გადაწყდა: მცირე მეწარმეეებს აპარატებს 1 თვით “შეტენიან”

გადაწყდა: მცირე მეწარმეეებს აპარატებს 1 თვით “შეტენიან”


შემოსავლების სამსახურმა თავისი პირით გაამჟღავნა მზაკვრული გეგმა - სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან მცირე მეწარმეებს მხოლოდ მარტიდან გაათავისუფლებენ. მანამდე კი ერთი თვით “ჯიპიარესიან” აპარატებს შეასაღებენ და საარჩევნოდ300-300 ლარს ააფცქვნიან.

ახალი სისტემის საკონტროლო სალარო აპარატების შეძენის ვადა უკვე იწურება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკვე დარეგისტრირებულია 90 000-მდე სალარო აპარატი. იმ მეწარმეთა რაოდენობა, რომლებსაც ახალი სალარო აპარატი არ აუღიათ, ძალიან მცირეა, ამიტომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირების ვადა აღარ გადაიწევს.

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სერვის ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.თუმცა, ამ დღეებში მხოლოდ სალარო აპარატების გაცემა იქნება შესაძლებელი. იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩააბარებენ განაცხადს და გადახდის ქვითარს აიღებენ პირველ თებერვლამდე, ახალი სალარო აპარატის აღებამდე, შეუძლიათ ისარგებლონ ძველი მოდელის აპარატით. სხვა შემთხვევაში, პირველი თებერვლიდან ძველი სალარო აპარატის გამოყენება იკრძალება.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, გადამხდელთა ერთი ნაწილი საერთოდ თავისუფლდება სალარო აპარატის ქონის ვალდებულებისაგან. საქმე ეხება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს. მიკრობიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 18599 გადამხდელს.

მეწარმეთა ნაწილს კი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, “ჯიპიარესიანი” აპარატები უსასყიდლოდ გადაეცემა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 10 758 მეწარმეს თანხის გადახდის გარეშე უკვე გადაეცა ახალი აპარატი.

მოკლედ, ფინანსთა სამინიტრომ ყველა საკითხზე დეტალურად უპასუხა გარდა ერთისა - რა ეშველება იმ მეწარმეებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ სიტყვიერად გაათავისუფლა სალარო აპარატის ქონის ვალდებულებისაგან, მაგრამ შესაბამის დადგენილებას დღის სინათლე არაფრით აღირსა? მრავალგზის თავის არიდების შემდეგ ებანოიძის უწყებაში ბოლოს და ბოლოს ამოთქვეს ის, რასაც სპეციალისტები დიდი ხანია ეჭვობდნენ -შემოსავლების სამსახური ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ მცირე მეწარმეთა კატეგორიას სავარუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის განსაზღვრავს; ანუ ეს ნიშნავს, რომ “გათავისუფლებულმა”მეწარმეებმა სალარო აპარატი მხოლოდ ერთი თვით უნდა შეიძინონ და 300 ლარიც გადაიხადონ. ამის შემდეგ მათ გაათავისუფლებენ გადასახადისაგან და მთავარი პრინციპი - ბოლომდე “შევტენოთ” მეწარმეებს 50 ლარის თვითღირებულების მქონე 300-ლარიანი აპარატები - დაცული იქნება.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ უკვე კონკრეტული ტიპის მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის მოცულობა დადგინდება.

ფიქსირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილების დაგვიანება მეწარმეებში კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს,რომ ფინანსთა სამინისტრო მათზე ახალ სალარო აპარატებს ასაღებს.სამინისტროში აცხადებენ, რომ მეწარმე, რომელიც ფიქსირებული დაბეგვრის რეჟიმს აირჩევს, შემოსავლების სამსახური მას ახალი სალარო აპარატის რეალიზებაში დაეხმარება.

სწორედ რომ სასაცილოა სამინისტრო პოზიცია. ამხელა უწყებამ ის ვერ მოახერხა რომ ორი თვის განმავლობაში ელემენტარული დადგენილება გამოეცა და მცირე მეწარმეების მიერ გამოყენებული აპარატების რეალიზებაზე შეიწუხებს თავს? ანდა მავანმა ახლადგამოჩეკილმა ბიზნესმენმა რატომ უნდა იყიდოს უკვე “ნახმარი”აპარატი, როცა იგივე ფასად ფინანსთა სამინისტრო ახალს შესთავაზებს?

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა მცირე ბიზნესის ხელოვნურად გახლეჩის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გასული წლის ბოლოს მცირე მეწარმეებს დაბეგრვის ახალი ფორმა, ფიქსირებული გადასახადი შესთავაზა.
“ფიქსირებული გადასახადის პირველი მოდელით ის მცირე მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურეობას ეწევიან. გადასახადის ასეთი ფორმის არჩევის შემთხვევაში ამ კატეგორიის მეწარმეებს სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება მოეხსნებათ. ისინი თვეში ან კვარტალში კონკრეტული განაკვეთით დაიბეგრებიან”, -განმარტა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ “ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება”.

რაც შეეხება ფიქსირებული გადასახადის მეორე მოდელს,ებანოიძის განმარტებით, ამ მოდელით ისეთი საწარმოები ისარგებლებენ, როგორიცაა მცირე საპარიკმახერო, ავტომობილების მცირე სახელოსნო, მცირე პურის საცხობი და ა.შ.