გაძვირდება თუ არა „თეთრი ტურიზმი“?

გაძვირდება თუ არა „თეთრი ტურიზმი“?

ზაფხულის ტურისტული სეზონი ორიოდე კვირაა რაც დასრულდა და ძალიან მალე ზამთრის სეზონი იწყება. რამდენადაც კავკასიის რეგიონში ზამთრის კურორტები მხოლოდ საქართველოს აქვს, აქ ფასებიც „შესაბამისია“. „თეთრი დასვენება“ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შავი ზღვის პირას გარუჯვა.

 

ჯერჯერობით ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონზე მნიშვნელოვანი გაძვირება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს ისეთი კომპონენტია, რომელსაც თვითონ ბაზარი არეგულირებს. წლევანდელი ინფლაციიდან გამომდინარე, გაუძვირებლობის გარანტიას ტურიზმის დეპარტამენტი კი არა, მთელი ხელისუფლება ერთად აღებული ვერ იტვირთებს.

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე იმედი აქვს, რომ ტურისტების რაოდენობა წლეულს გაორმაგდება და საქართველოში მეტი ადამიანი შეძლებს დასვენებას, რისთვისაც მათ შესაბამისი გარემო ექნებათ. ამისთვის, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობა იგეგმება.

 

სეზონის განმავლობში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა. ეს იქნება მუსიკალური ფესტივალები, სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, რომ ახალგაზრდებმა და ასევე ოჯახებმა ქართულ კურორტებზე კომფორტულად შეძლონ დასვენება. მთავარი აქცენტი ბაკურიანსა და გუდაურზე კეთდება.

იმის პროგნოზი, რომ ქვეყანა რამდენ სტუმარს უმასპინძლებს, ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ძირითადად, ვიზიტორებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ველოდებით, ვფიქრობთ ტურისტების მოზიდვას ბელორუსიდან და უკრაინიდან. შევეცდებით, დასვენებისთვის ნორმალური პირობები შევუქმნათ ადგილობრივ ტურისტებს, რომ საკუთარ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს კარგი დასვენება, - განაცხადა სიდამონიძემ.

 

ზამთრის ტურიზმის დასაგეგმად სააგენტო და ტურისტული სექტორი ერთად ითანამშრომლებენ. პირველ რიგში საჭიროა შეიქმნას საინტერესო ტურები დამსვენებლის მოსაზიდად. ამიტომ, ჩვენი სააგენტო და კერძო სექტორი ერთად ვითანამშრომლებთ და ტურების დასაგეგმად გაკეთდება ღონისძიებების კალენდარი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, - აღნიშნა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

 

ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი აჭარის რეგიონზეც კეთდება, დაგეგმილია ახალი პროექტები. სეზონის განმავლობაში რეგიონი 150 ათასი ვიზიტორის მიღებას ვარაუდობს. სამთო ტურისტული ადგილები აჭარაში შუახევსა და ხულოშია, სადაც ახალი სათხილამურო სკოლები მოეწყო.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით შემუშავდა ახალი ტურისტული პროდუქტი უიქენდ ინ ბათუმიპროექტის მიზანია 5 შაბათ-კვირის განმავლობაში აჭარაში დაუვიწყარი შოუ-პროგრამების მოწყობა ცნობილი უცხოელი თუ ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე. ზამთარში აჭარა, სავარაუდოდ, 150 ათ ვიზიტორს ელოდება. ვფიქრობ, ტურისტების მოზიდვას შევძლებთ. ველოდებით როგორც უცხოელ დამსვენებელებს, ასევე შიდა ტურისტებსაც. ახლის ძიების თვალსაზრისით, სტუმრებს მთიან აჭარაში საინტერესო სანახაობა ელით. პრობლემები, რაც გვაქვს, ენობრივი ბარიერი და გიდების დეფიციტია., - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თამაზ დიასამიძე.