სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთები მალე საბანკო კრედიტების პროცენტებს გაუსწრებს. ფინანსთა სამინისტრო ფასიან ქაღალდებს თითქმის 15%-ად ყიდის. თუ პროცენტების ზრდა ასეთი ტემპებით გაგრძელდა, ჩვენი მთავრობა, ამ მიმართულებით შევარდნაძისეული მთავრობის რეკორდს მოხსნის, რომელიც დღემდე კრიტიკის საგანია. ექსპერტები განცხადებით, ვინაიდან მთავრობა ფასიან ქაღალდებზე პროცენტების ასეთ ზრდას დათანხმდა, გამოდის, რომ ბიუჯეტს სერიოზულად უჭირს.
მალე ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთს იმ მასშტაბებს მიუახლოვებს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს იყო - 20% და მეტი. დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაშინ, სახაზინო ვალდებულებების მაღალ პროცენტად გაყიდვას სამთავრობო აფერას მიაწერდა.
ასე რომ, 6 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 25 550 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.930%-ით, მაქსიმალური 14.430%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 14.231%-ით განისაზღვრა.
სამინისტრო არ ახმოვანებს, თუ რომელმა ბანკებმა შეიძინეს სახაზინო ვალდებულებები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ეს ბანკებია -„თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „რესპუბლიკა“. სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის გეგმას კარგა ხანია გადააჭარბა. გეგმის მიხედვით წელს 360 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები უნდა გაყიდულიყო, თუმცა მათმა ემისიამ უკვე 420 მილიონი ლარი შეადგინა. ფისკალური წლის დასრულებამდე კიდევ 2,5 თვე დარჩა და სავარაუდოდ სამინისტრო გეგმას 100%-ით გადააჭარბებს.
ექსპერტების განცხადებით, გარდა იმისა, რომ სამინისტრომ დიდი რაოდენობით სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ მათ ყველაზე მაღალი პროცენტით ყიდის. ცოტა ხნის წინ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები დაწიეს და მსხვილ სესხებს კომპანიებზე 16%-დაც კი გასცემდენ. დღეს კი, როდესაც მათ სახელმწიფო 14%-ზე მეტს უხდის, ბუნებრივია, ბანკებისთვის ეკონომიკის დაკრედიტება ნაკლებად ხელსაყრელი ხდება.
სახაზინო სამსახურის უფროსი კახა სეხნიაშვილი, ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს და ხაზინა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს გადააბარეს, რომელიც როგორც ჩანს, კონტროლის პალატის დასკვნისგან ისეა შეშნებული („კონგარის“ საქმესთან დაკავშირებით), რომ ჟურნალისტების ზარებს აღარ პასუხობს.
ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ორ რამეზე მიუთითებს. საფინანსო ჯგუფებმა, რომლებიც ობლიგაციებს ყიდულობენ მთავრობის მიმართ ნდობა დაკარგეს, ან ინფლაციური რისკია მაღალი და მათ თანხის დაბალ პროცენტში დაბანდება აღარ აწყობთ.
„რაც შეეხება ობლიგაციების დიდი რაოდენობით ემისიას, თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება საბანკო რესურსი ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენო, ეს ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი შედეგის მომტანი არ იქნება“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი მატება ივნისიდან დაიწყო. 20 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდების ემისია კი აპრილის ბოლოდან მოყოლებული ხორციელდება.
ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სახაზინო ობლიგაციები, პირველად, 2009 წლის 5 აგვისტოს გამოიტანა.მაშინ 5 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების ემისია განხორციელდა. საშუალო შეწონილმა პროცენტმა კი - 6,68 მილიონი ლარი შეადგინა.
2009 წლის დასასრულამდე სამინისტრო, ძირითადად, 10 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებებს ყიდდა. მხოლოდ ორჯერ გაიყიდა 15 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები. საერთო ჯამში, შარშან სამინისტრომ 270 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელა.
ექსპერტების განცხადებით, ეს არის შიდა ვალი, რომელსაც იღებს სახელმწიფო. „მიმაჩნია, რომ უმჯობესია ბანკებმა ეს თანხა ბიზნესის დაკრედიტებაზე მიმართონ. ამ კუთხით მოგებული დარჩება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბიზნესი და თითოეული ადამიანი. არასწორია, როცა ეს თანხა გამოყენებულია თუნდაც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად“, - ამბობს ნოდარ ხადური.
ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა 2010 წელის 7%-ია.
„საბიუჯეტო დეფიციტი საგარეო სახსრებიდან (მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი), პრივატიზაციით მიღებული თანხებით და სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით იფარება“,- აღნიშნავს ბაინდურაშვილი.
ექსპერტების განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში გასაყიდი თითქმის აღარაფერი დარჩა და არც ინვესტორების მოზღვავებაა მოსალოდნელი, სამინისტროს დეფიციტის დასაფარავად მხოლოდ ორი გზა რჩება - დამატებითი საგარეო ვალების აღება და რაც შეიძლება დიდი მოცულობის ფასიანი ქაღალდების ემისია.