"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"თბილისის ცენტრში მდებარე როკ-კლუბის დირექტორ ეკატერინე ლემონჯავას მტკიცებით, შსს-ს უშიშროების განყოფილება მას თანამშრომლობას აიძულებს. ლემონჯავა აღნიშნულ ფაქტს მის "ქართულ ოცნების" მხარდამჭერად გახდომას უკავშირებს და მთავარ პროკურატურას მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს. ლემონჯავას თქმით, 25 იანვარს დაახლოებით 19 საათზე, რუსთაველის 28-ში მდებარე როკ-კლუბში, რომელსაც იგი 2010 წლიდან ხელმძღვანელობს, მისთვის უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა მამაკაცამა იგი ძალის გამოყენებით დააკავა, შსს-ს უშიშროების განყოფილებაში მიიყვანა და 40 წუთის განმავლობაში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როკ-კლუბის დირექტორი ამბობს, რომ უშიშროება მის გადაბირებას ცდილობდა.
"ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ყოველგვარი საბუთის წარდგენის გარეშე ხელი მომკიდეს და წამიყვანეს. როდესაც ვიკითხე, სად მოვყავდი, მითხრეს, რომ მალე გამომიშვებდნენ. მიმიყვანეს გვერდით შენობაში, შემდეგ გავიგე, რომ ეს ეს შენობა შსს-ს უშიშროების განყოფილების ყოფილა. მეტალოდეტექტორზე შემამოწმეს და შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც მათ შემოუერთდა მესამე პირი. ისინი შეურცხმყოფელი ფორმითა და ლექსიკით განმიმარტავდნენ, რომ ჩემი აყვანის მიზეზი იყო როკ-კლუბიდან სისტემატურად გამომავალი ხმაური, რომელიც თითქოსდა მეზობლებსა და მათ აწუხებდათ. 40 წუთის განმავლობაში სამივე მათგანი შეურაცხმყოფდა უშვერი სიტყვებით, ფიზიკური ზეწოლის მუქარით "ჩამოგიღებ კბილებს", "თავზე დაგამხობ როკ-კლუბს" და ა.შ. ჩათვალეს რა, რომ ფსიქოლოგირად გავტყდი, შემდეგ გადავიდნენ "გეგმის" მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობდა შსს-ს უშიშროების სამსახურთან ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშომლობაზე თანხმობას. როგორც გაირკვა, მათი მიზანი არ იყო კლუბის მუშაობის შეწყვეტა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკატერინე ლემონჯავა.
"მითხრეს, რომ როკ-კლუბში დადიან მათთვის საინტერესო პერსონები და ჩემი თანამშრომლობა გაუადვილებდათ საქმეს. ჩემი მხრიდან უარის განცხადების შემდეგ დამემუქრნენ, რომ აღნიშნულ შენობაში შემოყვანილი არც ერთი ადამიანი არ გასულა იქიდან ამ "ხელშეკრულების" გაუფორმებლად და რომ ისინი ამას ახლა თუ არა, რამდენიმე დღით შენობაში ჩემი გამომწყვდევის შემდეგ მაინც მიიღებდნენ. ბუნებრივია, ეს საუბარი სამივე თანამშრომლის მხრიდან მოდიოდა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრესინგის ქვეშ. ამასობაში, როგორ გაირკვა, ჩემს მოსაძებნად მოსულ ნაცნობებს დაცვამ დაუმალა აღნიშნულ შენობაში ჩემი ყოფნის თაობაზე. გამათავისუფლეს დაახლოებით 40 წუთის შემდეგ და გამაფრთხილეს, რომ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენების განვითარებაზე პასუხს არ აგებდნენ", - იხსენებს ლემონჯავა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იძულებული გახდა ხელი მოეწერა აღნიშნული განცხადებისთვის, მაინც არ აპირებს მათთან თანამშრომლობას", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩემი გადაწყვეტილებით სრულად ვაცნობიერებ, რომ ვარ დიდი რისკის ქვეშ, ჩამოვედი ვა-ბანკს. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან საფრთხის წინაშე, თუმცა სხვანაირად არ შემეძლო. არ შემიძლია ჩემს მეგობრებზე რაღაც ინფორმაცია გადავცე და კიდევ ვინმეს ნარკოტიკი ჩავუდო. მინდა უშიშროების სამსახურს მივმართო და გარკვეული რჩევა მოვცე - იყვნენ ელემენტარულად ინტელექტუალურები და შეისწავლონ ელემენტარული ანბანი ადამიანთა "დავერბოვკების" შესახებ, რადგან მათ ორი წლის განმავლობაში ისიც ვერ გააკეთეს, რომ შეესწავლათ ჩემი ფსიქოტიპი. შესაძლოა, უშიშროების მხრიდან ჩემით დაინტერესება "ქართულ ოცნებასთან" ჩემს თანამშრომლობასთან იყოს დაკავშირებული. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავწევრიანდი მხარდამჭერად, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით ორი თვის წინ მივიღე მუქარის წერილი ტელეფონზე, სადაც ეწერა, რომ უშიშროებამ იცის ჩემი ყოველი ნაბიჯი. რაც შეეხება თანამშრომლობას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები არ მიმღია გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთო", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკატერინე ლემონჯავა.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ კლუბს რამდენჯერმე სტუმრობდა "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი. თუმცა ვერც ზურაბიშვილი და ვერც ლემონჯავა კლუბში მოსიარულე პოლიტიკოსების სიმრავლეს არ ადასტურებენ. ამიტომ ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულით, ხელისუფლება ახალგაზრდების გაკონტროლებას ცდილობს: "აქ იმართება პოეზიის და მუსიკის საღამოები. ეს არის ძირითადად ე.წ. ტუსოვკის ადგილი. მანდ არ დადიან კრიმინალები, რომ ხელისუფლებას უნდოდეს მათზე ინფორმაციის მიღება. ამიტომ ვფიქრობ, ამით ხელისუფლება ახალგაზრდების გაკონტროლებას ცდილობს - ეს არის ტიპური ფაშისტური და ტოტალიტარული სახელმწიფოს ქმედება", -ამბობს დავით ზურაბიშვილი. ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის ორგანოებს სთხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას", - დასძენს გამოცემა.
"მომხდარის თაობაზე ლემონჯავამ წერილობით უკვე აცნობა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. წერილში ნათქვამია: - "მოგმართავთ , შესაბამისმა სამსახურმა დაიწყოს ზემოხსენებულ ქმედებებზე სისიხლის სამართლის საქმის გამოძიება, რადგან ჩემს მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩამდენები მაღალი ალბათობით იყვნენ შსს-ს თანამშრომლები, თუმცა, ბუნებრივია, მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ შემიძლია მათი ამოცნობა. გთხოვთ, დროულად იქნენ გამოვლენილი და დასჯილი დამნაშავე პირები და აღარ მიეცეთ მათ ჩემი დევნისა და დისკრიმინაციის საშუალება", - წერს სტატიის ავტორი.
"გუშინ "ქართულ ოცნებაში" გადაბარგებული სოზარ სუბარი ივანიშვილი გუნდის წევრის ამპლუაში საჯაროდ პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ სუბარი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველია, რომელსაც ეკატერინე ლემონჯავამ მიმართა დახმარებისთვის და უამბო, როგორ გაიტაცეს უშიშროების თანამშრომლებმა და მათთან თანამშრომლობას აიძულებდნენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით შსს "ოცნების" ქალებს დაერია / სოზარ სუბარი რეაგირებას ითხოვს.
"ძალიან ჩვეულებრივი ისტორიაა, კუდ-ის ავტორობით ჩადენილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უკანონობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და იმ არაპროფესიონალიზმსაც, რაც შს სამინისტროში სუფევს. ქალბატონი ეკატერინე, უბრალოდ, როკ-კლუბის ხელმძღვანელია, თვითონაც როკერი, მას მეტსახელიც დაარქვეს უკვე კუდ-ში - "როკერა". ის ფაქტობრივად მოიტაცეს, სრულიად უკანონოდ წაიყვანეს. ტანამშრომლებმა არ წარუდგინეს არავითარი საბუთი. ვინ იყვნენ, რას წარმოადგენენ. 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი შენობაში, რომელიც არ იცდა, რა შენობა იყო. მოგვიანებით იქ მივედით და გავარკვიეთ, რომ ეს არის კუდ-ის შენობა. ის ხალხი, რომელიც ლემონჯავაზე ზეწოლას ახდენდა, შალვა რამიშვილის დახმარებით ამოვიცანით. იყო მუარა, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა, აგინებდნენ ყველანაირი უშვერი სიტყვებით, გენიტალიების მოხსენიებით, აქედან ვერ გახვალ ისე, თუ თანამშრომლობას არ დათანხმდებიო", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის განმარტებით ლემოჯავას ასე მხოლოდ იმის გამო მოექცნენ, რომ ერთი კვირის წინ გახდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი", აღნიშნავს გამოცემა.
"იგი აიძულეს დაეწერა განცხადება, მაგრამ მაშინვე მე მომმართა, შალვა რამიშვილს დაურეკა. ეკატერინე ლემონჯავა შალვა რამიშვილთან ერთად იყო წასული იმ შენობაში და მათ გადაიღეს ის ადამიანი. ხშირად სჩვევია ხელისუფლებას, შს სამინისტროს, როცა ვინმეს ამოვიცნობთ, მაშინვე იტყვიან, რომ ეს ადამიანი მათთან არ მუშაობს, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იქ მუშაობს. თუ არ მუშაობს, მაშინ ეს ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაა, რაც გაცილებით მძიმე დანაშაულია. ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად ბოლომდე ივიყვანთ. ქალბატონ ელკას მადლობას ვუხდით გამოჩენილი სამოქალაქო გამბედაობისთვის", - ამბობს სოზარ სუბარი. ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ ყველას, ვინს უკანონობას ჩაიდენს, აუცილებლად აგებინებენ პასუხს და აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვინც გაბედავს, ყველას დაიცავენ", - დასძენს გამოცემა.
945
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85