ინტერვიუ თბილისის საკრებულოს წევრ ვიქტორ დოლიძესთან
- "თბილისის მერია უამინდობას მოუმზადებელი შეხვდა"- ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო ეს ფრაზა აქტუალური გახდა. როგორია თქვენი შეხედულება ამ საკითხზე?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მსგავსი ვითარებაა მთელი საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია დღესაც არ მიეწოდება. აქედან გამომდინარე, მერიის მზადყოფნის ხარისხს მაღალ შეფასებას ნამდვილად არ მივცემდი. უამინდობის პერიოდში, მეც მომიწია მოძრაობა და გარდა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციისა, სადაც 1300 ტონა მარილის დაყრისა და ცხელი ხაზის გახსნის შესახებ იუწყებოდნენ, შემამსუბუქებელი არაფერი მინახავს.
- შეიძლება თუ არა მერიამ თავი იმით გაიმართლოს, რომ მსგავსი ყინვა ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა?
- ამას მე არგუმენტად არ მივიღებდი, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სინოპტიკოსთა პროგნოზები და მერია ამ ინფორმაციას უნდა ფლობდეს, საჭირო ზომები მიღებული უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, არსებობს სამეურნეო და ზედამხედველობის სამსახურები, რომელსაც მსგავს შემთხვევებში რესურსების მომზადება ევალება.
- რა ფინანსებია გამოყოფილი მსგავსი შემთხვევებისთვის?
- ბიუჯეტში მკვეთრად და მკაფიოდ განსაზღვრული ხარჯები არ არის, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ისევე, როგორც არავინ იცის, რა თანხები იხარჯება სხვადასხვა კონცერტებზე, საახალწლო ღონისძიებებზე და ა.შ.
- რამდენად კმაყოფილი ხართ თბილისში არსებული გზებით?
- მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად მოწესრიგდა, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ნაჩქარევად კეთდება, რაც გზის დაგების სპეციფიკას, გარკვეულწილად, არღვევს. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პროფესიონალების მიერ მოცემული კრიტერიუმების დაცვის საკითხი. ანალოგიური მდგომარეობაა ბათუმსა და ზემო აჭარაშიც. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯი, წინასწარი დაგეგმარების გარეშე, ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი არ არის.
- შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი საკითხების გაჟღერებამ ოპოზიციის მხრიდან, რაიმე კონკრეტული შედეგი გამოიღოს?
- ჩვენ გვქონდა საუბარი ბიუჯეტის, ფასების ზრდისა და პროდუქტის ხელმისაწვდომობის, სამარშრუტო ტაქსების თემაზე, თუმცა საკრებულო ქირურგიული, ერთპიროვნული მეთოდით მოქმედებს. ამიტომ ნებისმიერ პრობლემატურ თემაზე ხმამაღალი საუბარი ამ მიმართულებით შედეგს არ გამოიღებს. მიუხედავად ჩვენი მხრიდან მსგავსი თემების ერთად განხილვის შეთავაზებისა, ისინი მსგავს წინადადებაზე ადეკვატურად, კონსტრუქციულად არასდროს წამოსულან.
743
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85