"ვერსიის" მასალების მიხედვით
"მისასალმებელია, როცა ქვეყნის პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში იწვევენ და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებიან, თუმცა სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა საზოგადოებას რეალური ინფრომაციის მიღების საშუალებას არ აძლევს. ალბათ შეამჩნიეთ ობამას მკაცრი გამომეტყველება, როცა მან ხელისუფლების შეცვლაზე დაიწყო საუბარი - ობამამ მარტივი განცხადება გააკეთა: ყველა წესის დაცვით ხელისუფლების გადაბარება უნდა მოხდეს - რა თქმა უნდა, ეს განცხადება იმას არ ნიშნავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს უნდა გადააბაროს. აშშ-ის ადმინისტრაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს, სააკაშვილს შეახსენოს, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების გადაბარება", - აცხადებს "ქართული ოცნების" კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩვენმა ხელისუფლებამ დიპლომატიური რესურსიც ამოწურა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ევროატლანტიკური რესურსები!" / ექსპერტი გიორგი ვოლსკი შექმნილ საერთაშორისო ვითარებას აანალიზებს და "ქართული ოცნების" პოზიციას ახმოვანებს.
"როგორ გგონიათ, მათ არა აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბების სერიოზული კამპანია უკვე დაიწყო? ამასთან დააკვირდით, სააკაშვილი შეხვედრისას იმდენად დაძაბული იყო, რომ მასპინძელს სკამიდან ადგომა დაასწრო, რაც საერთაშორისო ეტიკეტით საკმაოდ ცუდ ტონად ითვლება. თანაც, როცა ამერიკის პრეზიდენტი საუბარს იწყებს არა მიღწევებით, არამედ არჩევნების ნორმალურად ჩატარების აუცილებლობით, ეს საკმაოდ სერიოზულ გზავნილად უნდა ჩავთვალოთ. რა საკითხებზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა, რთული სათქმელია, თუმცა ცხადია, ხელისუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილის აშშ-ს ნებისმიერ საკითხზე დაუქნევს თავს და ყველა სურვილს თვალდახუჭული შეუსრულებს.", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.
"აშშ-ს ირანთან დაკავშირებით სერიოზული სტრატეგია აქვს შემუშავებული, რაც რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირებით შესვლას სულაც არ გულისხმობს. ისრაელი, აშშ-სთან შეთანხმების გარეშე სერიოზულ ნაბიჯს არ გადადგამს, ამასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გარდა, სანქციების გზაც არსებობს. აშშ რუსეთს ანგარიშს აუცილებლად გაუწევს, რადგან მისთვის ავღანეთის ომს პრინციპული მნიშვნელობა აქვს - ამერიკას რუსეთთან შეთანხმებით უალტერნატივო დერეფანი აქვს ავღანეთისკენ, რომლითაც უკვე 1700-ზე მეტი ფრენა განხორციელდა და 250 000-მდე ამერუკელმა ჯარისკაცმა "იმოგზაურა. აშშ-ს ბარიერს მიღმა მდგარი რუსეთი არ აწყობს. საქართველოსთვის კი ეს საკითხები პროპაგანდის გარდა, არაფერს შეიცავს. გაუგებარია, რატომ უხარია ჩვენს ხელისუფლებას, თუ რუსეთსა და აშშ-ს ერთმანეთთან კონფლიქტური ურთიერთობები ექნებათ - საქართველოს გადარჩენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გეოსტრატეგიულ საკითხებზე მათი შეთანხმება იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ობამას განცხადებას საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობის გაძლიერების შესახებ, გულისხმობდა, რომ ამერიკა პატივს სცემს ნატო-ს ოპერაციაში ქართული მხარის მონაწილეობას. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება გრძნობს, რომ სწორედ ამით მოაწონებს თავს აშშ-ს. ბარაკ ობამა იმ ქართველი ბიჭების სისხლსაც აფასებს, რაც ავღანეთში დაიღვარა. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კომპონენტებით თამაში, რომელიც, იმედია, ომამდე არ მიგვიყვანს. რა თქმა უნდა ირანს საქართველოზეც შეუძლია უზარმაზარი გავლენის მოხდენა. თუმცა თუ გაზაფხულზე საომარი მოქმედებები მართლაც დაიწყო, ამერიკის მთავარი პლატფორმა, რეალურად თურქეთი უნდა გახდეს", მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.
"პუტინს რეალური შანსი აქვს, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი გახდეს, თუმცა თუ მმართველობაში დემოკრატიულ სისტემებს არ შემოიტანს, ყველაფერი თავზე დაენგრევა. პუტინის წინააღმდეგ გამოდიან კომუნისტები, ჟირინოვსკის პარტია, რომელიც სახელისუფლებოდ მოიზრება, მაგრამ როგორც კი საშუალება ექნება ოპოზიციას გააძლიერებს და პუტინს დაუპირისპირდება, საკმაოდ საშიში "ყვითელ-ყავისფერები" - ეს ძალები მიიჩნევენ რომ რუსეთის ბიუჯეტიდან კავკასიაში საკმაოდ დიდი ფული იხარჯება, მსგავსი განწყობა კი სიკეთეს არ გვიქადის. თუი რუსეთში ვითარება აირევა, შესაძლოა ამ ტალღამ კავკასიონის ქედი ადვილად გადმოკვეთოს და საქართველოსაც გადაუაროს. თუ რუსეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ნაციონალისტები კავკასიას დაუპირისპირდნენ, ეს საქართველოზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა დაიკავოს საქართველომ პრაგმატული პოზიცია და ევროატლანტიკური კურსი აირჩიოს. არა იმიტომ, რომ ეს მოდაშია - არამედ რეალურად რუსეთი ჩვენი პოლიტიკური და სამხედრო მოწინააღმდეგეა, რასაც საქართველოს სამხედრო ძალას ვერ დაუპირისპირებს", - ამბობს ექსპერტი.
"ჩვენმა ხელისუფლებამ დიპლომატიური რესურსიც ამოწურა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ევროატლანტიკური რესურსები. მათ უნდა შევთავაზოთ ისეთი ფორმულირება, სადაც უმეტესწილად ჩვენი ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ნაბიჯ-ნაბიჯ მოლაპარაკებაზე წასვლაა აუცილებელი, რათა კონფლიქტურ რეგიონებზეც დავიწყოთ საუბარი. აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგელები ისხნენ. რაც შეეხება ბოკერიას განცხადებას, მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი თუ გიგა ბოკერია უშიშროების მდივანი - ამერიკა სამხედრო დახმარებას საქართველოს მუდმივად აღმოუჩენს, ეს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესია. ჩვენს ინტერესებშიც შედის მომზადებული ჯარი. გამორიცხულია, რომ ამერიკამ რუსეთს გადაგვაბაროს. ამ ვითარებაში ოქროს შუალედი უნდა ვეძებოთ, რასაც აგვისტოს ომამდე ჯერ კიდევ ვახერხებდით", - დასძენს გიორგი ვოლსკი.
"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს საკმაოდ მკაცრი რეაქცია ექნება, თუ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება. პუტინიც რუსეთი ოკუპანტიც რომ არ იყოს, დასავლეთს სტაბილურობის გარანტია უნდა შევთავაზოთ და მათი დახმარებით ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, სადაც გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები და სამართლიანი სარჩევნო გარემო იარსებებს. საქართველოს ხელისულებამ ქვეყნის გადარჩენაზე უნდა იფიქროს და არა სკამისა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ს არასტაბილური საქართველოს არ აწყობს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჟენევის ფორმატიც - ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის - ეს "ქართული ოცნების" პოზიციაა"- დასძენს გორგი ვოლსკი.
827
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85