მთავრობის “ეკონომიკური სასწაულები” დასაქმების მაჩვენებელზე არ მოქმედებს

მთავრობის “ეკონომიკური სასწაულები” დასაქმების მაჩვენებელზე არ მოქმედებს

ხელისუფლება საარჩევნო წელს დასაქმების პრობლემის მოგვარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით კი ამის ნიშნები არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მსხვილი კომპანიის გეგმებს, რაიმე ძირეული ამ მხრივ არ იგეგმება. არადა, 2003 წლის შემდეგ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი არ შეცვლილა. როგორც ჩანს, მთავრობის „ეკონომიკური სასწაულები“ დასაქმების მაჩვენებელზე არ მოქმედებს.

ბიზნეს-ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ახალაძის შეფასებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დღეს უმუშევრობას ებრძვიან, ადამიანებს სამუშაოდან ათავისუფლებენ და თუ ამის ფონზე, საქართველო შეძლებს არსებული დონის შენარჩუნებას, ეს წარმატება იქნება.

„თუმცა ნუ გვექნება იმის ამბიცია და მოლოდინები, რომ  2012 წელს სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზრდება“, – აცხადებს ახალაძე.

ახალაძე იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა კომპანიებს დაგეგმილი ჰქონდეთ სამუშაო ადგილების შემცირება, თუმცა ღია საუბრებში ეს, შესაძლოა, არ აღიარონ და პირიქით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ განაცხადონ, რადგან ეს მათ იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.

მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები კი, პირიქით,  2012 წელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავენ. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ კომენტარებში ამას სპეციალურად ხაზს უსვამენ. განსაკუთრებით აქტიური ამ მხრივ საცალო ვაჭრობისა და ნავთობის ბიზნესია. მცირე კომპანიები კი სამუშაო ადგილების დამატების სურვილს გამოთქვამენ, თუმცა არ არიან დარწმუნებულნი, რომ ამას შეძლებენ.

კომპანია „გუდვილი“ წელს 1500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. ამჟამად იქ 2000 ადამიანი მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორის მიხეილ ჩარკვიანის განცხადებით, მარტო 500 ადამიანს ისინი ახალი ბრენდის „მარშეს“ პროექტში დაასაქმებენ.

დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავენ ნავთობ-კომპანია „გალფში“, სადაც ამ მომენტისთვის 1500 ადამიანი მუშაობს. „გალფის“ მენეჯერის ლაშა თევზაძის განცხადებით, მიმდინარე წელს კომპანია დამატებით 500 სამუშაო ადგილს შექმნის.

2012 წლისთვის პროგნოზის გაკეთება უჭირთ მცირე კომპანიებს. ავეჯის კომპანიის „ლუკაჩოს“ დირექტორის თქმით, დამატებით 150 სამუშაო  ადგილს ის მხოლოდ  იმ შემთხვევაში შექნის, თუ სახელმწიფოს მხრიდან მიზნობრივი ტერიტორიის გამოყოფა მოხდება. ამ დროისთვის კი საწარმოში მხოლოდ 14 ადამიანი მუშაობს.

„კომერსანტ.ჯი“-ს ინფომარმაციით, ანალოგიური სურათია საღებავების მწარმოებელ კომპანია „კაპაროლშიც“, სადაც 34 ადამიანი დასაქმებული. იმ შემთხვევაში თუ კომპანია დამატებით რამდენიმე მაღაზიას გახსნის, სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუმცა მენეჯმენტი გაფართოების შესახებ, ჯერჯერობით, პროგნოზს ვერ აკეთებს. სამუშაო ადგილების შექმნას აპირებს  სათვალეების მაღაზია „რონიკოც“, თუმცა რამდენი ადამიანი დასაქმდება კომპანიაში, მენეჯმენტი არ აკონკრეტებს.

სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში,  მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ ადგილს იკავებს. ამიტომაც „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის“ მოამზადა მემორანდუმი, სადაც ხელისუფლებას უმუშევრობასთან და უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებთან  ბრძოლისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს დროებითი 1-დან 12 თვემდე ვადით სამუშაო კონტრაქტების გაუქმებას და ა.შ.

უმუშევართა კავშირის თავმჯდომარის თამარ სადღობელაშვილის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციას განახორციელებს:

„საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები არ არსებობს, პრაქტიკულად არაფერი კეთდება, რომ ამ პრობლემას ეშველოს. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონით, სტრუქტურულად. საქართველოში უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც დაკავდება უმუშევართა რეგისტრაციით და აღრიცხვით, ასევე უმუშევართა დასაქმებით და შემწეობის გაცემით.

შემწეობის მხრივ საქართველოში ჯერჯერობით არაფერი კეთდება. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი „უმუშევართა დაცვის შესახებ“, ეს ინიციატივა აუცილებლად განიხილება  პარლამენტში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები რამდენიმე პარტიასთან, მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყი მემორანდუმის შექმნა. მოვილაპარაკეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს უმუშევრობის პრობლემა გადაწყდეს და შეიქმნას სისტემა, როგორიც მოქმედებს სხვა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყნებში. თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა სოციალურ პრობლემებში, რომელი ფორმა ავირჩიოთ“, - აცხადებს თამარ სადღობელაშვილი.