ევროკავშირის კვლადაკვალ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე მზადყოფნა უკვე აშშ-მაც გამოთქვა. 2012 წელი საქართველო ამ მხრივ მართლაც საინტერესოდ დაიწყო. თუმცა, ამერიკასთან და ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში თანამშრომლობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება სასურველი შედეგის მომტანი - თუკი ეროვნული წარმოება გაიზრდება. შესაბამისად, ევროპასა და აშშ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი შესამჩნევად მოიმატებს.
ჯერჯერობით კი, ადგილობრივი წარმოების განვითარების პერსპექტივები არცთუ სახარბიელოა. საქართველოში ამერიკული და ევროკაშვირული კრიტერიუმების პროდუქცია უმნიშვნელო რაოდენობით იწარმოება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა თავისუფალი ბაზრის შესაქმნელად. გვსურს, გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობა. ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და მთავარია, ეს მომგებიანი იყოს ორივე ქვეყნისათვის. უნდა განვითარდეს ბიზნესი და ბაზრებზე ერთმანეთის საქონელი და მომსახურება გავყიდოთ“, - აღნიშნა ობამამ.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ საქართველოსთან მიმართებაში პირველად გამოცხადდა, რაც უკვე კონკრეტული შედეგია.
„ძალზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ობამას განცხადება იმის შესახებ, რომ ის მზად არის, მხარი დაუჭიროს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას გულისხმობს. უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს წლებში ამას საქართველოს ეკონომიკისთვის წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის. დღეს, როცა საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდიც დაიწყო და პერსპექტივაში საქართველო შეიძლება გახდეს სავაჭრო ცენტრი, რომელიც აზია-ევროპას და აზია-ამერიკას შორის ჩამოყალიბდება.
„აქ ბევრ კომპანიას შეეძლება ინვესტიციები განახორციელოს, რადგან ვაჭრობა დამატებითი ბარიერებისგან გათავისუფლდება და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული წინსვლა იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტული დავალებები უკვე მიიღეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განმარტებით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამართული გუშინდელი შეხვედრის შედეგები ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის პერსპექტივას განსაზღვრავს.
„გუშინდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შეთანხმებები იქნა მიღწეული. გამოვყოფდი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პრეზიდენტისა და პრემიერი აღტკინებას არ იზიარებენ ექსპერტები. დავით ნარმანიას შეფასებით, აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას მხოლოდ ეროვნული წარმოების გაზრდის შემთხვევაში ექნება მნიშვნელობა.
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება, რადგან დღეისათვის საქართველოში ეროვნული წარმოება განვითარებული არ არის. საექსპორტო პროდუქციის არარსებობის გარეშე კი, ამ შეთანხმებისგან სარგებელს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა ნარმანიამ და იქვე დასძინა, რომ „ამ ეტაპზე ბევრად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა“.