ნათია დოლიძე, "კვირის პალიტრა.გე"
ჩვენი საზოგადოება ვაშინგტონში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრას დიდი ინტერესით ელოდა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი ის მითქმა-მოთქმა, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა. ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ შეხვედრის შემდგომ ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას პრესისთვის გაკეთებული განცხადება სათავისოდ წაიკითხონ. ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი:
- როგორ შეაფასებთ ობამა სააკაშვილის შეხვედრას და განხილულ საკითხთაგან რომელს მიიჩნევთ მნიშვნელოვნად?
- ამ შეხვედრის შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გრძელდება და მყარდება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ამგვარი სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული პარტნიორობა გარკვეულწილად საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს რეგიონში კვლავაც ჩვენთან მტრად მოკიდებული სახელმწიფო ზეობს. განურჩევლად იმისა, ვინ არის ამერიკის ან საქართველოს პრეზიდენტი, ეს შეხვედრა ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის ფაქტს და თუ ამას შორეულ პერსპექტივაში განვიხილავთ, ეს არის ამ შეხვედრის ყველაზე დიდი შედეგი. ამავე კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან ოპტიმისტურად ჟღერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივაც, ოღონდ შეთანხმება მიიღწევა და წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ხელისუფლება, არა აქვს მნიშვნელობა, ამჟამინდელი თუ მომავალი, გააცნობიერებს საკუთარ ვალდებულებებს.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ქვეყანას, სადაც ეროვნული წარმოება გერის მდგომარეობაშია და ეროვნული პროდუქცია, რომელსაც ექსპორტზე გავიტანთ, ფაქტობრივად, არ იქმნება, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ასეთი მაღალი რანგის თანამშრომლობაზე? ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა თქვას აგრესიულ მონოპოლიზმზე, ელიტურ კორუფციასა და სახელმწიფო რეკეტზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაკეთებული ობამას განცხადება გზავნილი იყო რუსეთისთვისაც, რომელთანაც ამერიკას სავაჭრო ურთიერთობა შეზღუდული აქვს. სავაჭრო რეჟიმის საქართველოსთან შემოღება, ვფიქრობ, სტიმული იქნება საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნებისთვისაც.
- გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ობამამ ყურადღება საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზეც გაამახვილა. ეს რუსეთისთვის განკუთვნილი გზავნილიც ხომ არ იყო?
- რასაკვირველია. ვფიქრობ, ეს იყო ობამას ასიმეტრიული პასუხი რუსეთის ხულიგნობაზე საგარეო პოლიტიკაში. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ აიარაღებს კრემლი სირიის სისხლიან რეჟიმს და მხარდაჭერას უცხადებს.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა შეიძლება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერადაც შეფასდეს.
- ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ნებისმიერ მოვლენას სუბიექტურად აღიქვამს, მხოლოდ იმის მოსმენასა და დანახვას ცდილობს, რაც მას აწყობს. ეს სჭირს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ამიტომაც საზოგადოებას ვურჩევ, მათი განცხადებები შეაჯეროს და საშუალო არითმეტიკული გამოიყვანოს. ნუ ვცდილობთ რეალობა მხოლოდ შავ-თეთრად დავინახოთ, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ამ შეხვედრის და იქ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ეს პროცესები პრიმიტიულად გავიაზროთ. ეს შეხვედრა არც ვინმეს ჭკუის დასარიგებლად და კუთხეში დასაყენებლად გამართულა და არც ვინმეს წასახალისებლად. ხაზი გაესვა იმ ღირებულებებს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები სცემს პატივს და ამასვე ითხოვს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აქ საინტერესოა ობამას განცხადება, რომ ის ელის საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამიტომაც ვეცადოთ, რომ არ დავინახოთ ეს პროცესები იმ პოლიტიკოსების თვალით, რომლებიც ისე გვაწვდიან ამა თუ იმ მოვლენას, როგორც მოესურვებათ.
- ბატონო სოსო, მიხეილ სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრის მეორე დღეს მსოფლიო ბანკში სტუმრობისას განაცხადა, რომ მემუარების წერას ჩვიდმეტი წლის შემდეგ დაიწყებს, როგორ ფიქრობთ, ჩვიდმეტი წელი აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას?
- ვფიქრობ, ის ამ ჩვიდმეტი წლის განმავლობაში აპირებს გამოიმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც წიგნის დაწერას სჭირდება, მაგალითად, შეძლოს ერთ ადგილას საათობით ჯდომა.
744
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85