საქართველოში მათხოვრობის პრობლემა მწვავედ დგას. სიდუხჭირე და ეკონომიური არამდგარდობა აიძულებს ადამიანს შემეწეობა სხვა ადამიანებს სთხოვოს. თუმცა ყველასათვის ეს იოლი როდია, ზოგისთვის თუ მათხოვრობა პროფესიაა, ზოგისთვის დიდი ტვირთია და ქუჩაში გამოსული სახესაც კი იბურავს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს. ზოგსაც სიტყვა „დამეხმარეთ“ თქმაც უჭირს და მთელი დღე ასე, ხმაამოუღებლად დგას სევდიანი თვალებით და დარცხვენილი გამომეტყველებით.
უამრავი ადამიანი ჩაივლის მათ წინ დღის განმავლობაში, ზოგი უსიტყვოდ გაიღებს შესაწირს, მაგრამ ზოგი ზიზღით შეხედავს მოწყალების მთხოვნელს და შეურაცხყოფას აყენებს. თვალშისაცემია, რომ დღეს თბილისის ქუჩები მათხოვარი ბავშვებითაა გადავსებული.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის რულანდ მონაშის განცხადებით მათხოვრობის პრობლემა პირადპირ კავშირშია სიღარიბთან. ბოლო წლებში ეკონომკიური ზრდის მიუხედევად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
მსოფლიო ბანკის 2009 წლის სიღარიბის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 23.7% სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო 9.3% – უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი (28%) უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის საერთო მაჩვენებელი, ანუ 280 000 ბავშვი ღარიბია. განსაკუთრებით დაუცველნი არიან ოჯახები, რომელთაც ოთხი ან მეტი ბავშვი ჰყავთ და ისინი უფრო მეტად (მათი 44% ღარიბია) განიცდიან სიღარიბეს.
საქართველოს მთავრობამ სოციალური კეთილდღეობის განვითარებადი სისტემა შეიმუშავა, რომელიც ფულად დახმარებას, უფასო ან იაფ ჯანმრთელობის დაზღვევას, პენსიებსა და ვაუჩერებს მოიცავს. ეს სოციალური შეღავათები განკუთვნილია ღარიბთა შორის უღარიბესი ნაწილისათვის. თუმცა, მსოფლიო ბანკის 2009 წლის სიღარიბის კვლევამ აჩვენა, რომ უღარიბესი ნაწილის მხოლოდ 30% იღებს ფულად დახმარებას.
სიღარიბე და ძირითადი მომსახურებების ხელმიუწვდომლობა სახელდება ოჯახების ნგრევისა და დაშორების მთავარ მიზეზად. ბავშვების მოთავსება სამზრუნველო დაწესებულებაში ძირითადად სიღარიბის გამო ხდება, ხოლო შემდეგ –უნარშეზღუდულობისა და ძირითადი მომსახურებების ხელმიუწვდომლობის გამო.
საქართველოში 2005 წლიდან ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა ხორციელდება, რომელიც ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას გულისხმობს და იგი უსახლკარო ბავშვებსა და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებსაც მოიცავს.
იუნისეფის აქტიური მცდელობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული საშუალებების რაოდენობაც, მათ შორისაა დღის ცენტრები, მიმღები ოჯახები და მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლები მშობელთა ზრუნვას მოკლებული ბავშვებისათვის.
თუმცა სტატისტიკა მაინც შემზარავია, მათხოვარი ბავშვები თბილისში მცხოვრები ქუჩის ბავშვების ნახევარს შეადგენენ. ბავშვთა 40% მათხოვრობის გზით ნაშოვნ ფულს ოჯახური საჭიროებებისათვის იყენებს, ხოლო ბავშვების 23% ამბობს, რომ მათ ართმევენ ნაშოვნ ფულს. სამწუხაროდ, სიღატაკეში მცხოვრები ოჯახების დიდი რაოდენობა ამჯობინებს, რომ ბავშვმა ფული იშოვოს, ვიდრე სკოლაში ან ბავშვზე ზრუნვის სამსახურებში გაატაროს დრო.
პრესა.გე შეეცადა გაეგო თუ როგორია ამ ადამინების ყოფა და რამდენიმე მათგანს გაესაუბრა კიდეც. ზოგმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი არ უთქვამს. ის, რაც ჩვენ ამ ღატაკი ადამიანებისგან მოვისმინეთ სულ მცირე ცნობებია მათი ცხოვრებიდან, მაგრამ ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას.
მას ერთ-ერთ მეტროსადგურში შევხვდით, სულ რაღაც 11 წლისაა, ახლა ხატებს ყიდის, თუმცა, მანამდე ხელგამოწვდილი დადიოდა ვაგონიდან ვაგონში. ახლაც, როდესაც ყველა ხატს გაყიდის, მაშინვე ჩვეულ საქმეს „მათხოვრობას“ უბრუნდება. სახლში, რომელიც ხისაგან შეკოწიწებული პატარა ქოხია, ფსიქიკურად აშლილი დედა ელოდება. იგი არც უმწეოთა დახმარებით სარგებლობს და შესაბამისად, არც პოლისი გააჩნია. თავად მთავრობისთვის არ მიუმართავს დახმარებისთვის, რადგან ამდენიც კი არ იცის და მარტო იბრძვის არსებობისთვის.
ჩვენი მორიგი რესპოდენტი ხანშიშესული ქალბატონია, ყოველდღე ერთი და იგივე მიწისქვეშა გადასასვლელში თავჩახრილი ზის და მოწყალებას ითხოვს. როგორც თავად ამბიობს, ერთ დროს, მუსიკოსი იყო. სახლში უსინათლო მეუღლე, რძალი და ერთი შვილიშვილი ყავს. ამბობს, რომ შვილის გარდაცვალებისგან გამოწვეული სტრესის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. მართალია, პენსიასაც იღებს და უმწეობის პოლისიც აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა, შვილიშვილს სასკოლო სახელმძღვანელოების საყიდლად.
ისიც გვიამბო, რომ საკვებს სათნოების სახლ „კათარზიშსი“ იღებს, მაგრამ: „ზოგჯერ, იქ მოცემული პური იმდენად ძველია, რომ ხშირად, მისი გადაგდებაც გვიწევს. ოჯახში „კაპიკების“ შესატანად დამცირების გადატანა მიწევს. ცუდად მექცევიან, როგორც გამვლელი ადამიანები, ასევე ბოშა ბავშვები, თუმცა იძულებული ვარ ავიტანო ეს გაუსაძლისი პირობები“.
ქალბატონი ნინო ქართველიშვილი 100 წლისაა. უსინათლოა და სმენადაქვეითებული. ამბობს, რომ ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რძალმა სახლიდან გამოაგდო. პენსიას იღებს, უმწეობის პოლისიც აქვს, მაგრამ დაკარგა და ახლა დახმარების გარეშე დარჩა. საცხოვრებლი ადგილის უქონლობის გამო, მუხუცი იძულებულია ღამე ქუჩაში, ან უცხო ადამიანთან გაათიოს და მთელი დღის დაგროვილი ფული მას გადუხადოს. ყოფილა შემთხვევები, როცა მისთვის გაჭირვებით შეგროვილი ფული მოუპარავთ.
ფისიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, მათხოვრობის პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს და განსაკუთრებით, დემოკრატიულ სახელმწიფოებშია გავრცელებული. ავტორიტარული სახელმწიფოები კი არ უშვებენ მათხოვრობას და გარკვეულ ზომებს მიმართავენ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
–„დასავლეთში მათხოვრები ხდებიან იმ ლოგიკით, რომ მათ არ უნდათ მუშაობა. ინგლისში ყოფნისას ერთმა მოვლენამ გამაოცა – ქუჩაში მაწანწალა ძაღლები თითქმის არ დადიან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათხოვრებს დაჰყავდათ ქუჩაში ძაღლები მათხოვრობისას. როცა ამ ფაქტით დავინტერესდი, მეტად გასაკვირი პასუხი მივიღე: თუ მაწანწალა ძაღლს შეიფარებ და მოუვლი სახელმწიფო დამატებით დახმარებას გაძლევს. საქართველოში მათხოვრობას ვუყურებთ როგორც სოციალურ გაჭირვებას და ქვეყანაში გააზრებული პოლიტიკაც კი არ გვაქვს ამის შესახებ.
დადის ხმები, რომ თითო მათხოვარი თითო უბანზეა მიმაგრებული და იქ შოულობს დღიურ შემოსავალს, რაც არც თუ ისე ცოტა თანხას შეადგენს დღის განმავლობაში და გამოდის, არც თუ ისე უსახსროდ ცხოვრობენ ეს ადამიანები. ამის გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც საკითარ შვილებს უშვებენ სამათხოვროდ, ეს ბავშვები მათხოვრობაში იზრდებიან, ეჩვევიან ამ გარემოს და წლების შემდეგაც აგრძელებენ, თითქოს, ეს სპეციალობათაც კი ექცათ. ეს ხომ იოლი და კანონიერი გზაა ფულის საშოვნელად. ამიტომ, როდესაც ადამიანი მათ ეხმარება, ზოგჯერ, შიძლება ეს მანკიერიც იყოს, მაგრამ თუ მართლა ხეიბარს და დავრდომილს ეხმარები – სიკეთეს.“
მათხოვრობა, ეს ის პრობლემაა, რომელზეც დღეს ხმამაღლა არავინ საუბრობს საქართველოში. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი (არ ვგულისხმობთ შრომისუნარიან კატეგორიას) მიატოვეს და მათაც გამოსავალი თავად იპოვეს. ეს გამოსავალი მათხოვრობაა, ანუ პროფესია, რომელიც ხშირად, თავად ირჩევს ადამიანებს.