გია დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროშია გადაყვანილი. ჩემს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ 26 იანვარს, არასამუშაო საათებში სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.
შევთანხმდით იმაზე, რომ მეორე დღეს, სამუშაო საათებში დაზუსტებით მეტყოდა დგებუაძის თანამდებობას, მაგრამ 27 იანვარს მახარაძემ სამუშაო საათებში ტელეფონი გამითიშა, ხოლო მოგვიანებით ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ ამ მასალაში ვერ ვაკონკრეტებ, რა თანამდებობა უკავია გია დგებუაძეს თავდაცვის სამინისტროში.
იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ გამინისტრების შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავისთან გადაიყვანა პატიმრების ცემა-წამებით სახელგანთქმული მეგის ქარდავა და მოგვიანებით, მისი კიდევ ერთი “თანამებრძოლი“, გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“.
ამ ორი საკადრო გადაადგილების შესახებ მასალები გასული წლის 14 სექტემბერსა და 28 დეკემბერს გამოვაქვეყნე, სათაურებით: “სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს“, “გლდანის ციხიდან “ქილერა“ სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს“.
“მასტერას“, იგივე გია დგებუაძის “საგმირო“ საქმეების შესახებ მკითხველს ინტერნეტით მოძიებული მასალებით შევახსენებ.
2007 წლის 5 მარტს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია სათაურით - “სკანდალური აუდიოჩანაწერის გახმაურებული დეტალები“:
“გადაცემა“დროებაში" გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ციხის ბუნტს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას ეხებოდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც“ინტერპრესნიუსს" ახალაიამ განუცხადა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მისთვის ახალი არაფერი ყოფილა.
“სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მამარდაშვილი ჩემს მიმართ იმ ბრალდებებს გამოთქვამდა, რომლის შესახებაც, რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრობდა. მსგავს გეგმაზე საუბარი აბსურდულია", -განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, გია დგებუაძის, მეტსახელად“მასტერას" ნათქვამს, რომ ახალაიასა და მამარდაშვილს შორის პროვოკაციის მოწყობის გეგმაზე შეთანხმება არ უნდა“გაბაზრდეს", ახალაია აცხადებს, რომ ჯერ დასადგენია, აღნიშნული პირი არის, თუ არა“კუდ"-ის მაღალჩინოსანი.
ახალაია სხვა დეტალებზე საუბარს არ აპირებს. მისი განმარტებით, სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს და არ სურს, თავისი განცხადებებით, სასამართლო პროცესს ხელი შეუშალოს.
სკანდალური აუდიოჩანაწერის გმირი, ყოფილი კანონიერი ქურდი პაატა მამარდაშვილი, თერაპიის ეროვნული ცენტრიდან მეშვიდე საპყრობილეში გუშინ გამთენიისას გადაიყვანეს.
თერაპიის ეროვნულ ცენტრში მას ოპერაცია გაუკეთდა. ტელეკამერასთან საუბარი არ ისურვა თერაპიის ეროვნული ცენტრის არცერთმა თანამშრომელმა.
სატელეფონო საუბარში კი, დირექტორი მერაბ კვიტაშვილი ადასტურებს, რომ პაატა მამარდაშვილი მკურნალობას თერაპიის ეროვნულ ცენტრში გადიოდა და მისი მკურნალობის ხარჯები სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უნდა დაფაროს.
დღესვე, ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულის, პაატა მამარდაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება.
ლალი აფციაურის განცხადებით, ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გადაცემა “დროებაში" მამარდაშვილსა და“კუდ"-ის მაღალჩინოსანს შორის შემდგარი საუბარი უნდა გამოქვეყნებულიყო, ჯერ კიდევ გუშინ გაჟონა.
აფციაური ეჭვობს, რომ სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა მამარდაშვილი საავადმყოფოდან მეშვიდე საპყრობილეში გადმოყავდათ, მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
როგორც ლალი აფციაური აცხადებს, მას აინტერესებს, თუ რა მდგომარეობაშია, “დროებაში" გასული სიუჟეტის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
სატალეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბუნტის ორგანიზებაში მონაწილეობას, ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია და რამდენიმე ძალოვანი მაღალჩონოსანი იღებდა.
ჩანაწერის მიხედვით, მამარდაშვილი “მასტერასგან" გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, დაპირებულ თავისუფლებას ითხოვს. დგებუაძე დანაპირების შესრულებას ჰპირდება, მხოლოდ პატიმრისგან მოვლენების განვითარების მიუხედავად, დუმილის პირობას იღებს.
აუდიომასალიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილი ბუნტი ახალაიას შელახული იმიჯის აღსადგენად უნდა მოხდეს.27 მარტის ხმაურიანი მოვლენების მონაწილეთა ჩანაწერში წლის სკანდალური მკვლელობის თემაზეც საუბრობენ.
“კუდ"-ის თანამშრომელი გია დგებუაძე გირგვლიანის თემას ეხება და სინანულს გამოთქვამს, რომ მისი კოლეგები ამ შემთხვევის გამო, სასჯელს იხდიან.
აუდიოჩანაწერში კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება კეთდება, რომელიც შარდენის სუფრის წევრებს დათა ახალაიასა და ვასილ სანოძეს ეხება.
ერთ-ერთი ვერსიით, სატელეფონო ჩანაწერი ქსნის კოლონიაშია გაკეთებული, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
მამარდაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და შეპირებული თავისუფლება ვეღარ მიიღოს.
“კუდ"-ის თანამშრომელი, მეტსახელად“მასტერა", მამარდაშვილს არწმუნებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობაში ძალოვან უწყებას არაფერი ემუქრება.
კიდევ ერთი სკანდალური განცხადება, რომელიც აუდიოჩანაწერშია გაკეთებული, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტს ბადრი პატარკაციშვილს ეხება. “კუდ"-ის მაღალჩინოსანი გია დგებუაძე მამარდაშვილისგან პატარკაციშვილის მაკომპრომეტირებელ მასალებს ითხოვს.დგებუაძის განცხადებით, ბიზნესმენი მათ საქმეს ხელს უშლის და მის ჩამოსაშორებლად გარკვეულმა უწყებებმა ღონისძიებები დროზე უნდა გაატარონ.
„მასტერა" იმასაც ირწმუნება, რომ გირგვლიანის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილის, ალანიას გათავისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ პატარკაციშვილის ფაქტორი აყოვნებს“.
2007 წლის 6 მარტს გაზეთ “24 საათში“ ამგვარი შინაარსის ინფორმაცია გამოქვეყნდა:
“გუშინ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი – საუბარი შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს, გია დგებუაძეს, მეტსახელად“მასტერასა“ და ქსნის კოლონიაში მყოფ კანონიერ ქურდს, პლატონ მამარდაშვილს შორის კვლავ 27 მარტის ციხის ბუნტს ეხება. ჩანაწერში ბუნტის ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას მონაწილეობაზეა საუბარი. 50-წუთიან აუდიოჩანაწერში გია დგებუაძე მამარდაშვილს არწმუნებს, რომ დადებული გარიგების შესახებ არაფერი უნდა თქვას.
გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილისთვის დუმილის სანაცვლოდ მიცემული ერთი პირობა შესრულდა – იგი 8 თვე თერაპიის ინსტიტუტში იწვა, სადაც 8 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხარჯებით ჩაუტარეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბაჩო ახალაია საბადრაგო სამსახურის იმ თანამშრომლებს ეძებს, რომელთა მორიგეობის დროსაც მოხვდა ძვირადღირებული ჩამწერი აპარატურა ახალაიას მიერ მკაცრად კონტროლირებად საპატიმროში - ქსნის კოლონიაში“.