ერთიანი „კომუნალური შეტევა“ რეგიონებშიც იწყება

ერთიანი „კომუნალური შეტევა“ რეგიონებშიც იწყება

თბილისის შემდეგ კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემა ბათუმშიც ამოქმედდება. ეს მოსალოდნელიც იყო, შემდეგი კი, ალბათ, ქუთაისი იქნება. დედაქალაქში ამ ექსპერიმენტს მართალია, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მთავრობამ მაინც თავისი გაიტანა. ასე რომ, ახლა რეგიონების ჯერი დადგა. დიდი ქალაქების შემდეგ, დასუფთავების ვალდებულებას უკვე რაიონულ ცენტრების მცხოვრებლებსაც აკიდებენ.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობა ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელს, ერთდროულად გადაიხდის. ბათუმის მერიაში ამბობენ, ქვითრების ერთიანი ადმინისტრირება იმისთვის არის საჭირო, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ერთიან სისტემაში მოექცეს.

თუმცა ბათუმის მერიაში commersant.ge-ს განუმარტეს, რომ მერიამ მხოლოდ საგადასახადო სისტემა მოაწესრიგა, რომლის მიხედვითაც ბათუმელები შუქის, წყლის და ნაგვის გადასახადს ერთი ქვითრით გადაიხდაინ, და ამ პროექტს თბილისში განხორციელებულ რეფორმასთან საერთო არაფერი აქვს.

„ბათუმელები ნაგვის გაზრდილ გადასახადს არ გადაიხდიან და არც დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებათ სანქციები“, - ხაზგასმით განაცხადეს მერიაში.

კითხვაზე-დარჩება თუ არა მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე, თუკი ის ვერ შეძლებს მაგალითად წყლის ან სანდასუფთავების გადასახადის ერთად გადახდას, ტიტე აროშიძე ამბობს: „ეს უკვე იქნება მარეგულირებელი კომისიის საკითხი და მან უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ მოხდება ურჩი გადამხდელებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესება”.

ბათუმში კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.

„კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების წესი მხოლოდ თბილისში მოქმედებს. არც ბათუმში და არც ერთ ქალაქში ასეთი წესი არ დანერგილა. ჩვენთვის ბათუმის მერიას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების შესახებ ჯერჯერობით არ მოუმართავს.

თბილისის გარდა თუ დაფიქსირდა შემთხვევა, როცა დასუფთავების გადასახადის გამო რომელიმე მოქალაქეს შეუწყვეტენ წყლის ან ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ შემთხვევაში იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ასეთ ქმედებას განახორციელებს, შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები გატარდება. კომისიის გარეშე ასეთი წესის ამოქმედების და შემოღების უფლება არავის არ აქვს“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა პრესასთან საუბარში.

საქართველოს კანონში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” ცვლილებები, სადაც კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ამოღებაზეა საუბარი, 2010 წლის ოქტომბერში შევიდა. ამავე კანონის მიხედვით დენის, გაზის, წაყლმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადის ამოღება კოორდინირებულად მოხდება. ამავე კანონის მიხედვით, ადმინისტრირების სამსახურის შექმნაც სემეკს დაევალა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გადასახადების ადმინისტრირებას თბილისში „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ მოახდენდნენ. ბათუმში ახალი სისტემა ახლა ინერგება. ასე რომ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.