"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ობამა-სააკაშვილი შეხვედრას იმთავითვე უცნაურობა ახლავს - ერიკ რუბინის სამხრეთ კავკასიაში ყოფნის დღეებში გაცხადდა, რომ მზადდება ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში. შემდეგ კი გავიგეთ, რომ მანამდე მიხეილ სააკაშვილი წავა ვაშინგტონში. როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრები ამზადებენ ვიზიტს უმაღლეს დონეზე. აქ კი თანამიმდევრობა დარღვეულია", - აცხადებს რესპუბლიკური ინსტიტურის სამხრეთკავკასიური კვლევების დირექტორი ივლიანე ხაინდრავა გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივლიანე ხაინდრავა: "პოლიტიკური წვრილფეხობა ვერ დაამყარებს მყარ და მდგრად მსოფლიოს წესრიგს".
"ეს გვაფიქრებინებს, რომ ობამას სააკაშვილისთვის ან რაღაც მნიშვნელოვანი სასწრაფოდ აქვს სათქმელი, ან ისეთი რამ უნდა უთხრას, რისთვისაც კლინტონის დონეც არ არის საკმარისი, ან ორივე ერთად. თანაც თავისი პრეზიდენტობის ოთხწლიანი პერიოდის დასასრულსღა გადაწყვიტა ობამამ, სააკაშვილს ოფიციალურ ფორმატში დაელაპარაკოს. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სააკაშვილი კი არ მიიწვიეს, არამედ დაიბარეს, რაც კი არ აკნინებს, არამედ ზრდის ვიზიტის მნიშვნელობას და შესაბამის მოლოდინს. ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულობა, რაც მისი ამერიკელი ქომაგებისთვისაც კი აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, ვაშინგტონის შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება. ამ დღეებში ობამამ სწორედ დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებაზე, ტირანიისა და თავისუფლების შეუთავსებლობაზე ისაუბრა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივლიანე ხაინდრავა.
"ზოგადად, 2012 წელი ძალიან რთული იქნება. გლობალიზებულ მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ირანის, ისრაელ-პალესტინის, სირიის, თურქეთის, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღრიბის პოლიტიკა განსაზღვრავს ამგვარ სირთულეს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა, რომელიც აქამდე თავშეკავებულობით გამოირჩეოდა ირანის საკითხში, გაამკვეთრა თავისი პოზიცია. მან განაცხადა, რომ დაუშვებელია, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამით გამჟღავნდა, რომ ჩინეთმა ნავთობის ალტერნატიული წყარო მონახა და ეს წყარო, როგორც ჩანს, საუდის არაბეთია. სულ რაღაც ერთ თვეში განახევრდა ნავთობის ის ოდენობა, რასაც ჩინეთი ირანისგან იღებდა. ამიტომ ნათელია, რატომ ილაშქრებს იგი ირანის მიერ ორმუზის სრუტის ბლოკადის წინააღმდეგ, რადგან სწორედ ამ მარშრუტით მარაგდება ნავთობით. ასე რომ, ირანის გარშემო ვითარება იძაბება. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, საპარლამენტო არჩევნები საკუთრივ ირანში ამ კონტექსტის შემადგენელი კომპონენტებია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"შესაძლოა, ობამას არც სურდეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, რადგან პრობლემები ისედაც საკმარისად აქვს, მაგრამ წინასაარჩევნო კონიუნქტურამ, ამერიკასა და ისრაელს შორის განსაკუთრებულმა ურთიერთობამ შეიძლება ობამას ირანის მიმართულებით გადამჭრელი ზომების გატარებისკენ უბიძგოს. აქ უმთავრესია, რომ ბირთვული იარაღი ირანის ხელში ისრაელისთვის სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემაა და იმ მომენტში, როცა ისრაელი მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას მომაკვდინებელი საფრთხე დაემუქრება ირანის მხრიდან, იგი პრევენციულ დარტყმას განახორციელებს, როგორც თავის დროზე ერაყში და მას ვერავინ შეაჩერებს, ხოლო აშშ ავტომატურ რეჟიმში აღმოჩნდება ისრაელის მხარდამხარ", - განმარტავს ივლიანე ხაინდრავა.
"ირანის კარტს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში რუსეთი ძირითადად იმისთვის ათამაშებს, რომ გააწვალოს დასავლეთი და საკუთარი მნიშვნელობა წარმოაჩინოს. ეს მიდგომა ცივი ომის რეციდივია, რაც რუსეთმა ვერა და ვერ დაძლია. თუნდაც სირიაში ასადის მხარდასაჭერად სამხედრო ხომალდის გაგზავნა და იარაღის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტის დადება რად ღირს. რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები - "კავკასია-2012" - სამართლიანად იწვევს შეშფოთებას ჩვენში, რადგან იგი არსითაც და მასშტაბითაც გამოირჩევა: მასში მონაწილეობას არა მხოლოდ არმია მიიღებს, არამედ რუსეთის ყველა ძალოვანი და სპეციალური სტრუქტურა - მათ შორის ისეთი თავისებური ქვედანაყოფიც კი, როგორიც მილსადენების საჯარისო ნაწილებია. წვრთნებში ჩართავენ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებსაც. ეს რუსეთის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ იგი გულხელდაკრეფილი არ ზის და მოვლენათა ძალისმიერი სცენარით განვითარებისთვის ემზადება", - დასძენს ივლიანე ხაინდრავა.
"ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმოება რუსეთის პოზიციის სრული უგულებელყოფით ძნელი წარმოსადგენია - რუსეთი ხელიდან არ გაუშვებს შანსს, წარმოჩინდეს როგორც მსოფლიო თუ არა, რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო, რომლის გარეშეც ვერაფერი მოხდება. და თუკი ვინმე ცდილობს მის გარეშე იმოქმედოს, აუცილებლად ისჯება. რუსეთის პოზიციის საწინააღმდეგოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად საქართველოში შემოჭრა ამის მაგალითია... სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ შერეულ განცდებს გააჩენს თურქეთშიც: აქაც, ერთი მხრივ შფოთიანი და გავლენიანი მეზობელ-კონკურენტის დასუსტება აწყობთ, მაგრამ მეორე მხრივ, ისლამური სოლიდარობის თემაც არსებობს. ხელისუფლებაში მყოფ ზომიერ ისლამისტებს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მით უფრო, რომ თურქეთშიც ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "უკვე მერამდენედ ახსენეთ არჩევნები. ნუთუ არჩევნები განსაზღვრავს ომისა თუ მშვიდობის ბედს?" - პასუხობს:
"სამწუხაროდ, არჩევნების საკითხს ხელისუფალნი გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ეკუთვნის. სარკოზის გადაწყვეტილებაც გენოციდის საკითხზე აშკარად ნაკარნახევია 300-ათასიანი სომხური წარმოშობის ამომრჩევლის გულის მოგების სურვილით. ვითარების თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებიც ახლოვდება და ვერც დეპუტატობის კანდიდატებმა გაბედეს კონკრეტული საკითხის გარშემო კონსოლიდებული ამომრჩევლის განაწყენება. ზოგადად კი ვიტყვი, რომ მსოფლიო პოლიტიკა მასშტაბური ფიგურების ნაკლებობას განიცდის და მასშტაბურად მოაზროვნეებისაც - გლობალიზებულ მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებული ხდება და ამ "ყველაფერს" კომპლექსური გააზრება სჭირდება. პოლიტიკური წვრილფეხობა, რომელიც უახლოესი არჩევნების მიღმა ვერაფერს ხედავს, ვერ დაამყარებს მყარსა და მდგრად მსოფლიო წესრიგს".
915
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85