როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" საარჩევნო სამზადისზე აქტიურად გადადის – უკვე იმ ადამიანების სერიოზული შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც რაიონულ ორგანიზაციებს ჩაუდგებიან სათავეში. სახელდება გვარებიც, რომლებიც, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გუნდის საპარლამენტო სახეები და კანდიდატები გახდნენ.
ამ ეტაპზე, ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული, თუ ვინ დაიკავებს ამა თუ იმ რაიონული ორგანიზაციის თავკაცის პოსტს. როგორც წყარო ამბობს, თითოეულ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და მათ სხვადასხვა პირები ლობირებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ჩვეულებრივი ხრიკია, რადგან უპირატესობას არავის ანიჭებენ და იმ ადამიანებისგან, ვისზეც აქცენტის გაკეთებას აპირებენ, ქმნიან საინიციატივო ჯგუფს. ამ ქმედებით "ქართული ოცნება" არავის განაწყენებას აპირებს, თუმცა, ეს მაინც მოუწევს. საქმე იმაშია, რომ შუშებიან სასახლესთან მოყურყუტეთა რიცხვი დიდია და ყველას საინიციატივო ჯგუფიც ვერ დაიტევს.
ივანიშვილთან "ახლოს მიმსვლელთა" შორის დიდი ინტრიგები რომ იხლართება, ფაქტია. უმეტესობა ერთმანეთს აბეზღებს და ასე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. ისიც სათქმელია, რომ ივანიშვილის გუნდშიც რეგიონების გეგმებზე ჩამოყალიბებულები არ არიან და როგორც კულუარებში ამბობენ, ერთგვარ დაბნეულობასაც აქვს ადგილი.
როგორც წყარო ამბობს, "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთი პრიორიტეტი გურიაა, რადგან ბიძინა ივანიშვილის "მშობლიურად" საჩხერის შემდეგ, ეს რეგიონი მიიჩნევა, რადგან სწორედ აქ აქვს ბიზნესმენს რეზიდენცია და გარკვეული ბიზნესპროექტები. ამიტომაც, სწორედ გურიიდან ჩასულები სჭარბობენ "ქართული ოცნების" "მისადგომებთან", თუმცა, სავარაუდოდ, უკვე გარკვეულია, თუ ვისზე გააკეთებს აქცენტს ახალი პოლიტიკური ძალა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნება" გურიაში ცნობილ სახეებს გადმოისვრის. უკვე გამცნეთ, რომ ოზურგეთის ორგანიზაციას სათავეში წარსულში ცნობილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე ჩაუდგება. ასევე, თითქმის გარკვეულია, რომ ლანჩხუთში აქცენტს რამდენიმე პირზე გააკეთებენ, რომლებიც საინიციატივო ჯგუფს შექმნიან. მათ ხელმძღვანელად კულუარებში "ქართული პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გია ქურიძე მოიაზრება. ქურიძე პოლიტიკაში გასულ წელს ჩაერთო, როცა "ქართული პარტიის" ადგილობრივი ოფისის დამფუძნებლად მოგვევლინა და ამის გამო თეატრის რეჟისორის თანამდებობის დატოვება მოუხდა. მოგვიანებით, მან თანაპარტიელებთან ერთად "ქართული პარტია" დატოვა _ მაშინ ისინი ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს მერაბ ქარჩავას დაუპირისპირდნენ. დღეს ქარჩავაც მოიაზრება "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფში – მისი ახლობელი, როგორც ამბობენ, ივანიშვილის ერთ-ერთ სამსახურში მუშაობს. ასევე, მათთან მოიაზრება "დაიცავი საქართველოს" ლანჩხუთის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ალექსაია – მან მოგვიანებით სკანდალით დატოვა "ქართული პარტია", ხოლო მანამდე ღიად დაუპირისპირდა ზურაბ ნოღაიდელს, რომელმაც რაიონში აქტივისტებს დაპირებული ანაზღაურება არ გადაუხადა.
ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის ორგანიზაციაში იქნებიან შოთა ფირცხალაიშვილი – იგი ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა და ცნობილი ჟურნალისტის, ნატო ონიანის მეუღლე – ნიკა მგელაძე. ეს უკანასკნელი წინა საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში კანდიდატურა მოხსნა.
"ქართული ოცნების" რიგებში მოელიან ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს გია მაჭარაშვილსაც. მისი სიძე, თემურ ჩხაიძე სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. წარსულში თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიის" მობურთალი, ასევე სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს ღიად უჭერს მხარს. რაც ამ მხარდაჭერის ამბავი გახმაურებას ჩხაიძის სამსახურიდან გაშვება მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, იგი, ჟურნალისტებთან საუბარში, საფეხბურთო კლუბ "გაგრადან" მის გათავისუფლებას სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს. უნდა აღინიშნოს, რომ საფეხბურთო ლანჩხუთში სპორტულმა სახემ ერთხელ უკვე იყარა კენჭი – 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბედი მერაბ ჟორდანიამ სცადა.
თემურ ჩხაიძე არ იქნება ერთადერთი, ვისზეც აქცენტის გაკეთებას ივანიშვილის გუნდში აპირებენ. კულუარებში რამდენიმე ცნობილი სახე დასახელდა და ყველა მათგანი შევარდნაძის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზეა ნამუშევარი. დასახელებული პირები არიან: ქვეყნის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექს-თავკაცი მერაბ ჟორდანია, და რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე. თითქოს სამივე კანდიდატურა გამორიცხული უნდა იყოს – მენაღარიშვილს ზოგი "ნაციონალების მხარდამჭერი ლაბორატორიის" ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს და ზოგადადაც, დიპლომატი მენაღარიშვილი, ნაკლებ სარწმუნოა, მშობლიურ ლანჩხუთს თუნდაც საარჩევნოდ დაუბრუნდეს. "ნაციონალებისგან" "განკულაკებული" აკაკი ჩხაიძე წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც დასახელდა ოპოზიციის კანდიდატად, თუმცა, მაშინ, ჩვენთან საუბარში, ყოფილმა ჩინოსანმა "შეიცხადა", პოლიტიკაში არ ვბრუნდებიო. ეგ კი არა, ხელისუფლებამ სათავისო პიარად გამოიყენა – ჩხაიძე მშობლიურ აკეთს კრამიტის ქარხნის გაკეთებას დაჰპირდა, თუმცა, "მომხმარებელი" აკეთურ კრამიტს ჯერაც ელოდება. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, ეს კანდიდატურა ყველაზე მეტად გამორიცხული უნდა იყოს – "ვარდოსნებისაგან" დევნილი და როგორც ამბობენ, ახლა შერიგებული ჟორდანია ჰოლანდიაში ცხოვრობს, საკუთრებაში აქვს იქაური კლუბი "ვიტესი", რომელიც მთავარ ლიგაში წარმატებით გამოდის, ახლა კი იგი ქალაქ არნემში 10-მილიონიანი საფეხბურთო ბაზის გაკეთებას აპირებს. ჟორდანიას საქართველოსკენ მხოლოდ ფეხბურთი თუ გამოახედებდა, რადგან თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ფეხბურთის გარდა, სხვა სფერო, მით უფრო პოლიტიკა, არ აინტერესებს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟორდანია კენჭს ლანჩხუთში იყრიდა, კატეგორიულად უარყვეს, ფეხბურთის ფედერაციაშიც კი ლამის სანაძლეო დაგვიდეს, მაგრამ ორ დღეში ჟორდანია იძულებული გახდა, დაედასტურებინა ეს ინფორმაცია.
"ნამდვილად დაასახელეს ირაკლი მენაღარიშვილის, მერაბ ჟორდანიასა და აკაკი ჩხაიძის კანდიდატურები. მიკვირს, რაში სჭირდებათ ეს ძველი სახეები? როცა ეს გვარები მოვისმინე, ვუთხარი – ბარემ, შევარდნაძე გამოუშვით,-მეთქი," – გვითხრა "ქართული ოცნების" სამზარეულოსთან ახლოს მყოფმა პირმა. კიდევ ერთმა წყარომ კი გვითხრა, რომ ნამდვილად დასახელდა ზემოთ ნახსენები ცნობილი სახეები, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ლანჩხუთელი "რესპუბლიკელების" თავკაც რომან ბიწაძის კანდიდატურააო. თავად ბიწაძემ დაგვიდასტურა, რომ მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავენ.
რაც შეეხება ოზურგეთს, როგორც წყარო ამბობს, ივანიშვილი მაჟორიტარ კანდიდატობას ყოფილ პარლამენტარს, ვანო ჩხარტიშვილს სთავაზობს, მაგრამ რაც ამ უკანასკნელის გუნდმა ტელეკომპანია "გურიაზე" კონტროლი დაკარგა, ჩხარტიშვილი, ალბათ, უარს იტყვის, რადგან განაღდებული მასაც არაფერი აქვს, ივანიშვილის მეგობარ ბიზნესმენს კი წაგება არანაირად არ "აწყობს".
826
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85