მსოფლიოს 600 მილიონი სამუშაო ადგილი სჭირდება

მსოფლიოს 600 მილიონი სამუშაო ადგილი სჭირდება


მთელს მსოფლიოში უმუშევრობა კრიზისულ დონეზეა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პლანეტაზე მცხოვრები ყოველი მესამე შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია და მათი უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ახლო მომავალში 600 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნით შეიძლება. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის ხუან სომავიას განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მცდელობის მიუხედავად, უმუშევრობასთან დაკავშირებული კრიზისი არათუ ცხრება, არამედ, მატულობს. და თუ სამუშაო ადგილების შექმნისაკენ სასწრაფოდ გლობალური კურსი არ იქნება აღებული, ამ დროისათვის დაფიქსირებულ 1,1 მილიარდ შრომისუნარიან უმუშევარს კიდევ ბევრი შეემატება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შუაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2012 წელს მსოფლიოში უმუშევრობის შემცირებას ვარაუდობდა. მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე ეს პროგნოზი არ გამართლდება. პირიქით, ორგანიზაციის ანალიტიკოსთა ვარაუდით, წელს უმუშევართა დიდ არმიას კიდევ 3 მილიონი ადამიანი შეემატება, ხოლო თუ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2 პროცენტზე ნაკლები იქნება, ეს ციფრი 4 მილიონი ადამიანით გაიზრდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროს ზონის ქვეყნები კრიზისიდან გამოსავალს სწრაფად იპოვნიან, მაშინ მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა 1 მილიონით შემცირდება. 

როგორც ცნობილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგაზრდების, 15-დან 24 წლის ასაკის ადამიანების უმუშევრობაა. როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაშია მოცემული, 2011 წელს 74,8 მილიონმა, ანუ, 12,7 პროცენტმა ახალგაზრდამ ვერ შეძლო სამუშაოს შოვნა. ეს 2,6 მილიონით ნაკლებია, ვიდრე 2010 წლის მონაცემები, მაგრამ კრიზისამდელ მაჩვენებელთან შედარებით 4 მილიონით მეტი გახლავთ. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს გაამკაცრონ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის კოორდინაცია, განახორციელონ ფინანსური სექსტორის რეფორმირება და რეგულაცია და მხარი დაუჭირონ ეკონომიკის რეალურ სექტორს. ორგანიზაცია ირწმუნება, რომ 200 მილიონი სამუშაო ადგილი სასწრაფოდ არის საჭირო, ხოლო უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად 40 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება აუცილებელი. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, აუხლოეს ათწლეულში 600 მილიონი სამუშაო ადგილი ის მინიმუმია, რომელიც სოციალური არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად გახლავთ აუცილებელი. ანუ, ეს არ ნიშნავს პრობლემის სრულად მოგვარებას, რადგან კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა და დღეში 2 დოლარის ამარა. 

მეტიც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარების, ევროპული კრიზისის უმტკივნეულოდ და უმოკლეს დროში დაძლევის შემთხვევაშიც კი უმუშევრობა 2016 წლამდე 6 პროცენტის ფარგლებში იქნება. თუმცა, როგორც ცნობილია, გლობალური ეკონომიკისაგან უახლოეს წლებში არა წარმატებებს, არამედ მკვეთრ ვარდნას და ახალ გლობალურ კრიზისს ელიან. 

ასე რომ, ყველასათვის ძალზე ავადსახსენებელი უმუშევრობის პრობლემა კარგა ხანს არ გამოსწორდება. მეტიც, კარგი იქნება, თუ ამ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენას სერიოზული კატაკლიზმები არ მოყვება. საერთოდ, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ცალკეულ ქვეყნებში სოციალური მღელვარებებია მოსალოდნელი. შესაძლოა განმეორედეს “არაბული გაზაფხულის” მსგავსი მოვლენები და, გამორიცხული არ არის, კიდევ უარესი, მაგალითად, სამოქალაქო ომები მოხდეს. თუმცა, ცხადია, ომებითა და რევოლუციებით უმუშევრობას, როგორც წესი, ნაკლებად ეშველება ხოლმე. პირიქით, პირველ ეტაპზე მდგომარეობა უფრო უარესი ხდება ხოლმე.