"სანამ თბილისელი მძღოლები პარკირების წლიური საფასურის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობდნენ, ბათუმში ეს საკითხი უცებ "მოაგვარეს" - ამიერიდან ბათუმში ავტომანქანის ერთწლიანი პარკირების უფლება 40-ის ნაცვლად 80 ლარი ეღირება. დედაქალაქში ასეთი რამ ჯერ არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში "სითი პარკის" სამსახურში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარკირების საფასურის ზრდა რეგიონებიდან დაიწყო / ბათუმში ტარიფი უკვე გააორმაგეს, დედაქალაქში ჯერ ვერ ბედავენ.
"ბათუმში კი ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის ზრდის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. ახალი ტარიფების თანახმად, პარკინგით სარგებლობის ერთკვირიანი ბარათი 4-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, ერთწლიანისა კი 40-ის ნაცვლად 80 ლარი. პარკინგის გაზრდილი საფასური ძალაში 10 თებერვლიდან შევა. "ავტომანქანის მეპატრონეს, რომელსაც ერთიანად 80 ლარი არ აქვს, მას შეუძლია 6 თვის ფული გადაიხადოს - 45 ლარი", - განმარტავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. ამასთან, განისაზღვრა პარკირების ადგილები და ამ ადგილების სარგებლობის საფასურიც. სპეციალურად ტაქსებისთვის 450-მდე ადგილი გამოიყო, პარკირების საფასური ტაქსის მძღოლებისთვის თვეში 30 ლარია. ეჭვი, რომ ბათუმის შემდეგ "სითი პარკის" მომსახურება თბილისშიც გაძვირდება, უსაფუძვლო ნამდვილად არ არის - არსებობს ვარაუდი, რომ პარკირების წლიური საფასური დედაქალაქში შესაძლოა 50-დან 100 ლარამდე გაიზარდოს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ამ ინფორმაციას კომპანია "სითი პარკის" შიდა წყაროები არ ადასტურებენ. კომპანიის წარმომადგენლები კი კატეგორიულად უარყოფენ და მას "მოარულ ჭორად" მიიჩნევენ. ამ დროისთვის დედაქალაქში თბილისის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის მფლობელი "სითი პარკის" მომსახურებაში 50 ლარს იხდის. შესაძლებელია ექვსი თვის და ერთი კვირის საფასურის გადახდაც. "სითი პარკის" ოპერირების პირველ წელს გადასახადი 25 ლარს შეადგენდა, რაც ერთი წლის შემდეგ გაორმაგდა. რადგან "სითი პარკს" კონკურენტი არ ჰყავს და პარკირების სისტემა 15 წლით აქვს გადაცემული, შესაძლებელია მომავალში ეს მოსაკრებელი კიდევ უფრო გაიზარდოს - განმკითხავი ჯერჯერობით არავინაა", - დასძენს გამოცემა.
"ჯერჯერობით მომატებაზე არაფერი მსმენია. ისედაც მაღალი ტარიფია და მისი გაძვირება მოსახლეობისთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება. თუმცა ნაცადი ხერხია, მოსახლეობის ჯიბიდან მოხდეს ფულის ამოღება, რომ შემდეგ საარჩევნო კამპანიას მოხმარდეს. ასეთი გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და არალეგიტიმურია. დედაქალაქის ხელმძღვანელობის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ ტარიფი სიმბოლური იქნებოდა, მისი გაორმაგება მაინც მოხდა, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ გამორიცხული არ არის, მომავალში ყოველგვარი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე ტარიფის ზრდა ისევ გაგრძელდეს. თავის დროზე გადასახადის გაორმაგების ერთადერთ მიზეზად პარკირების ადგილების მოწესრიგების აუცილებლობა დასახელდა, თუმცა ასეთი არგუმენტი მიუღებელი და არალოგიკურია. ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზეც მოუწესრიგებელია და გადახდილი თანხა მომსახურების ადეკვატური არ არის. ჯერჯერობით არაფერი ვიცი სატარიფო ცვლილებაზე, მაგრამ მისი განხორციელების შესაძლებლობას, როგორც საკრებულოს წევრი, არ დავუშვებ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ აბაშიძე.
879
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85