კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისა და მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" მიღებულ კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა გააკეთა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცვლილებები მხოლოდ დაფინანსებას შეეხებოდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს კუბლაშილის განცხადება ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე საარჩევნო თემატიკაზე საუბრის დიდ ალბათობასა და ვაშინგტონის მხრიდან სამართლიანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნას?
- ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეეხება ობამა-სააკაშვილის დიალოგი საარჩევნო კანონმდებლობის სპეციფიკურ თემას. საარჩევნო კანონმდებლობის ბუნდოვანება და მისი პათოსი არა მხოლოდ ადამიანის თავისუფლების შემზღუდავი რამაა, არამედ ასუსტებს საქართველოში, როგორც პოლიტიკურ პროცესს, ისე დემოკრატიის განვითარებასა და სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობას. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ცდილობენ, რაც შეიძლება აქტიურად ჩართონ საზოგადოება და მოქალაქეები პოლიტიკურ პროცესებში. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში მოქალაქეები პოლიტიკაში იმიტომ არ ერთვებიან, რომ იქ ისედაც ყველაფერი კარგად მიდის. ისეთ ავტორიტარულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მოქალაქე იმიტომ არ ერთვება პოლიტიკურ პროცესში, რომ პოლიტიკური პროცესისგან ხელოვნურადაა გაუცხოებული. ნებისმიერ დემოკრატიაში ცდილობენ მოქალაქის გააქტიურებას, ზოგ ქვეყანაში მოქალაქე კანონით არის ვალდებული, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ისეთი კანონების შექმნა, რომელთა პათოსი სწორედ პოლიტიკური პროცესიდან ხალხის ამოგდებას ითვალისწინებს, თავის თავად შემაშფოთებელია. ხელისუფლება და ბატონი კუბლაშვილი არ აზუსტებენ, რას ნიშნავს კანონებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. გაურკვეველი რჩება, კანონი უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე უნდა გახდეს, თუ ცვლილებების შეტანა პირობების გამკაცრებას და კანონში კიდევ უფრო მეტი გაუგებრობის შეტანას გულისხმობს, რაც ადმინიტრაციულ რესურსს არჩევნებზე კიდევ უფრო მეტად თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.
სახელისუფლო გუნდს სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტამდე ამგვარი განცხადებების კეთება თუნდაც იმის გამო აწყობს, რომ თუ ამერიკის პრეზიდენტი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ მოსაზრებას გამოთქვამს, ხელისუფლება იტყვის, რომ ამ თემაზე მას გახსნილი აქვს დისკუსია და მზად არის, საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადოს. თუ ვაშინგტონში ამგვარი მოთხოვნა არ გაისმა, ისინი იტყვიან, დისკუსია გახსნილია და ამავე კანონებს უარეს გახდიან. თავისთავად, თემის შინაარსის გარეშე გახსნა არ შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯი. ფაქტია, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყნისთვის პრობლემურია.
- იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია მკვეთრი და ცალსახა აღმოჩნდა, რამდენად მზად არის ხელისუფლება, ამ საკითხში გაითვალისწინოს, როგორც ვაშინგტონის, ისე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები?
- ეს ძალიან რთული პროცესია ვაშინგტონისთვისაც. ხელისუფლება მიჩვეულია, თავიდანვე ითამაშოს გაუწონასწორებელი წესებით და გამრუდებულ მოედანზე. ეს ის ფორმატია, რომელზეც ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თამაშს მიეჩვია. მათი მოტივაცია ყოველთვის ერთი და იგივეა. კარგი, ამას გავასწორებთ, მაგრამ როგორც კი ამის კეთებას დაიწყებენ, მათ აქვთ შესაძლებლობა, იმ წუთასვე სხვა ნაწილში გადახარონ კანონმდებლობა თავის სასარგებლოდ. კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს პრობლემა იმაშია, რომ კონკრეტული ნორმა კი არ არის გასასწორებელი, არამედ მთლიანად გარემო უნდა იყოს გასწორებული და შესაძლებელი იყოს მისი სამართლიანად აღქმა. თუ წარმოვიდგენთ სამგანზომილებიან ნივთს, რომლის ერთი მხარე გამობერილია, იგი შეიძლება გასწორდეს, მაგრამ იმდაგვარი გამობერილი ადგილი სხვა ადგილზე გაჩნდეს. როგორადაც უნდა ეცადო მის გასწორებას, მაინც არასრული და დაუსრულებელი იქნება.
- საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით არ შეიძლება გვქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი?
- საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს, მაგრამ რამდენად უშველის ეს ქართულ დემორატიას, ძნელი სათქმელია. რამოდენიმე თვეა, ისევ ის ტენდენცია დაიწყო, რომელიც ორიენტირებულია დემოკრატიაზე. ეს ტენდენცია ჩვენმა პარტნიორებმა ბოლო 8 წლის განმავლობაში აბსოლუტურად მიივიწყეს. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ 2003 წლამდე გვეხმარებოდა უკეთესი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში, მაგრამ 2004 წლის შემდეგ ეს პროცესი მივიწყებულ იქნა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, აქცენტი სხვა რამეზე კეთდებოდა, მაგრამ შარშანდელი შემოდგომიდან ეს ტენდენცია უფრო აქტუალური გახდა. პარტნიორების იმედი კი უნდა გვქონდეს, მაგრამ იმის იმედი, რომ ასეთი ჩასწორებებით რაღაც სერიოზულად გასწორდება, ძნელი წარმოსადგენია.
- პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ. "კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის" ქოლგის ქვეშ ეროვნული მოძრაობის ძალების გაერთიანებაზე აქტიურად საუბრობს ექს-პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე. ამ თემაზე ასევე საუბრობენ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი დავით თარხან-მოურავი, ექს-პარლამენტარი კახა კუკავა. "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება ბევრს ეცდება ამგვარი ცენტრის შექმნას, მაგრამ არაფერი გამოუვა." რამდენად სავარაუდოა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა და რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა შეიძლება აღმოჩნდეს იგი?
- ამ თემაზე რაიმეს ერთმნიშვნელოვნად თქმა ძალიან რთულია. შესაძლებელია, შეიქმნას და დარეგისტრირდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ საქმე ის არის, მესამე ცენტრი როგორი პოლიტიკური გრავიტაციისა და მიზიდულობის იქნება. ერთმნიშვნელოვანია, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა ხელისუფლების ინტერესშია. ძლიერი მესამე ცენტრის გაჩენის შემთხვევაში ხმები იყოფა, არჩევნებზე ჯამურ ხმებთან ადმინისტრაციული რესურსის წილობრივი შეფარდება იზრდება. ვიდრე ჩვენ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და სააკაშვილის ფიგურის ირგვლივ ყველა პოლიტიკური ძალა ანტურაჟია, ძლიერი მესამე ძალის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა
დღეისთვის მთავარი კითხვა ასეთია - შესაძლებელია თუ არა პოლიტიკურ ძალთა ისეთი გადანაწილება, რომელიც ხელისუფლების რეალური ალტერნატივა იქმნება, შეწყდება თუ არა ავრორიტარიზმი და დაიწყება თუ არა ბალანსზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.
ეს არჩევნები არ იქნება ისეთი არჩევნები, როგორიც დიდ ბრიტანეთში ან შვეიცარიაში ტარდება, რომლის დროსაც სამი პოლიტიკური ძალა ეკოლოგიურ საკითხებზე სერიოზულ კონცეფციას წარმოადგენს. რეალურად, ჩვენი არჩევანი ასეთია - სააკაშვილი ან ივანიშვილი. ამ არჩევანში ალტერნატივისა და ხელისუფლების შემცვლელის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილს აქვს დაკავებული. ეს ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მაშინ გამოჩნდა, როცა ხელისუფლების არავითარი ალტერნატივა არ არსებობდა. ამ ვითარებაში, რა მესიჯი შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას მესამე ცენტრმა, გაუგებარია. რა თქმა უნდა, ბევრი რამაა დამოკიდებული, რა კონტექსტში წავა არჩევნები.
თვითმმართველობის არჩევნებზე დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილი იყო პოლიტიკური თემები და მთავარი კამათი იყო იმაზე, თუ როგორი იქნება გაზის ტარიფი. ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს და აბსურდულია. თუ ივანიშვილის გუნდმა მოახერხა და ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟის დაწყების პოლიტიკური მიზანი არჩევნებამდე შეინარჩუნა, მაშინ არჩევნებზე ამომრჩეველს ეცოდინება, რომ არჩევანი ასეთია - სააკაშვილი ან ივანიშვილი. ივანიშვილი ამთავრებს ავტორიტარიზმს, ანარადა ისევ გრძელდება სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობა. ასეთი არჩევანის პირობებში მესამე პოლიტიკური ცენტრის ადგილი პრაქტიკულად არ რჩება.
როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას აწყობს მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენა. თუ მესამე პოლიტიკური ცენტრი გაჩნდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლებისა და მათი ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად დაემთხვევა. თუ მესამე პოლიტიკურმა ცენტრმა შეძლო ან-ანის არჩევანის პირობებში საზოგადოებისთვის საინტერესო პროგრამის შეთავაზება, ასეთ ვითარებაში მათ გარკვეული შანსი ექნებათ. მაგრამ, რამდენადაც ვხედავ, შესაძლოა, მესამე ცენტრში რადიკალურად განსხვავებული ადამიანები გაერთიანდნენ. ბევრი მათგანი ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. არსებულ ვითარებაში აბსტრაქტულ თემებზე საუბარი ძალიან რთული მგონია. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ ამ ტიპის მესამე ძალა ამომრჩევლისთვის ივანიშვლის პოლიტიკურ ძალაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდეს.
- ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არიან სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები - ”მემარჯვენეები”, ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”რესპუბლიკელები”, ”ეროვნულ-დემოკრატები”, ”ლეიბორისტები”, ”ლიბერალ-დემოკრატები”. ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" იდეოლოგია ლიბერალ-დემოკრატიულ ღირებულებას ეფუძნება. თქვენი აზრით, კიდეც რომ შეიქმნას მესამე ანაც მეოთხე პოლიტიკური ცენტრები, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს მათი იდეოლოგია?
- ახლა ჩვენ ვცხოვრობთ რეჟიმში, როდესაც პოლიტიკური მიზანი ავტორიტარიზმის დასრულებასა და დემოკრატიის დაწყებაშია. ასეთ ვითარებაში იდეოლოგია ნაკლებ როლს თამაშობს. იდეოლოგია, ეკონმიკური კონცეფციები, საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და სხვა თემები ჩნდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური მოედანი ჩამოყალიბებულია. იდეოლოგიებსა და საარჩევნო პლატფორმებზე მაშინ შეიძლება საუბარი, როცა პოლიტიკური ველი გასწორებულია და შეიძლება იმის გარკვევა, ვინ ვის რაზე ეკამათება. ახლა ჩვენ ვართ დამრეც მოედანზე, რომლის გასწორებაზეა საუბარი.
- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის პარტიის დაფუძნებას ელოდება. იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" დაფუძნებაზე ივანიშვილმა, თუ არ ვცდები, ორჯერ ახსენა, რომ მისი ინიციატივით დაფუძნებული მოძრაობა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს დაეფუძნება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება გახდნენ ივანიშვილის პარტიის სახეები?
- ლიბერალური დემოკრატია თავის თავად გულისხმობს თანამედროვე დემოკრატიას და არა - დემოკრატიის იმ ფორმებს, რომელიც იყო გერმანიასა და საბჭოთა კავშირში, როდესაც უმრავლესობა უმცირესობის აზრის ნიველირებას ახდენდა. ლიბერალური დემოკრატია გულისხმობს, რომ პოლიტიკურ უმცირესობასაც აქვს თავისი შეხედულებები, ეს შეხედულებები მიღებულია და ინტეგრირებულია სახელმწიფო სისტემაში. ლიბერალური დემოკრატია უნდა გავიაზროთ, როგორც დემოკრატიის სინონიმი და ავტორიტარიზმის ანტონიმი.
ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილის ირგვლივ თავი მოიყარა იმ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც აქვს ორიენტაცია დასავლურ და თანამედროვე ღირებულებებზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ის ხალხი, რომლებიც შევლენ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში და, რომლებმაც უნდა შექმნან ერთიანი საარჩევნო ბლოკი "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად, ისინი იდეურად არ უნდა იყვნენ რადიკალურად დაპირისპირებულები იმ ჯგუფთან, რომელიც უკვე გაერთიანებულია ივანიშვილთან. ეს სულაც არ ნიშნავს პარტიათა სრულ იდენტობას. პარტიათა განვითარების თვალსაზრისით ძალიან კარგია, რომ "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული "რესპუბლიკელები" "თავისუფალი დემორატები", ძიძიგური და დავითაშვილი ინარჩუნებენ თავიანთ პარტიულ სტრუქტურებს. ივანიშვილის პარტიაში ძნელად წარმოსადგენია ისეთი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც მის იდეოლოგიასთან რადიკალურად დაპირისპირებულები იქნებიან. ამდენად გასაგებია, სავარაუდოდ, რა ტიპაჟის ადამინები შეიძლება გახდნენ ივანიშვილის პარტიის სახეები.
პარტიის შექმნაში ბევრი სირთულეა. უცნაურია მოთხოვნა ახალი სახეების წარმოჩენის შესახებ. პოლიტიკაში ახალ სახეებზე ისე საუბრობენ, თითქოს ჩვენ ჰოლივუდის კასტინგზე ვსაუბრობდეთ და არა - პოლიტიკურ სისტემაზე. ერთი მხრივ გასაგებია, რომ ის სახეები, რომლებიც საზოგადოებაში ნეგატივთან ასოცირდებიან, ხალხს აღიზიანებს, მაგრამ თავად მოთხოვნა ახალ სახეებზე ცოტა უცნაურია.
იმედი მაქვს, რომ ივანიშვილის გვერდით იქნება ბევრი ადამიანი, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამოა უცნობი, რომ აქტიურ პოლიტიკაში ინტენსიურად არ არიან ჩაბმულნი. შესაძლოა, ბევრი მათგანი ცხოვრობდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საზღვარგარეთ ქართული დიასპორა ძალიან გაზრდილია. მათი ოდენობა მილიონ ადამიანზე მეტია. იმედი მაქვს, რომ ივანიშვილის პარტიაში ამ ადამიანებისგან გარკვეული შევსება მოხდება. გარდა ამისა, ივანიშვილის პარტიაში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებდნენ და თავისი საქმიანობით ამა თუ იმ პროცესში პოზიტიური როლი აქვთ ნათამაშები.
772
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85