქვენი მოსაზრება?
- სანამ ფეხბურთი პოლიტიზირებული და სახელმწიფოს დიქტატის ქვეშ იქნება არანაირ წარმატებებზე საუბარი არ შეიძლება. ფაქტია რომ ეროვნული პირველობის შეხვედრები გულშემატკივრების დიდი ინტერესით არ სარგებლობს. ფეხბურთი შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი მოწინავე დარგია და მას შესაბამისი დაგეგმარება და კერძო ბიზნესის დაინტერესება ესაჭიროება. სამწუხაროდ სპორტის ეს სახეობა საქართველოში მაღალი ეშელონებიდან წამოსული იძულებითი დირექტივების მეშვეობით ვითარდება. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ქართველები ჩვენს გუნდებს გვერდში უნდა ამოვუდგეთ, თუ შესაბამისი სანახაობა არ იქნება შედეგს ვერ მივაღწევთ.
მუსიკოსი გახლავართ და ერთ მაგალითს მოგიყვანთ. სტივ ვანდერის კონცერტზე ბილეთი 500 ლარი ეღირება და ფილარმონია ბოლომდე გაივსება, მავანი და მავანი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლის კონცერტზე ბილეთს 20 ლარად შეიძენთ, მაგრამ დარბაზში ბევრი ცარიელი ადგილი დარჩება. იმ დროს როდესაც ქართველი გულშემატკივარი “რეალის”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშებით განებივრებულია, მხოლოდ პატრიოტული მოწოდებებით სტადიონზე ვერავის შემოიტყუებ.
ამის მიუხედავად, ბოლო დროს კლუბებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.
- არ მიმაჩნია, რომ წარმატებებს მივაღწიეთ. პირიქით, ქართული ფეხბურთი ღრმა ჭაობში ჩაიძირა. თავად განსაჯეთ. მაგალითისათვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სამარცხვინო არჩევნებს მოგიყვანთ. ამაზე დიდი სირცხვილი სად გინახავთ?! გიორგი ნემსაძეს კანონიერად მოპოვებული თანამდებობა, დღევანდელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ იძულებით დაათმობინა. დღემდე მიკვირს, ამ შემთხვევის გამო ფიფა-მ საკუთარი რიგებიდან რატომ არ გაგვრიცხა. ბოლო არჩევნები ავიღოთ, სადაც ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად დანიშნა. ამ მიზეზების გამო ვერ ვიტყოდი რომ ქართული ფეხბურთი წარმატებით ვითარდება.
თუნდაც გიორგი დემეტრაძის მაგალითი ავიღოთ. გვიმტკიცებენ რომ ქართული საფეხბურთო ოჯახი ერთიანია. ამის მიუხედავად გიორგის დასაცავად ხმა მხოლოდ კახი კალაძემ ამოიღო, საფეხბურთო ოჯახის წევრები კი ნაჭუჭში არიან შემძვრალნი და თავიანთი ერთი თვის ხელფასს გულმოდგინედ უფრთხილდებიან. პოლიტიკა ვახსენე და ფულს შემკვეთი იხდის. ფეხბურთს “ნაციონალური მოძრაობა” აფინანსებს და აუტკივარ თავს ვინ აიტკივებს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ ბიზნესს ისეთი კონკურენტუნარიანი გარემო უნდა ჰქონდეს რომ ფეხბურთი ზემოდან მოსული განკარგულებების გარეშე განავითაროს.
გიორგი დემეტრაძის თემას დავუბრუნდეთ. რატომ არის გაჩუმებული საზოგადოება?
- დემეტრაძის საქმის დეტალები საზოგადოებისათვის ბოლომდე კარგად ცნობილი არ არის. ის მაშინ აიყვანეს, როდესაც გარკვეულ თანხას იღებდა. პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა მას “ქურდული მენტალიტეტის” მატარებელი პიროვნების იარლიყი მიაკერეს. ფაქტია, რომ საქართველოში ადამიანის გაფუჭება თუ უნდათ ქურდულ სამყაროსთან სიახლოვეს აბრალებენ. ამ საქმემ რამდენიმე შეკითხვა გამიჩინა... ის ფულის გამოსართმევად გაგზავნეს. ამ ფაქტიდან დანამდვილებით არ ჩანს, რომ გიორგიმ იცოდა, თაღლითურ გარიგებაში რომ მონაწილეობდა და ქურდული სამყაროსათვის განკუთვნილი თანხა უნდა აეღო. ვფიქრობ, რომ ყოველივე ამას სხვა სუნი ასდის და ფეხბურთელის შესაძლო პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან აქვს კავშირი. ალბათ ვიღაცას დემეტრაძის პოლიტიკური გამონათქვამები არ მოეწონა და ამ მიზეზის გამო მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა.
ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ამნისტია განხორციელდა და დემეტრაძეს არცერთი მათგანი არ შეეხო. უფრო მეტსაც გეტყვით - ცოტა ხნის წინ გარიგებულ თამაშებში მხილებულ რამდენიმე ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. ამ პიროვნებებს უფრო მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი ვიდრე გიორგის, მაგრამ დემეტრაძე კვლავ პატიმრობაში იმყოფება. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში სიმკაცრეს მხოლოდ განსხვავებული აზრის მატარებელი ხალხის მიმართ იჩენენ.
ცოტა ხნის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის გამო “გაგრას” მეორე გუნდის თავკაცი თემურ ჩხაიძე და ცნობილი ქართველი ძიუდოს სპეციალისტი ბატონი შოთა ხაბარელი სამსახურებიდან დაითხოვეს. ეს საშინელებაა. მიმაჩნია, რომ მთავრობამ მომავალი არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო და ხალხის დაშინებასაც შეუდგა. ვფიქრობ, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ საქართველოში დამკვირვებლები დროულად უნდა გამოგზავნოს. მათ ანალოგიური ფაქტები უნდა შეკრიბონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ამჟამინდელ მმართველ ძალებს კანონის უზენაესობაზე საუბარი უყვართ. რა კანონზეა ლაპარაკი, როდესაც მიტინგებზე გამოსულ ხალხს განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ზემოდან წყალს ასხამენ და თოფიდან ესვრიან. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ დაფიქსირებული ფაქტები.
ამ პირობებში გიკვირთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გიორგი დემეტრაძეს თავდებში არ უდგება. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ მართალია გიორგი დამნაშავე გახლდათ, მაგრამ არა იმდენად რომ ამდენი ხნის განმავლობაში ციხის კედლები ხეხოს.
კახი კალაძის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განცხადებებზე რა აზრის ბრძანდებით?
- კახა ვაჟკაც და სიმართლის მთქმელ ადამიანად მიმაჩნია. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა წინასაარჩევნო შეკრება გაიმართა. იმ ღონისძიებაზე კალაძემ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სააკაშვილს გვირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა და მისი მკვლელების დაუსჯელობა ბატონ მიხეილს დიდ ნაკლად ჩაუთვალა. პრეზიდენტმა კალაძე იმ დღის შემდეგ მოიძულა. მე ვესწრებოდი ფილარმონიაში “ქართული ოცნების” ამასწინდელ პრეზენტაციას და კახას ემოციურმა გამოსვლამ ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. სამწუხაროდ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგა, ქართული საფეხბურთო ოჯახის არაერთმა წევრმა ადრინდელი ღვაწლი დაუკარგა. რაღა კახაზე გესაუბრებით - ბატონ ბიძინას თავისი ქვეყნისათვის ბევრი სიკეთე გაუკეთებია და დღეს ყველაფერი წყალში ჩაუყარეს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მრავალი ადამიანი ხელფასს იმაში ღებულობს, რომ ჩირქი დააგროვოს და შემდეგ სხვას შეანთხიოს. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეს ყველაფერი დასრულდება.
საფეხბურთო-პოლიტიკური თემიდან მუსიკას დავუბრუნდეთ. როგორია “ვაკის პარკის” მომავლის გეგმები?
- თქვენთან საუბრის შემდეგ სტუდიას უნდა მივაშურო და ახალ ალბომზე მუშაობა გავაგრძელო. მისი სახელწოდებაა “ანდერგრაუნდი”. ამ ალბომიდან ორი კომპოზიცია “მიშა მშია” და “სხვა საქართველო” YouTube-ზეა განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი მოსმენა. ახალ ალბომში დაახლოებით 8-10 კომპოზიცია იქნება განთავსებული და მას ბონუსის სახით “ბრძოლა წესების გარეშე” და “ახალი თვე” დაემატება.
რაც შეეხება კონცერტებს... სხვადასხვა ღონისძიებებს კი ვგეგმავთ, მაგრამ თუ ისეთი კანონი მიიღეს, რომ სოციალურ-პოლიტიკური ტექსტებით გაჯერებული სიმღერისათვის 25 წლით ციხეში გაგისტუმრონ, ალბათ კონცერტებს ვერ ჩავატარებთ.
გასული წლის დეკემბერში “ვაკის პარკმა” ბაქოში რამდენიმე კონცერტი გამართა და ჩვენს გამოსვლას აზერბაიჯანში მაღალი შეფასება მიეცა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ თემასაც შევეხო.
ჩვენი პრეზიდენტის მტკიცებით, თბილისის ახალი აეროპორტი მსოფლიოში საუკეთესოა, ქალაქი თბილისი კი - ბოლო წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით განვითარდა. გარწმუნებთ, რომ გასულ წელს ბაქოს აეროპორტმა ჩვენს დედაქალაქზე ორჯერ მეტი მგზავრი გადაიყვანა. რაც საქართველოში მშენებლობებია ზუსტად იმდენი ბაქოს ორ ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს. აზერბაიჯანის დედაქალაქში გაცილებით მეტი უცხოელია ვიდრე თბილისში. მე იმ ქალაქში კონცერტების ჩასატარებლად გახლდით და იქაურობა სტუმრის თვალით შევაფასე. სხვაობა ძალიან დიდია. ვერაფერს გეტყვით ილჰან ალიევის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ფაქტია, რომ ბაქო აყვავებული ქალაქია. საქართველო რომ აუსრულებელი ლოზუნგების ქვეყნად გადაიქცა, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს: “საქართველო სიღარიბის გარეშე”, “მილიონი სამუშაო ადგილი”, “მილიონი უცხოელი ტურისტი საქართველოში’, “ღიმილიანი საქართველო”, “2015 წელს დავეწიოთ და გავუსწროთ ევროპას”. ამ ლოზუნგებიდან ყველაზე შემზარავად ის მიმაჩნია, როდესაც სააკაშვილი ქვეყნის მოსახლეობას “ჩემი პრეზიდენტობის წლებში დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთო” – დაპირდა. ასეთი წინადადება ედუარდს შევარდნაძესაც არ უთქვამს. მან ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში განაცხადა, ჩემი ცხოვრების უმთავრესი ამოცანა და მიზანი საქართველოს გაერთიანებააო”. დღევანდელი მთავრობა კომუნისტების მმართველობის დროინდელი ხუთწლედების გეგმის ენით საუბრობს და ეს დიდი დანაშაულის ტოლფასია.
ჩვენი საუბრის დასასრულს ქართულ შოუ-ბიზნესსაც შევეხოთ.
- დღეს მუსიკოსების შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყარო სამთავრობო კონცერტები გახდა, სადაც ძირითადად დღევანდელი პოლიტიკური წყობის ფავორიტები გამოდიან. ამ ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხები რამდენიმე მუსიკოსის ხელშია, რაც არასწორედ მიმაჩნია. არ მომწონს ისიც, რომ სახელმწიფო ქვეყანაში ბედნიერების განცდის ილუზიას ამკვიდრებს. ძველ რომში კოლიზეუმის აშენების ერთ-ერთი მიზანი ხალხში “პური და სანახაობის” პრინციპების დამკვიდრება იყო, ანალოგიური მდგომარეობაა დღეს საქართველოშიც.
შოუ-ბიზნესს კონკურენტუნარიანი გარემო ესაჭიროება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნესის დაწყების სიმარტივით ჩვენი ქვეყანა მე-12 ადგილზე იმყოფება, იმავე ბანკის კვლევის შედეგად, კონკურენტუნარიანი გარემოთი მხოლოდ 93-ე პოზიციაზე ვართ. ისევე როგორც სპორტი და ფეხბურთი, შოუ-ბიზნესიც სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის გამო მუსიკოსები საქართველოში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ვინც ქვეყნის მაღალ ეშელონებში გარკვეული თანაგრძნობით არ სარგებლობს, საკუთარი მუსიკალური პროდუქციის გავრცელება ძალიან უჭირს.
საუბრის დასასრულს კი ერთი განცხადება მინდა გავაკეთო... რამდენჯერ უთქვამთ მეგობრებს ჩემთვის, მუსიკოსი ხარ, ჩუმად იყავი და შენი საქმე აკეთეო. რას ჰქვია, ჩუმად ვიყო! პოლიტიკაში ჩართვას მე ვეძახი სურვილს, რომ გავხდე ამ პროცესების მონაწილე და რაც არ მომწონს, ის გავაკრიტიკო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების სათავეში ახალი ძალის მოსვლის შემთხვევაში მისი მეხოტბე გავხდები, ძალიან ცდება. საქართველოში გაკეთებულ ბევრ კარგ საქმეს ნამდვილად ვაფასებ, მაგრამ დიდი პროტესტი მაქვს იმ უსამართლობის მიმართ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. თუ ვინმეს ზაზა ხუციშვილის გამონათქვამები აღიზიანებს, ეს უფრო მისი პრობლემაა, ვიდრე ჩემი.