პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობა, რათა გააფართოვონ და განამტკიცონ სავაჭრო ურთიერთობანი.
თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ობამამ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ისეთი დიალოგის დაწყებაზე, რომელიც განიხილავს სავაჭრო ურთიერთობათა მრავალფეროვან ვარიანტებს, ”მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას.”
ამ პროცესის ვადებთან დაკავშირებით არაფერი თქმულა.
”ცხადია, სამუშაო ბევრია და უამრავი ვარიანტია შესასწავლი,” უთხრა ობამამ ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, სააკაშვილის თანდასწრებით.
”მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ურთიერთმომგებიან ვარიანტზე შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების ძიებას ისე, რომ შეგვეძლოს საქართველოში ჩვენი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, ხოლო საქართველოს თავისი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა”.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის პაქტი დაეხმარება საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას.
”ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ახსენეთ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივა, რადგან ეს ჩემს ქვეყანაში დამატებით აქტივობებს მოიზიდავს და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესს დაეხმარება,” განაცხადა მან.
ობამას ამ კომენტარს ერთი კვირით უსწრებდა წინ, მის ყოველწლიურ გამოსვლაში გაკეთებული განცხადება რუსეთთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. რუსეთს 2008 წელს თავის მეზობელ საქართველოსთან ხანმოკლე ომი ჰქონდა.
ობამას ადმინისტრაციას წელს აშშ-ს კონგრესში რუსეთთან ”მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების” და ”ცივი ომის” დროს მიღებული დადგენილების, ე.წ. ჯექსონ-ვენიკის ჩასწორებების გაუქმების ლობირება აქვს დაგეგმილი.
ამ ჩასწორებების თანახმად აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალიზებული ეკონომიკის ქვეყნებთან დამოკიდებული იყო ებრაელებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების თავისუფლად ემიგრირების უფლებაზე.
მაგრამ ეს ზომები შეუსაბამობაშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან. წელს ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ელიან.
საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ეს პარალელური ინიციატივა, უნდა დაეხმაროს რუსეთის გაწევრიანების პროცესს, რომელიც, ალბათ, რთული აღმოჩნდება დემოკრატიისადმი და ადამიანის უფლებებისადმი მოსკოვის დამოკიდებულებისა და ირანთან მისი ურთიერთობების გამო.
სააკაშვილთან ამ შეხვედრისას ობამამ განაცხადა ისიც, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას.
foreignpress.ge
753
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85