სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაბალი ხელფასი სომხეთშია, ყველაზე მაღალი - აზერბაიჯანში, საქართველო კი სადღაც შუაშია, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 572,7 ლარია. ამასთან, ამ სამივე ქვეყანაში განსხვავებულია და თანაც რადიკალურად, უმუშევართა რაოდენობა. მაგალითად, საქართველოში ოფიციალური მონაცემებით უმუშევრად 329 ათასი ადამიანი ითვლება, სომხეთში ეს ციფრი 82 600 ადამიანს შეადგენს, აზერბაიჯანში კი უმუშევარი მხოლოდ 39 538 კაცია.
ამ ციფრებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ეკონომიკურად ყველაზე მძიმე სიტუაციაში იმყოფება. ჯერ ერთი, რომ ინვესტიციების მხრივ აუტსაიდერის პოზიციაში ვართ და მეორე იმით, რომ უმუშევართა რაოდენობა კატასტროფულად მაღალია, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.
მოკლედ, ოფიციალური ინფორმაციით დღეს საქართველოში 329 ათასი უმუშევარია, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა კი, დაახლოებით, 2
მილიონს შეადგენს და მისი 84,5% ოფიციალურადაა დასაქმებული. 63% საკუთარ თავს თავად ასაქმებს, ძირითადად, აგროსექტორში, ფლობს მიწის ნაკვეთს, შინაურ ცხოველს, რაც პოტენციურად შემოსავლების მომტანია. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უმუშევრობა 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის ნახევარი პროცენტით გაიზარდა და 17%-ს მიაღწია.
„საქსტატის“ ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მხრივ შოკური 2009 წლის მეოთხე კვარტალი იყო, როდესაც მასობრივი შემცირებები და დათხოვნები დაფიქსირდა. ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, უმუშევრობის მაჩვენებელში დიდი ნახტომი 2007-დან 2008 წლამდე იყო, როდესაც უმუშევრობა თითქმის 4%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ცნობითვე, 2009 წელს უმუშევრობა მამაკაცებში 18%, ქალებში კი 17,4%-ია. ამასთან, უმუშევრობა ქალაქში გაცილებით მაღალია, ვიდრე სოფლად.
უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა სომხეთშიც, მაგრამ, როგორც სომხური სააგენტოები ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, ეს ზრდა არც ისე მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, დღეისათვის სომხეთში უმუშევრად 82 600 ადამიანი ითვლება. უკეთესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, სადაც პირიქით,
მიმდინარე წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა
კიდეც. მაგალითად, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით მეზობელ აზერბაიჯანში 1 562 კაცი დასაქმდა, საერთო ჯამში კი დღეისათვის იქ უმუშევრად 39 538 ადამიანი ითვლება.
გარდა უმუშევრობისა, რეგიონის სამივე რესპუბლიკაში აქტუალურია ხელფასის ოდენობა და მის მიმღებთა რაოდენობა. ყველაზე მაღალი ხელფასი აზერბაიჯანშია, შემდეგ მას საქართველო მოსდევს, ბოლო პოზიცია კი სომხეთს უკავია.
მოკლედ, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაბალი ხელფასი სომხეთშია. 1-ლი სექტემბერი მდგომარეობით, სომხეთში, საშუალო ხელფასი 105,6 ათასი დრამია, ანუ დაახლოებით 238 დოლარი. (430 ლარი). ასეთი მონაცემების სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახური აქვეყნებს. თუმცა, სომხეთში წინა თვესთან შედარებით, საშუალო ხელფასი 7,7%-ით შემცირდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ საშუალო ხელფასი 317,4 მანათის, ანუ 396 დოლარს შეადგენს, ანუ დაახლოებით 712 ლარს უტოლდება.
ჩვენთან კი საშუალო ხელფასი 572,7 ლარია, ანუ დაახლოებით 318 დოლარია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი, 2009 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, ზოგიერთ სფეროს თანამშრომლებს 2010 წლის პირველ კვარტალში მცირედით შეუმცირდათ. მაგალითად, სამშენებლო სფეროში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2009 წლის მე-4 კვარტალში 789,0 ლარს შეადგენდა, 2010 წლის პირველ კვარტალში ეს ციფრი 629,1 ლარამდე დავიდა, ხოლო მეორე კვარტალში ისევ გაიზარდა და 772,3 ლარი შეადგინა.
და აქვე ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - რამდენად ბევრი ადამიანია საქართველოში ხელფასის მიმღები. როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე აცხადებს, ასეთი ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მცირეა და მას ყოველ 1000 კაცში მხოლოდ 166 ადამიანი იღებს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია. აზერბაიჯანსა და სომხეთში კი ბევრად მეტი,
რამდენადაც, როგორც არჩვაძე ამბობს, იქ ბიუროკრატიული აპარატიც
კარგად მუშაობს.
„მთავარი ის კი არ არის, ვინ რამდენს იღებს ხელფასს, მთავარი ისა, რომ ჩვენთან ხელფასის მიმღებთა რაოდენობაა გაიაშვიათებული. მოსახლეობის 1000 სულზე რომ ავიღოთ, საქართველოში 3,3-ჯერ უფრო ნაკლები ადამიანი იღებს ხელფასს, ვიდრე ამერიკაში. ყოველ 1000 კაცზე ამერიკაში ხელფასს 440 კაცი იღებს, საქართველოში კი სულ რაღაც 166 ადამიანი. ამიტომ საშულო
ხელფასის მიხედვით ქვეყნების შედარება უკვე კარგავს ეკონომიკურ შინაარსს.
მთავარია ხელფასის მიმღებთა რაოდენობა რამდენად ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. მაგალითად აზერბაიჯანში, სახელმწიფო სექტორში 2-ჯერ მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჩვენთან საერთოდ იღებს ხელფასს მოსახლეობა. იქ, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მეტია და შეიძლება ბიუროკრატიულტი აპარატიც უფრო დიდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა უფრო მეტია და საშუალო ხელფასიც მაღალია. რაც შეეხება სომხეთს, იქ საქართველოსთან შედარებით დაახლოებით 1,5 მილიონით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ბიუროკრატიული აპარატიც არაა ისეთი დიდი, მაგრამ იქაც ყოველ 1000 კაცზე ხელფასს ჩვენზე მეტი ადამიანი იღებს, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.