იმის ნაცვლად, რომ საქართველოში პურპროდუქტები გაიაფებულიყო, პროგნოზები სულ სხვა მიმართულებით კეთდება. ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიების წარმომადგენლები ხორბლისა და ფქვილის გაძვირებას ვარაუდობენ. როგორც ჩანს, პურის გაიაფების თემას, წერტილი აქ უნდა დაესვას.
კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია, რადგანაც ამ დროისათვის რუსული ხორბლის ღირებულება 270 დოლარია, მაშინ როდესაც 15 დღის წინათ რუსული ხორბლის ფასი 250 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ყაზახურ ხორბალს მისი ღირებულება დღეისათვის 250 დოლარს აღწევს. ქვეყანა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტს არ ეწევა, რადგანაც ბოლო პერიოდში რუსული და უკრაინული ხორბლის ფასი გათანაბრდა, ხოლო ხარისხით რუსული ხორბალი უკრაინულ ხორბალს ბევრად სჯობნის.
დღეისათვის 1 ტომარა ფქვილის ფასი 32-33 ლარია, ხოლო ერთი კვირის წინ 31 ლარი ღირდა. სპეციალისტების აზრით, ხორბლის გაძვირების შესახებ პროგნოზების გაკეთება თებერვლის ბოლოს იქნება შესაძლებელი, მაშინ როდესაც ხორბლის მწარმოებელი ქვეყნები ხორბლის მოსავალს აიღებენ და მარაგებს განსაზღვრავენ. როგორც ცნობილია ყინვებისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბევრ ქვეყანაში ხორბლის მოსავალი მოიყინა.
იმავდროულად, რუსეთის ხორბლის ექსპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს. რუსული მხარის ინფორმაციით, თუ ექსპორტი 25 მლნ ტონას გადააჭარბებს, მაშინ რუსეთმა, შესაძლოა, დამატებითი გადასახადი შემოიღოს. ზოგიერთი ანალტიკოსები ვარაუდობს, რომ გადასახადის შემოღება არ მოხდება, რადგანაც ადრე ხორბლის ექსპორტზე კვოტა იყო დაწესებული, თუმცა მაშინ ექსპორტმა 24 მლნ ტონას ვერ მიაღწია და ქვეყანამ მხოლოდ 19,5 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განახორციელა.
საქართველოში კი ფიქრობენ, რომ რუსული ხორბლის საექსპორტო კვოტა, სავარაუდოდ, აპრილში ამოიწურება, რადგანაც რუსი მწარმოებლები მხოლოდ აპრილამდე დებენ კონტრაქტებს, რადგანაც მათი გათვლებით 25 მლნ ტონაზე ქვეყანა უკვე აპრილში გავა.
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ რუსული გავლენა ხორბლის ფასებზე აუცილებლად იქნება, რადგანაც რუსეთი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა და თუ რუსული ხორბალი გაძვირდა, ცხადია, მისი ფასი სხვა ქვეყნებშიც გაიზრდება. „რუსეთი მსოფლიოს ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, შესაბამისად, რუსულ ხორბალზე ფასების ზრდა მსოფლიო ფასზე აუცილებლად აისახება. საქართველოში 80% იმპორტირებული ხორბალი შემოდის, მართალია იმპორტი დივერსიფიცირებულია და რუსეთზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ გავლენა აუცილებლად ექნება.
შარშან მსოფლიოში უხვი მოსავალი მოვიდა, რაც ფასების შემცირებაზე აისახა კიდეც, მიმდინარე გაძვირება სეზონითაც შეიძლება ავხსნათ, რადგან მარაგები იწურება“, - განაცხადა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას ირაკლი ლექვინაძემ.
ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავას ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ საქართველოში ფქვილის ფასი 30 ლარზე ნაკლები არ ყოფილა.
„ყველაზე მაღალი ფასი ფქვილზე საქართველოში 2011 წლის თებერვალ-მარტში დაფიქსირდა და 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 52 ლარიდან 60 ლარამდე გაძვირდა. მაშინ ერთი ტონა ხორბლის ფასი რუსეთში 400 დოლარს აღწევდა. როცა უკვე შემდეგი მოსავლის გადათვლა მოხდა, 2011 წლის აპრილიდან ფქვილის ფასმა კლება დაიწყო.
გასული წლის ივლისში გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი კარგი მოსავლის გამო ემბარგოს მოხსნიდა და ხორბლის ფასმა უცებ დაიწია. ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზეა მიბმული და რეგიონში ფასის განმსაზღვრელი რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთია. ადგილობრივი ხორბალი ფქვილის ფასწარმოქმნაში ვერ მონაწილეობს, რადგან მისი მოცულობა საერთო მოხმარებაში 18-20 პროცენტია“, - ამბობს სილაგავა.
აღსანიშნავია, რომ მთლიან ხორბლის მოხმარებაში ადგილობრივის წილი მინიმალურია, თუმცა ადგილობრივი ხორბლის მოყვანა რენტაბელური მაინც არ არის, ვინაიდან მას იმპორტულ, დაბალი ხარისხის ხორბალთან კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. გლეხებს ერთ კილოგრამ ხორბალში წისქვილკომბინატები 40 თეთრზე მეტს არ სთავაზობენ. ხორბლის 40 თეთრად გაყიდვა კი წამგებიანია.