კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებსა და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებს? პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ამდენი კონკრეტული შედეგით თეთრი სახლიდან არასოდეს გამოვსულვარ", "კონკრეტულმა შედეგებმა მოლოდის გადააჭარბა", "აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის". რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას, გარდა იმისა, რომ მან საქართველოს "მსოფლიო სცენაზე პასუხიმგებლობის მქონე მოთამაშე" უწოდა, ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლაზე, იმაზე, რომ აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება და დემოკრატიის ქართული მოდელი რეგიონისთვის მისაბაძია...
- უპირველესად, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანასა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო, მრავალმხრივი და საქმიანი თანამშრომლობაა. რეალობა ის გახლავთ, რომ აშშ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას აღვიქვამ, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, საზოგადოებისა და მთელი ქვეყნის, სახელმწიფოს მხარდაჭერას.
რაც შეეხება პრეზიდენტების საუბრის თემებს, უმაღლესი დონის შეხვედრების საინფორმაციო უზრუნველყოფას თავისი დინამიკა აქვს. ჯერ, როგორც წესი, ხდება ოფიციალური განცხადებების გაანალიზება, არის ოპერატიული მედიაინფორმაცია, შემდგომ ეტაპზე გამოჩნდება ხოლმე მომხდარის ანალიტიკური გააზრება. ჩვენ ახლა პირველ ეტაპზე ვართ. უახლოეს დღეებში ვიხილავთ მრავალ ანალიტიკურ მასალას.
- აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი კონკრეტული გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვიზიტის შედეგების კვალდაკვალ რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ისეთ საკითხებში როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების თანამშრომლობა და გაღრმავება და რამდენად სავარაუდოა, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების უახლოეს ვადებში ხელმოწერა?
- ბუნებრივია, საქართველოსთვის აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს სერიოზულ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას. ძნელია იმის თქმა, თუ როდის შეიძლება ეს რეჟიმი რეალურად ამოქმედდეს. მაგრამ თუ ეს საშუალო პერსპექტივაში მოხდება, ძალიან სერიოზული მიღწევა იქნება. ის დაპირებაც, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციები გაიზრდება, ძალიან კარგია და მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ამერიკული ბაზარი საქართველოს ეკონომიკას ზრდის ძალიან სერიოზულ პერსპექტივებსა და ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მისცემს.
რაც შეეხება უსაფრთხოების თემას, შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აშშ და საქართველო ამ სფეროში ახალ ეტაპზე გადავდივართ. თუ აქამდე სამხედრო თვალსაზრისით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ორიენტირებული იყო ქართული ჯარის მომზადებაზე საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობისთვის, ახლა, როგორც ჩანს, თანამშრომლობის სხვა ფორმებზეც არის საუბარი. თუ რა ახალი ეტაპია ეს, უფრო მოგვიანებით გავიგებთ.
- მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე განაცხადა – "მივიღეთ თქვენგან ის, რაც გვსურდა". თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ის მთავარი, რაც საქართველომ აშშ-საგან მიიღო? ანუ, რა შეიძლება მივიჩნიოთ ვიზიტის მთავარ შედეგად?
- ალბათ, ჩვენი პრეზიდენტისათვის მთავარი იყო აშშ-ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის მიღება. როგორც ჩანს, ეს მხარდაჭერა ხაზგასმულად გამოვლინდა იმ მთავარი თემების განხილვისას, რაზეც პრეზიდენტებმა ისაუბრეს. ითქვა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, რომ მხარს დაგვიჭერს არსებული კონფლიქტების მოგვარებაში, ნატო-სთან დაახლოებაში, უსაფრთხოების საკითხებში, ეკონომიკურ წინსვლაში. ეს მართლაც დიდი და სერიოზული თემებია
- სავარაუდოდ, როგორ შეაფასებს ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობა და კრემლი? და კიდევ, რამდენად გამართლდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ვარაუდი, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტამდე ობამა-სააკაშვილის შეხვედრა გარკვეულწილად მოსკოვის გაფრთხილებაც უნდა ყოფილიყო?
- ობამა-სააკაშვილის შეხვედრა კრემლს დიდ სიამოვნებას არ მოგვრის. კრემლი საქართველოს აშშ-სთან თანამშრომლობას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და უყურებს. ალბათ, რუსეთისთვის ამ შეხვედრის შედეგების მთავარი სამიზნე იქნება აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და ის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ვაშინგტონსა და თბილისს შორის სამხედრო სფეროში ახალ ეტაპზე გადასვლა, კერძოდ, აპირებს თუ არა აშშ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას. რაც შეეხება ვაჭრობის თავისუფალ რეჟიმს, არა მგონია, რომ ამ თემაზე მოსკოვი განსაკუთრებით ღელავდეს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა ობამამ ამას წინათ გააკეთა განცხადება, რომ მხარს ეჭერს ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში იყო მიღებული და აშშ-ს მხრიდან ვაჭრობის სფეროში მოსკოვისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებდა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით რუსეთიც მიიღებს რაღაცას აშშ-გან.
ალბათ, კრემლში ყურადღებით დააკვირდებიან, იყო თუ არა ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე საუბარი ირანზე. ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ მომენტისათვის გვაქვს, არ მიუთითებს იმაზე, რომ ირანის თემა შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო.
- პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე ობამამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, უმცირესობების პატივისცემის გარემოს შექმნაზე, ხოლო საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა - "მოუთმენლად ველით ხელისუფლების ფორმალურ გადაცემას." თქვენი შეფასებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ოფიციალური ვაშინგტონისთვის ტერმინი - "ხელისუფლების ფორმალური გადაცემა"?
- ასეთი ფორმულირება ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან და აშშ-ს მაღალი ეშელონების წარმომადგენლებისგან პირველად არ გვესმის. ასეთი განცხადებები ადრეც გაკეთებულა, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ამის დადასტურება უაღრესად მნიშვნელოვანია. სიტყვა "ფორმალური" ინგლისურიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც "ოფიციალური", მაგრამ ამ შემთხვევაში ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ეს ფრაზა, ჩემი აზრით, ასე უნდა გავიგოთ: საქართველომ არ უნდა გაიმეოროს კრემლის შეცდომა. მხედველობაში მაქვს რუსეთის მმართველი გუნდის მიერ ხელისუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნების მცდელობები. აშშ-ს მზარდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იმასაც ნიშნავს, რომ საქართველომაც მეტი უნდა გააკეთოს, რათა აშშ და ცივილიზებული სამყარო დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველო რეალურად ადგას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზას. დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება ხომ დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
ვაშინგტონში დიდი მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და რომ ჩვენ დიდ შეცდომებს არ დავუშვებთ. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის შეცდომას არ გაიმეორებს.
- ვიზიტამდე ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების რეკომენდაციას მისცემდა. რადგან ამის მსგავსი არაფერი მოგვისმენია და წაგვიკითხავს, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ოპოზიციური სპექტრის მტკიცება, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ობამას საქართველოს თემაზე საუბარი "რესპუბლიკელების" საპირწონოდ სჭირდებოდა, ხოლო ქართულმა მხარემ ვითარება შიდაპოლიტიკისთვის გამოიყენა. საერთოდ, თეთრ სახლში გამართული შეხვედრა ორივე მხარისთვის პიარკამპანიის ნაწილი იყო?
- პრინციპში, წინასაარჩევნო პერიოდში (და ასეთი პერიოდია აშშ-შიც), ნებისმიერი შეხვედრას თუ პოლიტიკური ნაბიჯს პოლიტიკოსები შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვისაც იყენებენ ხოლმე. ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში ვაშინგტონისთვის საქართველოს თემის შიდა პოლიტიკურ კონტექსტში გამოყენება რაიმე პრიორიტეტი ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ამჯერად ვაშინგტონი ჩვენს შიდა პოლიტიკაზე უფრო ზრუნავს,
709
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85