ჰესების მშენებლობა მემორანდუმის დონეზე იყინება

ჰესების მშენებლობა მემორანდუმის დონეზე იყინება

საქართველოში ჰესების მშენებლობის „ბუმი“ იგვიანებს.  მთავრობის გეგმის მიხედვით, ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე უნდა მიმდინარეობდეს. ენერგეტიკის სამინისტროსგან შიგადაშიგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორებთან მემორანდუმებს აფორმებს. თუმცა, ენერგეტიკოსების ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ინვესტორთან ურთიერთობა მხოლოდ ამ მემორანდუმების დონეზე რჩება.

 

მშენებლობის დაგვიანების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჰესები ტენდერზე მათი შესწავლის გარეშე გადის ან საერთოდ ტენდერის გარეშე სთავაზობენ ინვესტორს.

ასე რომ, სპეციალისტების განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გარეშე კარგი ინვესტორი ქვეყანაში არ შემოვა. არადა, მთავრობა ამ საკითხის გადაჭრას ჯერ კიდევ ეგრეთწოდებული „50-დღიანი პროგრამის“ ფარგლებში აპირებდა.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროსადგურებზე მშენებლობა-ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვაზე კონკურსი 2008 წელს გამოაცხადა. გეგმის მიხედვით 91 ელექტროსადგური უნდა აშენდეს. ასევე განსაზღვრულია ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის პირობებიც. კერძოდ, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ზამთარში,თითოეული ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული რეალიზაცია საქართველოში უნდა მოხდეს. წლის დანარჩენ პერიოდში შესაბამისი პირი თავისუფალია ბაზრის არჩევანში.

 

ერთსა და იმავე ელექტროსადგურზე ორი ან მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში უპირატესობა იმ პირს მიენიჭება, რომელიც ამ ელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის უფრო მაღალ ფინანსურ გარანტიას წარმოადგენს, ან განაცხადებს ამ ელექტროსადგურის მშენებლობაზე და ექსპლოატაციაში მიღებაზე უფრო მცირე ვადას.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, სანამ არ იქნება სტრატეგიული შეფასებები, ისე ჰესების მშენებლობის დაწყება დაუშვებელია. მისი ინფორმაციით, ძირითადად, ზედაპირული შესწავლა ხდება და ძირეული კვლევები არ კეთდება.

 

ჩვენ გვაქვს ექსპერტული შეფასებები, თუ როგორი იქნება გარემოზე ზემოქმედება ჰესების მშენებლობისას. მაგალითად, ხუდონზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, ვინაიდან ამ მშენებლობის კონსერვაცია არ მოხდა, ამიტომ იგი გარემოს უკვე ზიანს აყენებს, ვინაიდან არის ნგრევები. უპირველესად, მას გასამაგრებელი სამუშაოები სჭირდება, რათა ფერდობები არ ჩამოინგრეს. ხუდონზე სხვადასხვა დასკვნები დაიდო და შეიძლება, იგი ისე გაკეთდეს, რომ ზიანი ნაკლები იყოს. მშენებლობა არის საფრთხის შემცველი,თუნდაც, სარეაბილიტაციო, გასამაგრებელი სამუშაოები მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებმა უნდა განახორციელონ, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

 

ექსპერტული დასკვნებით დიდი კაშხლების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან იგი კლიმატის ცვლილებებს გამოიწვევს. იმისთვის, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს უმჯობესია საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობა.

 

ასეთი ჰესები ქვეყანას მეტ ეკონომიკურ ეფექტს მიცემს და გარემოსაც არ დააზიანებს. გრანდიოზული მშენებლობები უდიდეს დატბორვებს გამოიწვევს. გარდა ამისა მტკვარზე, ასპინძის რაიონში ჰესის მშენებლობა, რომელიც დაგეგმილია, უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობას დაგვაკარგვინებს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ჰესების მშენებლობა, ქვეყანას უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე სარგებელს მოუტანს და ჩვენ ამას ბოლოს ვნახავთ, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

 

მისი თქმით, ამ საკითხებზე გარემოს დამცველები ხელისუფლებას ინფორმაციას აწვდიან, თუმცა ხელისუფლება მათ მოსაზრებებს ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ზეწოლის ქვეშაა.

 

ენერგეტიკოსის, „ხუდონჰესის“ ინჟინრის გურამ ქორიძის განცხადებით, 2008 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ 91 ჰესის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ეს ჰესები საერთოდ შეუსწავლელია.

 

იუესაიდს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამ ჰესების შესწავლა უნდა მოხდეს და სატენდერო მასალები მომზადდეს. მე მათთან მქონდა შეხვედრა. შესწავლის გარეშე ინვესტორს ვერცერთ ჰესს ვერ შევთავაზებთ, ვინაიდან ყველა პროექტი, რომელსაც ინვესტორს წარუდგენ, სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი (არქეოლოგია, გეოლოგია სანიტარია და აშ.) და დამუშავებული. აღნიშნული პროგრამა 3 წელს მოიცავს.

ორგანიზაციის ხედვა ასეთია, რომ აშენდეს საშუალო სიმძლავრის ჰესები. 17 ჰესი, დაახლოებით, 140-მეგავატიანი იქნება. სამინისტროში ვეუბნებოდი, რომ მათ ჰესების მშენებლობის საკითხი არასწორად დაგეგმეს, მაგრამ მათი პოზიცია იყო ის, რომ მოვიდოდა ინვესტორი და ყველაფერს თვითონ გააკეთებდა, - ამბობს გურამ ქორიძე.

 

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამგვარი გამოკვლევების გარეშე ინვესტორს მშენებლობაზე უარი უთქვამს.  მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტრომ თურქულ კომპანიასთან აჭარაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა, თურქი ინვესტორები ჩავიდნენ და ნახეს რომ სამინისტროს მიერ მითითებულ ადგილზე ჰესის გაკეთება არ შეიძლებოდა.

 

ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ახლა ცოტა გამოფხიზლდნენ და ალბათ შეეცდებიან, რომ გააკეთონ კვლევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორი არ მოვა. თვითონ კი იძახიან, რომ ინვესტორები შემოვიდნენო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველაფერი მემორანდუმის დონეზე მთავრდება, - ამბობს გურამ ქორიძე.

 

სპეციალისტების განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა ეჩქარება. მიმდინარეობს მაღალი ძაბვის მშენებლობის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, შესაბამისად, ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ სამინისტრო მათ დასატვირთათ მზად უნდა იყოს. ამიტომაც, მათი სტრატეგიის მიხედვით ჰესები, რომლებიც ათეული წლები შენდებოდნენ რამდენიმე წელიწადში უნდა აშენდეს.

 

ენერგეტიკოსების განცხადებით, ამგვარი ნაჩქარევი დამოკიდებულების გამო რაჭაში მდინარე რიონზე „ნორვეგიული“ ჰესების კასკადისა და გურიაში მდინარე გუბაზოულზე „ჩეხური“ ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტრო სკანდალებში გაეხვია ამ მდინარეთა ათვისებისთვის უცხოელი ინვესტორების არაპროფესიონალურ მიდგომასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია.

 

გურამ ქორიძის განცხადებით, მდინარე რიონზე ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოსაზიდად ტენდერში გაამარჯვებინა პოლონეთს, რომელსაც ასეთი ჰესების პროექტირების გამოცდილება არ აქვს. გამარჯვებული პოლონელები იძულებულნი გახდნენ ისევ ქართველი ჩარეცხილი სპეციალისტები დაექირავებინათ, რომლებმაც შეასრულეს კიდეც დავალება. ვინ გააკეთა ფული ამ ოპერაციაზე? - კითხულობს ქორიძე.

 

არადა, ექსპერტების განცხადებით, სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შემთხვევაში რესურსი მართლაც უდიდესია.  ჰიდროენერგორესურსებით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო მსოფლიო პირველ ათეულშია. საქართველოს 26 ათასი მდინარის თეორიული პოტენციალი წელიწადში 160 მლრდ კვტ/სთ-ია, საინჟინრო პოტენციალი - 80 მლრდ, ეკონომიკურად დასაბუთებული - 40 მლრდ, მაგრამ რეალურად, ქვეყანა მხოლოდ 8,5 მლრდ კვტ/სთ-ს აწარმოებს, ანუ თეორიული პოტენციალის 5%-ს, საინჟინროს - 10%-ს, ეკონომიკურად დასაბუთებულის - 21%-ს, აქედან გამომდინარე ჰიდრორესურსების 4/5 უსარგებლოდ იკარგება.