ქრისტიან კერილი, "Foreign Policy"
როგორც საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის შენება ორი სხვადასხვა რამ არის.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი კაცია. 30 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პატივი დასდო მას და ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა. ობამას ადმინისტრაციამ დააფასა საქართველო აშშ-ს მხარდაჭერისთვის ერაყსა და ავღანეთში. საქართველომ ქულები დააგროვა ასევე ბოლოდრონდელი ნაბიჯისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას. (როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტით შეიძლება იმის ახსნა, რომ რაღაც მომენტში ობამას ეს ორი ქვეყანა ერთმანეთში აერია).
დღეს სააკაშვილი ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამოჩნდა. ბანკმა ისარგებლა შემთხვევით, რათა უაღრესად პოზიტიური ანგარიში გამოექვეყნებინა საქართველოს ანტიკორუფციულ კამპანიაზე. როდესაც მე პრეზიდენტ სააკაშვილთან გასაუბრება შევძელი, მან დაიტრაბახა იმით, რომ ობამამ შეაქო საქართველო მმართველობის სისტემის გაუმჯობესების მცდელობებისთვის. „ის საუბრობდა საქართველოზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე რეფორმების განხორციელების მხრივ მთელი რეგიონისთვის“, – თქვა სააკაშვილმა.
ეს მართლაც აღსანიშნავია. ნებისმიერს, ვისაც სჭირდება რჩევა კორუფციის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, შეუძლია თვალი გადაავლოს მსოფლიო ბანკის კვლევებს. საქართველომ ამ მხრივ რამდენიმე შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია.
2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, სააკაშვილის მთავრობამ, გადაწყვიტა რა თავი მექრთამეობასთან მებრძოლ ხელისუფლებად წარმოეჩინა, დრამატული ნაბიჯები გადადგა. კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი ფორმა, რომელიც იმ დროს საქართველოს მოქალაქეებს ტანჯავდა, საყოველთაოდ ცნობილი გაუმაძღარი საგზაო პოლიცია იყო, რომლის თანამშრომლებსაც გამოძალვის გზით თავიანთი მიზერული ხელფასების გაზრდა ჩვევად ექცად. ერთ ღამეში, სააკაშვილმა საგზაო პოლიციის მთელი შემადგენლობა (1 600 ადამიანი) სამსახურიდან გაათავისუფლა და ის უფრო მცირე მასშტაბის, ზედმიწევნით შერჩეული და უფრო მაღალანაზღაურებადი პოლიციით შეცვალა. ამ რეფორმის განტკიცება ადგილებზე მოულოდნელი შემოწმებებით და სხვა ზომებით ხდებოდა, რათა გარანტირებული ყოფილიყო ის, რომ ახალბედები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. ჯარიმის ადგილებზე გადახდა შეწყდა და ამიერიდან მას კომერციული ბანკების გზით იხდიდნენ. გარდა ამისა, შეიქმნა სადღეღამისო ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები კანონდარღვევის შემთხვევაში ჩივილს შეძლებდნენ.
ამ ზომებმა პოლიციის რიგებში კორუფცია მოსპო და დანაშაულის საერთო დონე შემცირდა. პოლიციის რეფორმა მოიცავდა ასევე ბიუროკრატიის შემცირებას მართვის მოწმობების მიღებისა და ავტომობილების რეგისტრაციისთვის. მთავრობამ შექმნა „ერთი სარკმლის“ პრინციპი საბუთების მიღების გაიოლებისა და ხელოვნური შეფერხებების პრევენციისთვის. სხვა პოზიტიურ შედეგებთან ერთად, ამ ზომებს ერთი მოულოდნელი გვერდითი ეფექტი მოჰყვა: მან საქართველო გამოყენებული ავტომობილების სარფიანი ვაჭრობის რეგიონალურ ცენტრად აქცია.
მთავრობა ამაზე არ გაჩერდა. მან საგადასახადო კოდექსის რადიკალური გამარტივების პროცესი წამოიწყო, რასაც მოსაკრებლების მნიშვნელოვანი ზრდა და საგადასახადო ბაზის გაფართოვება მოჰყვა. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული სახით წარდგენის შესაძლებლობამ მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა და ეფექტურობა გაზარდა. მსგავსი რეფორმები გატარდა საბაჟო მომსახურების სფეროში, მისაღებ გამოცდებზე უნივერსიტეტებსა და მუნიციპალურ ბიუროკრატიულ აპარატში.
ერთ-ერთი ყველაზე დრამატული რეფორმა ენერგეტიკულ სფეროს შეეხო. 2000 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობა საქართველოში 1990-იანი წლების დონესთან შედარებით ორჯერ შემცირდა. საქართველოს მცხოვრებლები შეეჩვივნენ ელექტროენერგიის თვითნებურ გათიშვებს, რაც საყოველთაო კურუფციის და არასწორი ფინანსური მმართველობის შედეგი იყო. ენერგეტიკული კომპანიები და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო მოხელეები ელექტროენერგით უწყვეტი მომარაგებისთვის ქრთამს იღებდნენ.
ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ენერგოკომპანიის თანამშრომლები გადასხადების აკრეფვაზე პასუხისმგებლები გახადა. ათასობით ენერგომრიცხველი იქნა დამონტაჟებული მისი მოხმარების კონტროლისა და გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად. (იმის გამო, რომ საკმარისი მრიცხველი არ იყო, ზოგჯერ მრავალსართულიან სახლებში ან რამდენიმე სახლში ერთად კოლექტიური მრიცხველები დამონტაჟდა. ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო, თუმცა საქმეების წარმოების ძველ მეთოდებთან შედარებით სერიოზულ გაუმჯობესებად იქცა). ამოქმედდა გადასახადების გადახდის ელექტრონული სისტემა. მთავრობამ საკუთარი შემართების სერიოზულობის დემონსტრირება მოახდინა იმით, რომ ელექტროენერგიას უთიშავდა მსხვილ საწარმოებს, რომლებიც გადასახადს არ იხდიდნენ. მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, რომლებსაც ახალი ტარიფების გადახდა უჭირდათ, სოციალური დაცვის სისტემა შეიქმნა. მთავრობამ გაყიდა სახელმწიფო ენერგოკომპანიები, თუმცა იმავდროულად შექმნა პირობები მთელი სექტორის სიცოცხლიუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს უამრავი სასარგებლო რამის სწავლა შეუძლიათ საქართველოს გამოცდილებიდან. საქართველოს და სააკაშვილს უდაოდ აქვთ სიამაყის საფუძველი. „ქვეყანა დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე 10 წლის წინ იყო, და ამის უარყოფა უსამართლობა იქნებოდა“, – ამბობს მარკ მალენი, ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის თბილისის ოფისის დირექტორი. ის აღნიშნავს, რომ საქართველო ყველა პუნქტით უსწრებს თავის კონკურენტებს (აზერბაიჯანს და სომხეთს) რეგიონში.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის კვლევაში ასევე საკმაოდ დამაინტრიგებელი შენიშვნებია. შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოს დღემდე „არ დაუსრულებია ინსტიტუციონალური რეფორმები, რომლებიც აუცილებელი იქნება კორუფიციასთან ბრძოლის შედეგების განმტკიცებისთვის და რაც აამოქმედებს შეკავების და საპირწონეთა სისტემას“.
ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში მხოლოდ ანტიკორუფციული კამპანია არ მიმდინარეობს. კორუფციის მასშტაბები შეიზღუდა, თუმცა იმავდროულად გაძლიერდა ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება. „საქართველოში სუსტადაა დაცული ადამიანის უფლებები“, – წერდა შარშან, არც მეტი არც ნაკლები ჟურნალი Economist-ი ვაშინგტონში სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტის ნიშნად.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქვეყანაში თავისუფალი აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო. სააკაშვილის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განუხრელად ზღუდავდა პრესის დამოუკიდებლობას. ნაციონალური ტელევიზიები მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან და ამას ადასტურებს ის, თუ როგორ აშუქებენ ისინი ახალ ამბებს. დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე გამოცემა, რომლებსაც ჯერ-ჯერობით აძლევენ მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობის უფლებას, თუმცა რეგიონალური გაზეთების და ტელევიზიების უმრავლესობას მთავრობა მკაცრად აკონტროლებს. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ, საქართველოს 179 ქვეყნიდან 104-ე ადგილი უკავია. ის ჩადზე, ჩრდილოეთ კვიპროსზე და გაბონზე უკანაა. რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა უკრაინაზე (116) და რუსეთზე (142) უკეთესია. თუმცა, ამ მხრივ ის მისაბაძი მაგალითი ნამდვილად აღარ არის.
ქვეყანაში ხელმძღვანელი პოსტების უმრავლესობა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ და დომინირებენ, როგორც პარლამენტში, ასევე სასამართლო სისტემაში. როგორც საქართველოში ბრიტანელმა დამკვირვებელმა ნეილ მაკფარლეინმა აღნიშნა თავის შარშანწინდელ ყოვლისმომცველ კვლევაში, საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების მოცულობა 1%-ია. Freedom House-მა თავის ბოლო კვლევაში „Nations in Transit“, საქართველო ზოგადად 4,86 ქულით შეაფასა, რითაც ის აღმოსავლეთ- და ცენტრალური ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნების გრაფიკის შუაში აღმოჩნდა.
ჩვენს დღევანდელ საუბარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახსენა საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომლის შედეგად ძალაუფლება პრეზიდენტისგან პარლამენტისკენ ინაცვლებს. სკეპტიკოსების აზრით, სააკაშვილმა შეიძლება პუტინის მაგალითს მიბაძოს, გახდეს რა პრემიერ-მინისტრი, როდესაც ორი წლის შემდეგ მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება. როდესაც სააკაშვილს ამის შესახებ ჰკითხეს, მან მოკრძალებულად განაცხადა: „ყველაზე მეტად არ მსურს გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) ვიქცე, ჩემს მომავალზე სპეკულაციებით“.
როდესაც პრეზიდენტს იმის შესახებ ვკითხე, აწუხებს თუ არა მას დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, მან პასუხს კვლავ თავი აარიდა. ამის ნაცვლად, მან ოპოზიციის განხილვა დაიწყო, რომელიც დაადანააშაულა იმაში, რომ ის ცდილობს „მთელი პოლიტიკური პროცესის მოშლას რადიკალური ქმედებებით, დაუმორჩილებლობით ან უზარმაზარი ფულით“. როგორც ჩანს ის, მის მთავარ მეტოქეს, ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა, რომელიც მან კრემლში მისი მოსისხლე მტრებისადმი სიმპათიაში დაადანაშაულა. არადა მე ივანიშვილს საერთოდ არ ვგულისხმობდი. საქართველოში მას ხელისუფლება არ ეკუთვნის. ამგვარად, მთავარი კითხვა უპასუხოდ დარჩა.
„თუკი დემოკრატიის ხარვეზებს უკეთესს მმართველობაზე საუბრებით გადავფარავთ, შეიძლება ყველაზე მთავარი გამოგრჩეთ“, – ამტკიცებს ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და წიგნის „Uncertain Democracy: U.S. Foreign Policy and Georgia’s Rose Revolution“ ავტორი. მისი თქმით, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ კონსტიტუცია შეცვალა, რათა საარჩევნო სისტემა თავის სასარგებლოდ მოერგო. შედეგად, შეიქმნა ისეთი სისტემის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის ყველა გარეგნული ატრიბუტი აქვს, თუმცა ნამდვილ პოლიტიკურ კონკურენციას არ გულისხმობს. „არჩევნები ქვეყანაში კარგია იმდენად, რამდენადაც ის არ აძლევს ოპოზიციას გამარჯვების შანსს“, ამტკიცებს მიტჩელი. ის აღნიშნავს საქართველოს წარმატებებს კორუფციასთან ბრძოლაში. თუმცა მისი აზრით, კარგი მმართველობა – სულაც არ გულისხმობს დემოკრატიას. სინამდვილეში, ზოგ შემთხვევაში, ეს ორი რამ შეიძლება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. „საქართველოს პოლიტიკური ელიტა – მოდერნიზატორები არიან, მაგრამ არა დემოკრატები“, – წერს თომას დე ვაალი, ვაშინგტონის კარნეგის ფონდის წამყვანი ექსპერტი საქართველოს საკითხებში.
Transparency International-ის მარკ მალენი მას ეთანხმება. მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ ენერგიულ ქართველ მმართველებს „მიაჩნიათ, რომ მათ იციან, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, ხოლო მოსახლეობამ ეს არ იცის“. სააკაშვილი და მისი გუნდი „საუბრობენ საქართველოს თანამედროვე ქვეყნად გადაქცევის აუცილებლობაზე, იმ შემთხვევაშიც თუკი მოსახლეობა ამას სასოწარკვეთილი შეეწინააღდეგება“. ჯერ-ჯერობით სააკაშვილის აქცენტი კარგ მმართველობაზე დაეხმარა მას მაღალი რეიტინგის შენარჩუნებაში ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ მან მოარყია დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლები. მიუხედავად ამისა, მალენი სვამს კითხვას, რამდენად დიდხანს შეეგუება ამგვარ კომპრომისს ხელისუფლების მეურვეობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა და სულ უფრო მარგინალიზებული ოპოზიცია.
კარგი შეკითხვაა.
foreignpress.ge
940
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85