დიტო გელოვანი: გეომეტრიული რეგრესია

დიტო გელოვანი: გეომეტრიული რეგრესია

– აბა, ტომი, ამოხსენი აი ეს ამოცანა: ლიზას შვიდი ვაშლი ჰქონდა, აქსელს – ცხრა. რამდენი ვაშლი ჰქონდა ორივეს ერთად?

– მიდი, დათვალე, ტომი, – ჩაერია უცებ პეპი, – და ისიც თქვი, რატომ ტკიოდა აქსელს ლიზაზე მეტად მუცელი, ან ვის ბაღში დაკრიფეს ვაშლები.

ფრეკენმა ისევ მოუყრუა პეპის და ანიკას მიუბრუნდა.

– აბა, ანიკა, ახლა შენ იანგარიშე: გუსტავი ამხანაგებთან ერთად ექსკურსიაზე წავიდა. შინიდან ერთი კრონი გაატანეს. რომ დაბრუნდა, შვიდი ერეღა ჰქონდა. რამდენი დახარჯა?

– ერთი გამაგებინეთ, – წამოხტა პეპი, – რატომ ფლანგავდა ეს ბიჭი ამდენ ფულს? ან, რა იყიდა, ლიმონათი თუ სხვა სასუსნავი? ანდა, ექსკურსიაზე წასვლის წინ ყურები თუ გამოიწმინდა?

(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“)

 

ყურები თუ გამოიწმინდა... გამოიწმინდა ყურები? რადგან ვთანხმდებით, რომ მთავარი გაგებაა, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ კარგად გამოწმენდილ ყურებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა გული და გონებაც მნიშვნელოვანია, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა...

 

ცხვირი რამდენჯერმე მოიწმინდა, მერე კიდევ მოიწმინდა, სტიუარდესას რომ გაუღიმა (შენთვის ახალი სამინისტრო უნდა შევქმნაო), კიდევ მოიწმინდა ცხვირი და ახლაც, ამ წამში, კიდევ ცხვირს იწმენდს, რადგან არც ცხვირია მეორეხარისხოვანი რამ.

ეგეთები ყნოსვით გრძნობენ საფრთხეს, თან – კილომეტრიდან.

ცხვირცმაცუნა კურდღელი ხომ გინახავთ?

 

მთელი გასული კვირის განმავლობაში ერთი და იგივე ძველ კადრებს ატრიალებდნენ „რუსთავი–2“ (დეზინფორმატ–2) და „იმედი“ (რომელიც ყველას ხოცავს და ბოლოს თვითონაც კვდება) – ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ხვდებიან და ხელს ართმევენ, შემდეგ ჟურნალისტებთან გადიან და ისევ ართმევენ ერთმანეთს ხელს, სააკაშვილი იღიმება და ამ ღიმილისთვის ორი მიზეზი აქვს: 1. ობამამ მას ხელი ჩამოართვა; 2. რუსეთმა საქართველოს ჩამოართვა ტერიტორიები.

 

იმავე კადრებში, ბოლოს, ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ართმევენ ხელს და აღნიშნული ტელევიზიები სიამოვნებით გვიფიქსირებენ, რომ სააკაშვილი არის ტომ კრუზზე მაღალი, ბრედ პიტზე უხვი, ტომ ჰენკსზე მდაბალი და ბევრად ლაშქარმრავალი, ვიდრე სილვესტერ სტალონე „რემბოში“, არნოლდ შვარცენეგერი „კომანდოში“ და ჩაკ ნორისი „მარტოხელა მგელში“ (აძინოკი ვოლკ).

 

მოდით, დავივიწყოთ გორული კურდღლობა, ერთი წუთით დავხუჭოთ თვალები და აი... პრეზიდენტი ხელს კრავს რუსის ჯარისკაცს და ხიხინებს: „ახლავე დაახვიეთ, ახხხვრებო! ნახუი!!!“

 

გაგახსენდათ? ეჰ, რა ამაყები ვიყავით მაშინ... ისიც ხომ გაგახსენდათ – „თვით მეომარი უებრო...“ და ენას რომ გადმოაგდებს ხოლმე ალბათ მაშინვე ეს სიტყვები გვიტრიალებს თავში – „კვლა მოუბარი წყლიანი“.

 

მოკლედ, მიმიქარავს როსტევანი – მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი!!! მაგრამ... ერთი „მაგრამ“ ყოველთვის წამოყოფს ხოლმე თავს. მაგრამ რა ვუყოთ იმას – „მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი“. ამან ხომ – ნულოვანი ტოლერანტობაო, მოხუცებს ჩავრეცხავო, ჩემს ტოლებს დავხოცავო, ახალგაზრდებს ქვეყნიდან გავყრი და ბავშვებს სიცოცხლეს შევაძულებო.

 

არა, მართლა, გამოიწმინდა ბოლო–ბოლო ყურები? ჯამლეტ ხუხაშვილისა არ იყოს, ამას ძალზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს რამეთუ...

 

20:19 25-01-2012. ინტერპრესნიუსი – „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამას პირადი მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში 30 იანვარს გაიმართება. მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამიტის Basecamp მუშაობაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საგანგებოდ მიიწვიეს. კონფერენციას, რომელიც კალიფორნიაში 27-30 იანვარს გაიმართება, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნესლიდერები დაესწრებიან. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვითაც მიმართავს. გამოსვლის თემაა „ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება: საქართველოში „ვარდების რევოლუციისგან“ ნასწავლი გაკვეთილები“.

 

ანუ, დღეს 30 იანვარია და შეხვედრაა ოვალურ კაბინეტში. კაბინეტი – ოვალური, აზრები – წვეტიანი, სიტყვები – ბრტყელ–ბრტყელი და, იმედი მაქვს, ოვალური კაბინეტის მფლობელი წვეტიანი აზრებისა და ბრტყელ–ბრტყელი სიტყვების მბრძანებელს პოლიტიკაში ყოფნის ვადას ოთხას დღემდე დაუმრგვალებს. იმედი მაქვს კი არა და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მიშა დაუჩოქებს – შემიწყალეო, ხოლო ობამა ყურადღებით შეხედავს და ეტყვის: „მადლიერების დღეს მოდი და ნოუ მარკეტ – ბაზარი არ არის“.

 

მკითხველს ემახსოვრება, რომ ამერიკის პრეზიდენტები მადლიერების დღეს ინდაურებს იწყალებენ ხოლმე, მაგრამ მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ ჩიხირთმა ინდაურისგან მზადდება. ჩვენი ინდაური ჩვენს ქვაბში!!! თანაც, გასულ კვირაში ინდაურს ცარიელი ქვაბების აქცია მოუწყეს.

 

არის ასეთი ორგანიზაცია – „უმუშევართა კავშირი“ და  „ცარიელი ქვაბების“ აქცია სწორედ მან გამართა. აქციის მონაწილეებს აქციაზე ცარიელი ქვაბები ჰქონდათ და აცხადებდნენ, რომ „ქვეყანაში არის უმუშევრობის მაღალი დონე და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარზეა“. აქცია პარლამენტთან გაიმართა, ქვაბების რახარუხმა ძალიან შეაწუხა დავით ბაქრაძე, რომელმაც ფანჯრიდან თავი გადმოყო და აქციონერებს უთხრა – ქლიბი არ ვიყო, მე ვიცი, როგორც გაგხეხავდით, მაგრამ მადლობა თქვით, ქლიბი რომ ვარო.

 

ეგეთი სიბრიყვე გაგიგიათ – პარლამენტის თავმჯდომარედ ქლიბი გეჯდეს და ამისთვის ღმერთს მადლობას წირავდე! აი, არანაკლები სიბრიყვე: „როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე შალამბერიძემ განმარტა, თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და არ მოხდება დოკუმენტის განხილვა, არ დაიჯერებენ ხელისუფლების განცხადებებს უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით“.

 

მაიცა, ალექს, და თუ დოკუმენტის განხილვა მოხდება, დაიჯერებთ ხელისუფლების განცხადებებს უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით?!

 

მე თუ მკითხავ, ამ ორგანიზაციას უმუშევართა კავშირი კი არა, უსაქმურთა კავშირი უნდა ერქვას და მინდა გითხრათ, რომ ასეთი კავშირი ბევრია და დროა გაერთიანებაზე იფიქრონ. ხომ არის გაერთიანებული პროფკავშირები? ჰოდა, გააკეთონ „გაერთიანებული უსაქმურები“, რომელშიც შევლენ:

 

1. ლეიბორისტები, რომლებმაც: ა) კანცელარიაში საჩივარი შეიტანეს – ფიქსირებულ და მობილურ ტელეფონებზე ოპერატიული სამსახურების გამოძახებისთვის გადასახადის დაწესების გამო ხელისუფლებას უჩივიან (მომხსენებელი პ. ჯიბლაძე). ბ) გაზის კომპანიები უკანონო მანიპულაციებში დაადანაშაულეს (მომხს. კ. ძაგანია). გ) პურზე ფიქსირებული ფასების დაწესება მოითხოვეს (მომხს. ს. შატბერაშვილი).

 

2. იტალიური გამოცემასთაილი“, რომელმაც ვერონიკა ქობალიას „მსოფლიოში უმშვენიერესი ეკონომიკის მინისტრი“ უწოდა, მაგრამ აღარ დააზუსტა, საქართველოს ეკონომიკაა მსოფლიოში უმშვენიერესი თუ, საქართველოს ეკონომიკა აფერუმ მდგრადია, ხოლო ეკონომიკის მინისტრი – ეგზომ მშვენიერი. 

 

3. გია თორთლაძე, რომელმაც ლოზუნგით „საქართველო ოკუპაციის გარეშე“ ამერიკის ორი მწვერვალი –  აკონკაგუა და ბონეტე – დალაშქრა და ორივეჯერ მარტო იყო. მარტომ ზიდა საქართველოს დროშა (კაბინეტში, მაგიდაზე რომ დგამენ) და ერთი ცალი თაბახის ფურცელი, რომელზეც ეწერა „საქართველო ოკუპაციის გარეშე“. თორთლაძის განცხადებით, სანამ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული რჩება, ის მსგავს ლაშქრობებს, რუსული ოკუპაციის მსოფლიოსთვის შეხსენების მიზნით, კვლავ განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ზაზა გოროზია და ეკა ხერხეულიძე ლიტვაში შარშან ჩატარებულ ევრობასკეტს სწორედ ამ ლოზუნგით ესწრებოდნენ.

 

4. კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელმაც facebook-ის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ „ელიტ ელექტრონიქსმა“ მის კუთვნილ facebook“-ის გვერდზე გამოაცხადა კონკურსი „ელიტ ვიდეო“. კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მისთვის სასურველი საყოფაცხოვრებო ან ციფრული ტექნიკა დაემსხვრია, მსხვრევის ამსახველი ვიდეო რგოლი გადაეღო და „ელიტ ელექტრონიქსის“ facebook-ის გვერდზე აეტვირთა. სულ დაჯილდოვდა 7 კონკურსანტი. facebook-ის გვერდზე ატვირთვა დაავიწყდა და გამარჯვებულთა შორის არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსებს საშუალება მისცა „ელიტ ელექტრონიქსის“ თამარაშენის სავაჭრო ცენტრიდან რუსეთში გაეგზავნათ სასურველი ტექნიკა, ხოლო არასასურველი – დაემსხვრიათ.

 

5. მოქალაქეთა 33–კაციანი ჯგუფი, სანდრო ბრეგაძის ამირსპასალარობით, რომელმაც  „ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი“ დააფუძნა და აღნიშნეს, „მატერიალურ უზრუნველყოფას 1992 წლის სამხედრო გადატრიალების დროს ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები ახდენენო“. ეეე... რატომ მარტო ეგენი? მერეც ხომ წავიდნენ სხვები? ბესო ჯუღელი, ლაშა პაპაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი... „თუ ოპოზიციას გამარჯვება უნდა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთიანი ფრონტი და ჰყავდეს ერთი ლიდერი, სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ და, რა თქმა უნდა, ლიდერად ან საკუთარი თავი წარმოუდგენია, ან – ელიზბარ ჯაველიძე და ანაც – ანზორ აბრალავა. პაჰ–პაჰ–პაჰ, რას გაიხარებს მანანა არჩვაძე–გამსახურდია! მიდით, ახლა, და ოცდაცამეტივემ ერთხმად დამაბრალეთ (ამას, ალბათ, ანზორ აბრალავა გააკეთებს), რომ ვარ „ყაჩაღი“,“ბანდიტი“,“კრემლის აგენტი“ და ა.შ. დაჭამეთ ერთმანეთი (პირველი, ალბათ, შალვა ხაჭაპურიძე შეიჭმევა), ოღონდ, ახლავე გადაწყვიტეთ, რომელი თქვენგანი გამოვა „კურიერში“ და „ქრონიკაში“ და რომელი მოინანიებს სააკაშვილისა და მისი ნაც–ბოზ–ბანდის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას.

 

6. საქართველოს მთავრობა და ნიკა გილაური, რადგან ამ არცთუ მთლად უკანასკნელის ქუთაისური განცხადებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის სხდომები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. ნიუსს მოვიშველიებ: „სხდომაზე მთავრობის წევრებმა რეგიონალური პროექტები განიხილეს. ნიკა გილაურის განცხადებით, იმერეთის რამდენიმე რაიონში უახლოეს პერიოდში გადამზადების ცენტრები გაიხსნება, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეებს ინგლისური ენისა და კომპიუტერის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. გილაურის თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც ცენტრებში გადამზადდებიან, ცენტრი იმ კომპანიებთან დააკავშირებს, რომელთაც კვალიფიცირებული კადრები სჭირდებათ“.

 

შესანიშნავი შვიდეული, ანუ – ამ ექვსეულს პლუს ალექსა შალამბერიძის „უმუშევართა კავშირი“, იქნება „გაერთიანებული უსაქმურების“ ძირითადი ბირთვი. თუ შეამჩნიეთ, ლეიბორისტებით დავიწყე და ფარცხანაყანების ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის ცენტრით დავასრულე. თუ ხვდებით, რატომ? თუ ხვდებით, რატომ არ იყო ამ სიაში შალვა ნათელაშვილი? რატომ და, სანამ ლენინი პოლონეთშია, მედეა თუშმალიშვილი საფრანგეთში და მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში, შალიკომ დრო იხელთა და მალტაში გაძვრა. მართალია, ჩემი ძმადნაფიცი სააგენტო იუწყებოდა, „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს“–ო და „როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლეიბორისტების პრესსამსახურიდან აცნობეს, შალვა ნათელაშვილმა ვენაში შეხვედრა გამართა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, მაიკლ პოსტლთან“–ო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნათელაშვილი მალტაში იმყოფება. რატომ მგონია, ამას შემდეგი ნიუსიდან მიხვდებით. აი, ისიც:

 

„ანსამბლ "ხორუმის“ 70 წევრი ინგლისური ენის კურსს მალტის უნივერსიტეტში გადის. ანსამბლის წევრები ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები ინგლისურ ენას სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით, ერთი თვის განმავლობაში დაჩქარებული მეთოდით სწავლობენ“.

 

ჰოდა, ზის უკვდავი შალვა ნათელაშვილი ქალაქ ლიმასოლის ერთ–ერთი საჯარო სკოლის ლინგაფონის კაბინეტში და დილიდან საღამომდე დაუსრულებლად იმეორებს სიტყვებს, რომელიც უკვდავმა შექსპირმა უკვდავ ჰამლეტს ათქმევინა – „თუ ბი, თუ ბი“, რაც ქართულად ნიშნავს „კაცს კბილი იმისთვის აქვს, ენას რომ დააჭიროს“, ანუ, სხვანაირად – „დააყე რა, ძმურად“.

 

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ევროპაში საქმიან შეხვედრებს უახლოეს დღეებშიც განაგრძობს“ – როგორც კი ლეიბორისტების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული მომავლისიმედშთამბერავი ეს სიტყვები წავიკითხე, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ შალვა ნათელაშვილს გაერთიანებული უსაქმურების სიაში არ შევიყვანდი. მთავარია, არ იზარმაცოს და საქმიანი შეხვედრები განაგრძოს. თუ, რასაკვირველია, მართლა ავსტრიაში იმყოფება.

 

„დააყე რა, შეჩემა“ – იმას ვეუბნები, მარკეტი რომ არის და ბაზარი რომ არ არის, ანუ – ნოუ მარკეტ. გასულ კვირაში თომას მარკეტი იყო ჩამოსული. სხვისი არ ვიცი და, ჩემზე ცოტა მოდებილო ტიპის შთაბეჭდილება დატოვა. პარტიების დაფინანსების წესზე შეეკითხენ და, რა ამბავია ამდენი ბოროტი შეზღუდვებიო – განაცხადა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიდედრის სიამაყემ და ორიდან ერთმა კუბლაშვილმა (დვა ბრატა – აკრაბატა, აძინ ხამ, დრუგოი ლაპატა) თქვეს, ეგრე არ უთქვამსო, მარკეტმა თქვა, მართლა არ მითქვამსო და განმარტა: „მჯერა, რომ ჩემი კომენტარი იყო უფრო ზოგადი - კანონში შევიდა დამატებით ცვლილებები ვენეციაში ჩვენი დისკუსიის შემდეგ და ეს ცვლილებები ეხება ფინანსურ ასპექტებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, მაგრამ ვენეციის კომისიას ოფიციალურად ეს ცვლილებები არ შეუსწავლია და, შესაბამისად, მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც არ შეგვისწავლია... პარლამენტი არის სუვერენული საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტი იმისათვის არაა, რომ მხოლოდ იმპლემენტაცია გაუკეთოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასე რომ, ჩვენ ამასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“.

 

ბაზარი არ არისო – თომას მარკეტმა, და სადაც ბაზარი არ არის, იქ პრობლემაც არ არისო, მაგრამ...

– მაგრამ აქ ხომ ბაზარია, ტომ!

პასუხი არ არის.

– ტომ!

პასუხი არ არის, პრობლემა არის – ბაზარი არ არის.

 

მაშ, ფანტომასის პალიკო და სიდედრის აკო რომ ამბობენ, ბაზარი არ არის, მარკეტთან ყველაფერი შეთანხმებულიაო და მარკეტი რომ იძახის, არაფერი შეგვისწავლია, მაგრამ პრობლემა არ არისო, ნოუ მარკეტო, ეს ყველაფერი ნორმალურია?

 

„ჩვენმა მტერმა დაიკავა ჩვენი ტერიტორიის ძვირფასი ნაწილი დროებით, მაგრამ მთავარ რაღაცას ვერ აკეთებს. აქ კი აქვს ტანკის ლულა შემოყოფილი, მაგრამ იმას ვერ ახერხებს რომ მის მოედანზე არ გაჰკიოდნენ, ისეთი ცხოვრება გვინდა, როგორც საქართველოში“ –თქვა სააკაშვილმა გასულ კვირაში. ნორმალურია? რა ვიცი... ნორმები და სტანდარტები ყველგან სხვადასხვაა და, როგორც ჩანს, ნორმაა, რომ პრეზიდენტებად არანორმალურებს ვირჩევთ.

 

„მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 24 იანვრის #57 ბრძანებულების თანახმად, სოფელ შუა განახლებას ამიერიდან შუა ამაღლება ეწოდება“... რავარია? ხომ არის გოჭივით? გამარკვიეთ... ბოლო–ბოლო, შუა უნდა განახლდეს, უნდა ამაღლდეს თუ უნდა გაიკრიფოს? 

 

სათაური – გრიგოლ ვაშაძე: „ჩვენ შევძელით საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება“

სათაური – გიორგი ბარამიძე: „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებს საქართველოს რეფორმების გამოცდილებას უზიარებს“

სათაური – აკაკი მინაშვილი: „კეთილმა ადამიანებმა უნდა დავიწყოთ მოქმედება, რომ ეშმაკმა არ გაიმარჯვოს“

სათაური – გია თორთლაძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკის შექმნას არ გამორიცხავს.

სათაური – ეკონომიკის სამინისტროს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

სათაური – ნიკა ლალიაშვილი: „სასამართლოში და მედიაში არსებული მეტასტაზები თავს არჩევნებისთვის მოიყრის“.

 

სულ სათაურებია, სულ უთაურობებია... სად მოიყარეს თავი? რავი, რავი... მაგრამ ამ ლალიაშვილს რაღა აქვს სალაპარაკო?! მესმის, 12 მილიონი ვიყოთ და სკლეროზი გვაწუხებდეს, მაგრამ სულ ოთხი მილიონი ვართ და ყველაფერი კარგად გვახსოვს.

 

„თბილისის თოჯინების მუზეუმის დროებით საექსპოზიციო დარბაზში დღეს, გაიხსნება გამოფენა „ხელოვნების უანგარო მსახურები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 7 ხანდაზმული მოყვარული მხატვრის ნამუშევრები. ზოგიერთი მათგანის ნამუშევარი პირველად გამოიფინება“ – იტყობინებოდა „ინტერპრესნიუსი“.

გენაცვალეთ, გაიხარეთ...

 

„კულტურის სამინისტრო საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალ „მუსიკა“-ს სარედაქციო ჯგუფს დააჯილდოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, 2010–2011 წლებში ჟურნალ „მუსიკა“-ს განახლებული სახით გამოცემისთვის, მუსიკალური ცხოვრების მხატვრულ-შემოქმედებითი პროცესების სრულყოფილად ასახვისა და პოპულარიზაციისთვის, კულტურის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი ხვალ, ჟურნალის რედაქტორ მიხეილ ოძელს, თანარედაქტორებს, მზია ჯაფარიძესა და თამარ წულუკიძეს, მხატვარ-დიზაინერ ვახტანგ რურუას და დიზაინერებს, გიორგი ჭეფხოძესა და ივანე კიკნაძეს სიგელებს გადასცემს“ – იტყობინებოდა „ინტერპრესნიუსი“.

 

ვერ ვიტყვი, ვახტანგ რურუას ნახატებზე ვარ გაზრდილი–მეთქი, მაგრამ ბევრი მახსოვს და ძალიანაც ვაფასებ, მაგრამ ეს უკვე... ჯერ, შენი შვილი მინისტრი როა, იქ არ უნდა გამოჩნდე და მით უმეტეს, როდესაც საუბარია ტილიანი კომპოზიტორების ტილიანი კავშირის ტილიან ჟურნალზე. სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო, კომპოზიტორთა სახლის გარშემო მიმდინარე არამუსიკალური ბინძური სკანდალები რომ მახსენდება!

 

ეს ჟურნალი არ გადამიშლია და არც გადავშლი, იქ ალბათ კომპოზიტორთა სახლში არსებულ ევროსერვისზე მოგვითხრობენ და გვარწმუნებენ, რომ სერვისი კია ევროპული, მაგრამ ისეთი იაფია, ისეთი იაფი, როგორც... როგორც გაიაფებული ტურფა.

 

ჰო, მართლა, ჟურნალში პოსტერიც იქნება – ნინა წკრიალაშვილი და კობა ხაბაზი. ხელოვანი და მეცენატი. კულტურა და პარტია. დედის სექსი და მამის ფაღარათი!

 

მ.პ. (მიშას პონტია) – იცი რა, ფრეკენ, როცა დედა ანგელოზი გყავს, მამა – ზანგების მეფე, თვითონ კი მთელი ცხოვრება ზღვაზე გაგიტარებია, რა თქმა უნდა, არ გეცოდინება, როგორ უნდა მოიქცე სკოლაში სადაც სულ ვაშლებსა და გველებზე ლაპარაკობენ

(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“)