კარაბას-ბარაბასი ვაშინგტონში გაემგზავრა ანუ სააკაშვილის დიდი და ალბათ, ბოლო შანსი

კარაბას-ბარაბასი ვაშინგტონში გაემგზავრა ანუ სააკაშვილის დიდი და ალბათ, ბოლო შანსი


"Мой народец странный,
глупый деревянный,
Кукольный владыка,
Вот кто я, поди-ка...
Грозный Карабас,
Славный Барабас...
…………………………………
пригрожу лишь плеткой -
мой народец кроткий....
Песни распевает,
Денежки сбирает
В мой большой карман,
В мой большой карман..."

მთვრალი კარაბას-ბარაბასის სიმღერა.
ავტორი: А.Н. Толстой, ზღაპრიდან "Буратино, или золотой ключик" 

ალექსი ტოლსტოის გენიალური ზღაპარი „ბურატინო“ ან, როგორც მას ხელნაწერში ჰქვია - „რომანი ბავშვებისა და დიდებისათვის“, ალბათ, ყველას აქვს წაკითხული. ეს ლამაზი ისტორია, მიუხედავად მისი მსგავსებისა იტალიელი კარლო კოლოდის (ლორენცინის) „პინოქიოს თავგადასავალთან“, გამოსვლის დღიდან მკითხველთა ყურადღების ცენტრში მოექცა. „ბურატინო“ ბევრად უფრო მხიარული და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე კოლოდის გრძელი და ბევრ შემთხვევაში, მოსაწყენი „რომანი“. ყველა მიხვდა, რომ ტოლსტოის „ბურატინო ანუ ოქროს გასაღები“ ბევრად უფრო საინტერესოდ იკითხება და იგი დიდ რუს მწერალს მხოლოდ ბავშვებისათვის არ დაუწერია. 

ტოლტოისეული „თოჯინების მეცნიერების დოქტორის“ კარაბას-ბარაბასის თოჯინების თეატრი, ავი და ტირანულია: თოჯინები ბოროტი კარაბასის სცენარებით თამაშობენ და განუწყვეტლიც სცემენ ერთმანეთს - არლეკინის მთავარი საქმე, საწყალი პიეროს აგდება და გასილაქებაა. ამ ძალადობაზე კი მაყურებელი იცინის, ხოლო კარაბას-ბარაბასი - ოქროებს აგროვებს. ტოლსტოის ზღაპრის ბოლოს, მოხერხებული ბურატინოს მიერ მოპოვებული, ჯადოსნური გასაღების დახმარებით, თოჯინები პაპა კარლოს ნახატ ბუხარში შედიან, ჯადოსნურ კარს აღებენ და პოულობენ თავიანთ თეატრს, რომელშიც ისინი თავიან თავზე და თავიან ისტორიებზე დგამენ სპექტაკლებს.

ტოლსტოისთან კარაბას-ბარაბასის ფინალი მწარეა - „თოჯინების მეცნიერებათა დოქტორი“ წუმპეში ამთავრებს თავის მოღვაწეობას, ხოლო თოჯინები, თავიანთ ახალ და დამოუკიდებელ თეატრში, რომელსაც ტოლსტოიმ „ელვა“ შეარქვა, ბევრ მაყურებელს შეკრებენ და შემოქმედებით (და ალბათ კომერციულსაც) წარმატებას აღწევენ. 
თუ დღევანდელ საქართველოს, კარაბას-ბარაბასის თეატრს შევადარებთ, რომელშიც თოჯინებს მუდმივად ამცირებენ და სცემენ, ძნელი არ იქნება იმის გამოცნობა თუ ვინ არის „თოჯინების მეცნიერებათა დოქტორი“. დიახ, ძალადობის პროპაგანდის და ცუდი გემოვნების თეატრის ხელმძღვანელი მ. სააკაშვილი გამოდის, არლეკინი - ვ. მერაბიშვილი, ხოლო პიეროს არც ისე სახარბიელო როლი ჩვენს ოპოზიციას ერგება. ცოტათი ძნელია ზღაპრის მთავარი გმირის, ბურატინოს იდენტიფიკაცია, თუმცა თუ პიესის მთავარ გმირზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველას აჯობებს, ბურატინოდ ჩვენი თავები, საქართველოს ხალხი, წარმოვიდგინოთ. 

ხის კაცუნა, ბურატინო, ძალიან გავს დღევანელ ქართველს: იგი უდარდელია, უფულო, სულელი, მატყუარა და უწესო. ამას ისიც ემატება, რომ უცოდინარი და უსაქციელოა, მაგრამ მიუხედავად მისი „ხისთავიანობისა“, ბურატინო თავისი ეშმაკობისა და ამავე დროს, კეთილი ბუნების დახმარებით, ამარცხებს ბოროტ რეჟისორს, მის მსტოვრებს გზას უბნევს და საბოლოოდ მაინც პოულობს გასაღებს (თანაც ოქროსას) უკეთესი სამყაროსკენ (წაიკითხეთ ევროკავშირისკენ), სადაც ყველა თავის სპექტაკლს თამაშობს, ძალდატანებისა და ხელოვნური რეჟისურის გარეშე.
სავარაუდოდ, ტოლსტოის ეს ზღაპარი საქართველოზე არ დაუწერია და მისი პირდაპირი გადამღერება არ გამოვა. სამწუხაროა, რომ ტუტუცი ბურატინო უფრო მიზანმიმართული და თანმიმდევრულია, ვიდრე ჩვენ, დღეს. მაგრამ არა უშავს. ბურტინომ თუ შესძლო, ჩვენც შევეცდებით რაღაცას და ვუჩვენებთ ბოროტ რეჟისორს თავის ადგილს. 

ერთიც სათქმელია - უკვე ყველა ხვდება, რომ საქართველოს კარაბას-ბარაბასს, სცენარები დაუძველდა, დრამატურგები მიმოეფანტნენ, მათრახიც გაუცვდა, მაყურებელიც შეუთხელდა და ბურატინოს მოულოდნელმა აღმოჩენამ, რომ პაპა კარლოს დახატული ბუხრის იქით შეიძლება რაიმე უკეთესი არსებობდეს, ყველას ახალი იმედები ჩაგვისახა. 

მართლაც შეუძლებელია, რომ მაყურებელს განუწყვეტლივ ერთი ტიპის სპექტაკლი შესთავაზო და მასაც განუწყვეტლივ მოსწონდეს იგი. ალიყურები და მუჯლუგუნები უკვე პიეროსაც მობეზრდა, არლეკინსაც ბურატინოსკენ გაურბის თვალი და ხალხი კი მათზე აღარ იცინის....

მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც დასაფიქრებელია და სერიოზულად აღსაქმელი: არ დაგავიწყდეთ, რომ კარაბას-ბარაბასი პირველ რიგში კომერსანტია და მხოლოდ მერეა რეჟისორი. მისი ბოროტი სპექტაკლები, მათი საეჭვო ესთეტიური ღირებულების მიუხედავად, კარგ ფულს აგროვებენ. მას მოსწონს, რომ მის თეატრში დადიან და მის გემოვნებას იზიარებენ, მის ბილეთს ყიდულობენ. კარაბასს უყვარს ხალხში გამოჩენა. იგი გრანდიოზულია, ხის ამ პატარა თოჯინების ფონზე. მას „შვიდკუდიანი“ მათრახი აქვს და იგი ვერაფრით ვერ შეეგუება, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „ბიზნესის“ დახურვას. ამიტომაც, დოქტორი კარაბასი გამოსავალს ეძებს... 

 თოჯინების მეცნიერებათა დოქტორი, კარაბას-ბარაბასი, ვაშინგტონში წავიდა, რათა დაარწმუნოს მსოფლიო თეატრის მთავარი „რეჟისორი“, რომ ყველაფერი კარგად მიდის, რომ პიერო კვლავ საწყალი და სასაცილოა, ხოლო არლეკინს კვლავ მტკიცე მარჯვენა აქვს და ხალხიც სიცილისგან არის ჩაბჟირებული...
სამწუხაროდ, საქართველოს კარაბას-ბარაბასმა (და არც ბურატინომ) არ იცის რას ეტყვიან მას იქ... მთავარ ქალაქში. 

დღევანელი თოჯინების სამყარო შეცვლილია. მეარღნე პაპა კარლო და დურგალი ჯუზეპე უკვე გარდაიცვალნენ. მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს - დღეს მთავარ მჭედლებს, მეტალურგებს, დურგლებსა და მუსიკოსებს აღარ ჰქვიათ მუსიკალური, იტალიური სახელები, მათხოვარი ბაზილიოსა და მატყუარა ალისას ადგილები ბირჟების გაქნილ ვაჭრებს უკავიათ, „მოლაპარაკე ჭრიჭინა“ რჩევებს უფასოდ აღარ არიგებს, ხოლო „დიდი ქალაქების“, დიდი თეატრების „თოჯინების მეცნერებათა მთავარი მაგისტრები“ იაფფასიან, ძალადობაზე აგებულ „სპექტაკლებს“ აღარ სწყალობენ. მათ აღარ აკმაყოფილებთ გაქუცული, გადაღეჭილსცენარიანი, პროვინციული თეატრები. დღეს „თავისუფალი“ თოჯინების ეპოქა დგება... 

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადება (ამონარიდი): 
„...პრეზიდენტი ასევე ელოდება საქართველოში მომავალ არჩევნებზე და რეფორმებზე დისკუსიას, რომლებმაც უნდა გაამყაროს საქართველოს მიმდინარე ტრანსფორმაცია ცოცხალ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწოფოდ“. /“...The President also looks forward to discussing upcoming elections in Georgia and the reforms that will ensure Georgia’s continuing transformation into a vibrant and stable democratic state“. 
17 იანვარი, 2012 წელი

კაბარაბ-ბარაბასი ვაშინგტონს გაემგზავრა, ხოლო ბურატინო, პაპა კარლოს ღარიბულ სახლში, ტილოზე დახატულ ბუხარს კვლავ ჯიუტად უტრიალებს...