ემზარ დიასამიძე, "ლიბერალი"
თურქეთში დღეიდან ამოქმედდება კანონი უვიზო მიმოსვლის წესების შეზღუდვის შემოღების შესახებ. ბათუმში თურქეთის კონსულის ენგინ არიქანის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის ხელსეკრულების ქვეყნების მოქალაქეებს თურქეთში ვიზის გარეშე ყოფნა 180 დღიანი ვადით განესაზღვრებათ და აქედან ქვეყანაში მხოლოდ 90 დღის დაყოფა შეეძლებათ.
იანვრის დასაწყისში სარფის საბაჟოზე მგზავრთა უჩვეულო ნაკადი დაფიქსირდა. თურქეთის პარლამენტის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შესული ცვლილებების გამო საქართველოს (და სხვა ქვეყნის) მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ ქვეყანაში შესვლა სამთვიანი შესვენების შემდეგ შეეძლებათ. ამიტომაც თურქეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ კანონის ამოქმედებამდე ისარგებლა სამთვიანი შესვლის გამოყენების უფლებით.
ეკონომისტების განცხადებით, თურქეთში მიღებული ახალი კანონი პრობლემებს შეუქმნის ქართველ შრომით მიგრანტებს. ეკონომისტი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე დაკარგავს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს:
„არავისთვისაა დასამალი, რომ უმეტესობა სარჩო-საბადებელს თურქეთში პოულობს. თუ გამონაკლისი არ დაიშვა, ასიათასობით ქართველი დაკარგავს შემოსავალს და უმუშევრობის პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად დადგება. ბევრი მოქალაქე თვეობით მიდის იქ სამუშაოდ. ბევრი კიდევ ისეთია, ყოველდღე რომ გადადის საზღვარს".
თურქეთში დასაქმებულთა განცხადებით, ახალი კანონი მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით: „ჯერ ერთი, რომ მუდმივი სამუშაოს პოვნა ისედაც ძნელია. სამუშაო რომ ნახო, ამისთვის დამსაქმებელს ერთი თვის ხელფასი უნდა გადაუხადო. აწი იქ გადასვლა და სამუშაოს ძებნა აზრს კარგავს," - აცხადებს მედეა ზოიძე.
ბათუმში თურქეთის კონსული, ენგინ არიქანი "ლიბერალთან" საუბარში სავიზო რეჟიმის ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს:
„სავიზო რეჟიმში ცვლილებების შეტანის შესახებ თურქეთის პარლამენტში საკითხი გასული წლის ზაფხულში შევიდა. ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო კანონი ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის წესების შეცვლის შესახებ. ამ კანონით პირობები იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ იცვლება, რომელთაც თურქეთის სახელმწიფოში ვიზის გარეშე 90 დღის გატარება შეეძლოთ. წესდება თურქეთში ყოფნის 180 დღიანი ვადა, რომლიდანაც უვიზოდ ვიზიტორებს შეეძლებათ ქვეყანაში მხოლოდ 90 დღე დაჰყონ. ეს ცვლილება ეხება ყველა ქვეყანას. თურქეთის ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. ვისაც აქვს სურვილი, რომ 90 დღის გასვლის შემდეგ კვლავ დარჩეს თურქეთში, უნდა დარეგისტრირდეს," ამბობს არიქანი.
მისივე თქმით ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი არალეგალური მიგრაციის აღრიცხვაა: "უვიზო მიმოსვლამ ქვეყანაში მოგვცა ის შედეგი, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი, შედიოდა და არალეგალურად იწყებდა საქმიანობას. 3 თვის შემდეგ ტოვებდა ქვეყანას, ანუ გადაკვეთდა საზღვარს და ისევ უკან ბრუნდებოდა. ამ მოქალაქეებს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულება, არ აქვთ დაზღვევა და ხშირად ირღვევა ხოლმე მათი უფლებებიც. ყველაფერი რომ დალაგდება, ცხადი გახდება, რომ ეს ცვლილება უფრო დადებითი შედეგის მომტანი იქნება".
კონსულის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ექვს თვეში 90 დღეზე მეტ ხანს მოუწევთ თურქეთში გაჩერება, შეუძლათ პოლიციაში მობინადრის სტატუსით დარეგისტრირდნენ. ხოლო დასაქმების შემთხვევაში უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც მიიღებენ სამუშაო ვიზას, რაც თურქეთში ულიმიტოდ დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ცვლილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ თურქეთის კანონი საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ორმხრივ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ შეესაბამება. ჯალაღანიას განცხადებით ამჟამად თურქულ მხარესთნ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
2860
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85