საბანკო კრიზისებისას ოქრო ინვესტიციების დაცვის საუკეთესო საშუალებაა

საბანკო კრიზისებისას ოქრო ინვესტიციების დაცვის საუკეთესო საშუალებაა


ოქროს ფასის დინამიკაში გარკვევა იმდენად რთულია, რომ ეკონომისტთა უმრავლესობამ მისი მოდელირებისას დადებით შედეგებს ფერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, ყველა საბანკო კრიზისისას ოქროში ინვესტირება ერთობ ეფექტური იყო. 1920 წლის თებერვლიდან ოქროს რეალური ფასი 622 პროცენტით გაიზარდა, ანუ, წლიურად 2,2 პროცენტით მატულობდა.

ამ ხნის განმავლობაში ხუთი გლობალური საბანკო კრიზისი მოხდა: 1929 წლის დიდი დეპრესია, 1970 წლის საბანკო კრიზისი დიდ ბრიტანეთში, შემნახველი ბანკების კრიზისი აშშ-ში 1980 წელს, ჰეჯ-ფონდ LTCM-ის კრახი და რუსეთის ფინანსური კრიზისი 1998 წელს და ბოლოს, 2007 წლის ბოლოს დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისი. ყოველი ამ კრიზისისას ოქროს წლიური შემოსავლიანობა ერთობ მიმზიდველი, 21 პროცენტი გახლდათ. მხოლოდ ერთადერთხელ, LTCM-ის კრახისას მოიკლო ოქროს ფასმა წლიური 1,5 პროცენტით, ხოლო 1970 წლის კრიზისისას სულაც 48 პროცენტით გაიზარდა.

ოქრო მშვენიერი იარაღია ინფლაციის დროს მოსალოდნელი დანაკარგების აღმოსაფხვრელად. 1929 წლიდან არსებული მონაცემებით, ყველა შემთხვევაში, როცა ინფლაცია 12 პროცენტს აღემატებოდა, ოქროს რეალური ფასი 31 პროცენტიან წლიურ მინიმალურ შემოსავლიანობას უზრუნველყოფდა, საშუალო მაჩვენებელი კი 72 პროცენტი გახლდათ. რაც შეეხება დეფლიაციას, არსებული მონაცემებით, ყოველთვის, როცა ინფლაცია 1 პროცენტზე დაბლა იყო, ოქროთი წლიური შემოსავლიანობა 8-დან 34 პროცენტამდე მერყეობდა. 

ანუ, ოქრო ის აქტივია, რომელშიც ინვესტირება ნებისმიერი კრიზისისას მიზანშეწონილია. თუმცა, დღეისათვის ოქროს შეძენის საწინააღმდეგო მოსაზრებები მის ფასს უკავშირდება, რომელიც ძალიან მაღალია. მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ მცნება – ოქროს სამართლიანი ფასი არ არსებობს და მისი შეფასებაც ნაკლებადაა გააზრებული. მით უმეტეს, რომ საუკუნეზე მეტ ხანს ოქრო თავად იყო სავალუტო ეტალონი. თუმცა, დღევანდელი მაღალი ფასი არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ოქროს ღირებულება კიდევ უფრო არ მოიმატებს. 

ანალიტიკოსთა აზრით, ბოლოდროინდელი ტენდენციები სწორედ ოქროს ღირებულების ზრდას უწყობს ხელს. ეს პირველ რიგში ბაზარზე შემოთავაზებისა და მოთხოვნის ურთერთშესაბამისობითაა გამოწვეული. ბოლო წლების მონაცემებით, ოქროზე მოთხოვნილების 52 პროცენტი საიუველირო წარმოების საჭიროებებით გახლავთ განპირობებული. თანაც, ორი მთავარი მომხმარებელი ჩინეთი და ინდოეთია. ეს საკმაოდ სტაბილური და მზარდი ბაზარი გახლავთ.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მოთხოვნის ძალზე დიდი, სტაბილური და მზარდი წყარო გახლავთ ცენტრალური ბანკები. ისინი ცდილობენ პორტფელების დივერსიფიკაცია განახორციელონ, მათში სხვადასხვა არამდგრადი ვალუტების, განსაკუთრებით კი ევროს წილი შეამცირონ და მათ ნაცვლად ოქრო შეიძინონ. პერსპექტივაში, ეს ტენდენცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. 
ანასთან, ოქროს ფასის ზრდას ხელს უწყობს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია და ევროპა. დღეს მსოფლიო ეკონომიკაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ეს გარდაუვალი გახლავთ. 

თავისთავად ცხადია, ოქროში ინვესტირებას თან გარკვეული რისკები ახლავს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან რისკებისაგან ყოველმხრივ სტერილური აქტივი უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ მაშინ, როცა გლობალური საბანკო სისტემა კრახის პირასაა, მთელს მსოფლიოში ცენტრალურ ბანკებს გამუდმებით ფულის მასების ბეჭდვა უწევთ, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზები ძალზე არადაიმედებელი და შემაშფოთებელია და დეფლიაციის უდიდესი საფრთხე არსებობს, ოქროში ინვესტირება ნამდვილად კაპიტალის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.