„როგორ მოიზიდავენ ინვესტიციებს „ბიძინას კოდექსით“, გაუგებარია“

„როგორ მოიზიდავენ ინვესტიციებს „ბიძინას კოდექსით“, გაუგებარია“

ინვესტიციები ხელისუფლების უმაღლესი პირების საყვარელი სასაუბრო თემაა. სადაც კი არ უნდა მივიდეს პრეზიდენტი თუ პრემიერი, მაშინვე ლაპარაკს ინვეტიციებზე იწყებენ. არადა, არც შემოდის სასურველი ოდენობით უცხოური კაპიტალი, მაგრამ არც ისინი ეშვებიან ფუჭ საუბრებს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურის მიერ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე კვლავ ინვეტიციებზე გაამახვილა ყურადღება. გილაურის თქმით, მიმდინარე წელი მსოფლიოსათვის რთული, ევროპისათვის ძალიან რთული, ხოლო საქართველოსათვის ინვესტიციის განსახორციელებლად საუკეთესო იქნება.

მისი აზრით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. უპირველესად, საქართველო რეგიონის ლოჯისტიკურ, ტურისტულ, ენერგეტიკულ ცენტრად ჩამოყალიბდა, აქვს ღია ეკონომიკა, ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა და საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა.

გილაურის განცხადებით, რაც უნდა პრობლემური იყოს მსოფლიოში არსებული ვითარება, ამ 4 პარამეტრის არსებობის შემთხვევაში სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელია. პრემიერ-მინისტრმა 2011 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის დასავლეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის ძალიან რთული იყო, ხოლო საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებას, „ვირტუალური იმედის შექმნად“ მიიჩნევს. 2012 წელი საარჩევნო წელია და ყველასათვის კარგად ცნობილია, თურა ტიპის რისკები ჩნდება ხოლმე ამ დროს ქვეყანაში. ამიტომ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას ხელს მაღალი პოლიტიკური რისკები და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაც შეუშლის.

„გადახედეთ საინვესტიციო რუკას. რუსული და პოსტსაბჭოთა კაპიტალის გარდა, ქვეყანაში სერიოზულ დასავლურ ინვესტიციას ხედავთ? ეს შემთხვევით არ ხდება. ამას აქვს თავისი საფუძველი - მაღალი პოლიტიკური რისკები.

როგორ უნდა განხორციელდეს ინვესტიცია, როცა საბანკო სექტორში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბანკი პირველი რიგის იპოთეკარი არ არის, როცა ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, ფაქტობრივად, აზრს კარგავს და ეს ექსკლუზიურად ერთი ადამიანის წინააღმდეგ კეთდება. ამის შემდეგ რა ინვესტიციაზე შეიძლება საუბარი?

ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და „ბიძინას კოდექსს“ ამუშავებს. როგორ უნდა ააყვავონ ეკონომიკა და მოიზიდონ ინვეტიციები „ბიძინას კოდექსით“, ცოტა არ იყოს, გაუგებარია“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ საინვესტიციო ოაზისზე საუბარი არასერიოზულია.

„პრემიერის განცხადება მხოლოდ ზოგადი განცხადება და მოკლევადიანი იმედის შექმნაა. ახლა ძალიან კატეგორიული რომ არ ვიყო, ვნახოთ და შემოდგომაზე ერთად დავითვალოთ შედეგები“, -აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ისევე როგორც ბოლო წლებში, ახლაც ჯიუტად 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელის. ექსპერტებს ეს მაჩვენებელი გადაჭარბებულად ეჩვენებათ, თუმცა 800 მილიონამდე კაპიტალის შემოდინებას მაინც ვარაუდობენ.

საინვესტიციო ბანკ „ბიჯი კაპიტალის“ ფასიანი ქაღალდების გაყიდვების მენეჯერი გიორგი შენგელიას თქმით, კრიზისამდე საქართველოში 1.5 მლრდ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდიოდა. კრიზისის პერიოდში, ეს მაჩვენებელი შემცირდა.

„2011წლისთვის, ჩვენი გათვლებით, პირაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 900 მლნ დოლარს შეადგენს. ჩემი აზრით, საკმაოდ რეალურია, რომ 2012 წლისათვის საქართველომ 800 მლნ დოლარის ოდენობით ინვესტიცია მოიზიდოს.

რაც შეეხება რისკებს, ზოგადად, საქართველოსთან მიმართებაში ინვესტორები განიხილავენ პოლიტიკურ რისკს, ანუ საგარეო ფაქტორს და საშინაო ფაქტორს, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, იმის გათვალისწინებით, რა ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოში, 800 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა სრულად რეალურია“, - აცხადებს გიორგი შენგელია.