ხორვატიის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის პერიპეტიები

ხორვატიის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის პერიპეტიები

ხორვატიამ ახალი წელი ევროკავშირში გაერთიანებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯით დაიწყო. 22 იანვარს  ქვეყანაში ევროკავშირთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. გასული წლის 30 ივნისს მიერთებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რასაც შედეგად 9 დეკემბერს შესვლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოჰყვა. თუმცა, საბოლოო სამართლებრივი შედეგის დადგომა მხოლოდ ხორვატიის კონსტიტუციის 142-ე მუხლით განსაზღვრული, სავალდებულო რეფერენდუმის შემდეგ შეიძლება დამდგარიყო. ამის გათვალისწინებით, 23 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება ევროკავშირთან მიერთებისა და მასთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვის შესახებ. ეს რიგით მეორე რეფერენდუმი გახდა თანამედროვე ხორვატიის სახელმწიფოს ისტორიაში. პირველი, 1991 წლის 19 მაისს, ხორვატიის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით გაიმართა. მაშინ რეფერენდუმში მონაწილეთა 93%-ზე მეტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

ხორვატია-ევროკავშირის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი მომენტი 2004 წლის დასაწისში დადგა, როცა ევროპის კომისიამ რეკომენდაცია მისცა ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების ოფიციალურ კანდიდატად გახდომას. 2005 წლის ოქტომბერში დაიწყო მიერთების მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2001 წლის 30 ივნისს დასრულდა და 9 დეკემბერს ”შესვლის ხელშეკრულებით” გაფორმდა.

ხორვატია ევროკავშირის რიგით 28-ე წევრი ხდება. პროცედურების მიხედვით, დანარჩენმა 27 ქვეყანამ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს, რომელიც სავარაუდოდ 2013 წლის ივნისის თვეში დამთავრდება. ასევე სავარაუდოდ 2013 წლის 1 ივლისი გახდება ხორვატიის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომის თარიღი.

ოფიციალურად რეფერენდუმის კამპანია ამა წლის 3 იანვარს დაიწყო. ევროკავშირში გაერთიანებას ყველა წამყვანი საპარლამენტო პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს. ინტეგრაციონალისტებმა ჯერ კიდევ 2005 წელს შექმნეს ”ალიანსი ევროპისათვის” . სარაეფერენდუმო კამპანია საკმაოდ შთამბეჭდავად ჩატარდა: სატელევიზიო რეკლამები, პოლიტიკოსთა ოფიციალური პოზიციების გახმოვანება, თითოეული  ოჯახისათვის  ფოსტით გაგზავნილი საინფორმაციო ბუკლეტები. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სამი სხვადასხვა სააგენტოს მიერ რეგულარულად ტარდებოდა. ამ გამოკითხვების მიხედვით, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული გაერთიანებას მხარს 55-60% უჭერდა.

სარეფერენდუმო აგიტაციაში ხორვატიის მთავრობა, პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩისა და პრემიერ ზორან მილანოვიჩის მეთურობით, თითქმის სრულად იყო ჩართული. მიერთების მომხრეთა რიგებს ამაგრებდა ყოფილი პრემიერი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი იადრანკა კოსორიც. ამომრჩეველის სრულფასოვნად ინფორმირებისათვის დაიბეჭდა და გამოქვეყნდა მიერთების მოლაპარაკებების დოკუმენტები და მასთან დაკავშირებული მთავრობის ანგარიშები, ხელშეკრულების სრული ვერსია და სხვა აქტუალური ინფორმაცია. ოფიციალური ცნობით ამ სააგიტაციო ღონისძიებებზე 640 ათასი ევრო დაიხარჯა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქვეყნის წამყვანი  პარტიები ჯერ კიდევ 2005 წლიდან აროფიციალურ ალიანსში გაერთიანდნენ და ინტეგრაციის მხარდაჭერასა და აგიტაციას ეწევიან. საპარლამენტო პარტიებიდან (ერთი მანდატი) ანტი-ინტეგრაციონალური პოზიცია მხოლოდ ანტე სტარჩევიჩის ხორვატიის სამართლის პარტიამ დააფიქსირა, რის მიზეზადაც ამ პროცესის გაუმჭვირვალობა და ინფორმაციის სიმწირე დაასახელა. ამასთან დაკავშირებით პარტიამ მთავრობას თავისი სატელევიზიო კამპანიის დაფინანსებაც კი მოსთხოვა. 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ანტი-ინტეგრაციონალთა ნიშა დაიჭირა, თუმცა ამან ვერ გაამართლა და პარტიას ამომრჩეველთა მხოლოდ 3%-მა მისცა ხმა. არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების მცდელობაც, გაერთიანებულიყვნენ ასევე არაფორმალურ ალიანსში და წინ აღგომოდნენ ევროკავშირში შესვლას, უშედეგოდ დამთავრდა. როგორც ჩანს, შიშმა, რომ გაერთიანებით ქვეყანა თავის სუვერენიტეტს დაკარგავდა, ხორვატი მოსახლეობის უმრავლესობის გულებში და გონებაში ადგილი ვერ ჰპოვა.

კამპანიის მიმდინარეობისას არც ხორვატული საზოგადოება დარჩენილა პასიური დამკვირვებლის როლში. ხორვატიის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მიერთება ქვეყანას დიდ შესაძლებლობებს აძლევს. აკადემიის ამ განცხადებას 93–მა აკადემიკოსმა დაუჭირა მხარი, ორის წინააღმდეგ. პროცესებიდან გარიყული არც ქვეყნის სასულიერო იერარქია იყო. ხორვატიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ, რომელიც 21 წევრს აერთიანებს, მოუწოდა მოქალაქეებს მონაწილეობა მიეღოთ რეფერენდუმში და შეახსენა მათ, რომ ხორვატია ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ხორვატიის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვდა რეფერენდუმისათვის მხოლოდ მას შემდეგ დაეჭირათ მხარი, როცა ჰააგის ტრიბუნალის მიერ ორი ბრალდებული გენერალი – მლადენ მარკაჩი და ანტე გოტოვინა გათავისუფლდებოდა. მათთვის განაჩენის გამოტანის პერიოდში,  2011 წლის 15-16 აპრილისათვის, ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი ყველაზე დაბალი იყო.  ბევრი ხორვატის აზრით, ამ ორი სამხედროს დამსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში განუზომლად დიდია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიში ინტეგრაციის მხარდაჭერით თავად გოტოვინაც გამოვიდა.

საბოლოოდ რეფერენდუმმა ამომრჩეველთა არცთუ მაღალი აქტივობა აჩვენა. მასში მონაწილება 1 960 231 ამომრჩეველმა მიიღო რაც  ელექტორატის მხოლოდ 43,51% შეადგენს. აქედან 11 733 ბიულეტენი (0,6%) ბათილად იქნა ცნობილი. 1 299 008 ამომრჩეველმა (66,27%)  მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირში შესვლას, ხოლო 1/3, უფრო ზუსტად კი – 649 490 ამომრჩეველი (33,13%) ინტეგრაციის წინააღმდეგი გამოვიდა.

რეფერენდუმის შედეგებით ფრთაშესხმული მთავრობის ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრები კომენტარებს არ იშურებდნენ. ეკონომიკის მინისტრის, რადიმიდ ჩაჩიჩის აზრით, რეფერენდუმის შემდეგ გაიზრდება ხორვატიის საკრედიტო რეიტინგი, თუმცა მას არ დაეთანხმა ფინანსთა მინისტრი სლავკო ლინიჩი. მისი აზრით სკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩება, რადგან რეფერენდუმის დადებით შედეგებს ისედაც ყველა მოელოდა. მინისტრი კმაყოფილი იყო შედეგებით, მაგრამ არა – ამომრჩეველთა აქტიურობით. საგარეო  და ევროპის საქმეთა მინისტრმა ვესნა პუსიკმა აღნიშნა, რომ შედეგები დადებითი მოვლენა და სტიმულია ევროპისათვის, რომელსაც ამჟამად გარკვეული შიდა პრობლემები აქვს. ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა, პარლამენტის ექს-სპიკერმა ვლადიმერ სეკსმა, გარე ფაქტორებით ახსნა. მისი აზრით ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა სავალო კრიზისმა,  პარტიებისა და სახელწიფო ორგანოების მიმართ ელექტორატის უნდობლობა გამოიწვია. ყოფილი პრეზიდენტის, სტიპე მესიჩის აზრით ხორვატია კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს და ამისათვის ევროკავშირის შესაბამისი ფონდები უნდა გამოიყენოს. მან ასევე კომენტარი გაუკეთა გავრცელებულ აზრს, რომ ევროკავშირში შესვლა ”ახალ იუგოსლავიაში” შესვლის თანაფარდია - ” მხოლოდ იდიოტები ფიქრობენ, რომ იუგოსლავია უნდა განახლდეს”.

მაგრამ გამოჩნდნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც როგორც უკვე ავღნიშნეთ, თავიდანვე ნეგატიურად აფასებდნენ ინტეგრაციულ პროცესს. მათი ვნებათა ღელვა არც რეფერენდუმის გამართვის შემდეგ ჩამცხრალა. „მოძრაობა ხორვატიისთვის - არა ევროკავშირს“ აქტივისტები 22 თებერვალს სასამართლოში გაასჩივრებენ ქვეყნის ევროკავშირში შესვლის საჭიროებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯარენ კელემინეცმაგანუცხადა.

ევროკავშირში შესვლას ხმა რეფერენდუმის მონაწილეთა 66%-მა მისცა ხმა. მიუხედავად ამისა, კელემინეცი ამტკიცებს, რომ პლებესციტი არ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად, ვინაიდან მასში მონაწილეობა დარეგისტრირებული ამომრჩევლების 50%-ზე ნაკლებმა მიიღო.

 „შედეგების გაუქმების მიზეზად ჩვენ მიგვაჩნია ის, რომ კანონი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ არ შეესაბამება ხორვატიის კონსტიტუციას“, - აღნიშნა მან.

კელიმენეცის თქმით, რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 43%-მა მიიღო, ხოლო იმისთვის, რომ იგი შემდგარად ჩაითვალოს, აუცილებელია ეს რაოდენობა 50%-ზე ნაკლები არ იყოს.

გარდა ამისა, მოძრაობის აქტივისტებმა ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც მოითხოვეს, ვინაიდან „შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველმა კოალიციამ ხალხის ნდობა დაკარგა; ხალხისა, რომელიც არ უჭერს მხარს მათ მთავარ მიზანს = ევროკავშირში შესვლას“.

 „მოძრაობა ხორვატიისთვის - არა ევროკავშირს“ პარლამენტში ვერ შესული მემარჯვენე პარტიის და რიგი არასამთავრობო ორგნიზაციების წევრებისგან შედგება. რეფერენდუმის დღეს მათ ზაგრებში რამოდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, რომლებზეც 200-მდე ადამიანი გამოვიდა.

სამართლის პარტიის ლიდერის, დანიელ სრბას მტკიცებით რეფერენდუმი არალეგიტიმურია რადგან 71% ამომრჩეველმა მონაწილეობა არ მიიღო რეფერენდუმში ან მის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი განცხადებით ელექტორატის მხოლოდ 28%-მა დაუჭირა ევროკავშირთან მიერთებას მხარი. ამით სრბას აზრით ხორვატმა მოქალაქეებმა ხორვატიის მთავრობას გამოუცხადეს უნდობლობა. მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკოსის ჟელკო საჩიჩის განცხადებით, მთავრობამ ხორვატი მოქალაქის კონცეფცია დაამსხვრია და შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხორვატიას არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. მისი აზრით, მთავრობამ ხორვატია დაშლად ორგანიზაციაში უკანონო გზით შეიყვანა, ეს კი ხორვატიის დამოუკიდებლობის იდეის მარცხია.

რეფერენდუმის წარმატებულ შედეგებთან დაკავშირებული მილოცვებისა და შეფასებების ნაკლებობა არც ხორვატიის ფარგლებს გარეთ შეიმჩნეოდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ მიესალმნენ ხორვატიის არჩევანს და განაცხადეს რომ ევროკავშირის წევრობა ხორვატიას ახალ შესაძლებლობას მოუტანს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობასა და წინსვლას. გერმანიის კანცლერი, ფრაუ მერკელი მისალმა რეფერენდუმის შედეგებს და განაცხადა, რომ გერმანია სიხარულით ელოდება ხორვატიას ევროკავშირში. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ხორვატიის მოაქალქეებს წარმატებული შედეგები, მისი განაცხადით ხორვატია სხვა ბალკანური სახელმწიფოებისათვის წარმატებულ მოდელსა და ევროპულ ოჯახთან მიერთების მძლავრ იმპულსს წარმოადგენს. ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა თავის ხორვატ კოლეგას ივო იოსიპოვიჩს ”ისტორიული გადაწყვეტილების” მიღება მიულოცა. მის მილოცვას არც სხვა ბალკანური სახელმწიფოების, სლოვენიისა და სერბიის სახელმწიფო მეთაურები ჩამორჩნენ. მათი აზრით აღნიშნული მოვლენა წაადგება არა მარტო ხორვატიის რესპულიკას არამედ მთლიანად ბალკანეთის რეგიონის განვითარებასა და წინსვლას.

მოკლედ წილი ნაყარია. ხორვატიამ  არჩევანი გააკეთა. როგორ წაადგება ეს ხორვატიას და მთლიანად ევროკავშირს, ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩვენის მხრივ კი დავამატებთ, რომ ევრო-სტრუქტურებში ინტეგრაცია არის შესაძლებლობა და არა პანაცეა. შესაძლებლობა თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობისა, რისი შემოქმედიც ნებისმიერ შემთხვევაში თავად ხალხია. წარმატება ვუსრვოთ ხორვატიას, აწ უკვე დიდი ევროპული ოჯახის 28-ე წევრს.