ევრო - მომხრე და წინააღმდეგი!

ევრო - მომხრე და წინააღმდეგი!


როგორი იქნება 2012 წლის მსოფლიო ეკონომიკა, გაიყოფა თუ არა ევროკავშირი ორ ნაწილად - მდიდარ ჩრდილოეთად და ღარიბ სამხრეთად, რა ბედი ელის ევროს - დღეს ეს თემები ექსპერტულ წრეებში აქტიურად განიხილება.

ფაქტია, რომ ევროპაში მიმდინარე პრობლემების გამო, გასული ნახევარი წლის განმავლობაში ევროს თვითღირებულება 10%-ით შემცირდა. რაც უფრო სწრაფად გაგრძელდება ევროს გაიაფება, მით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი ისეთი ქვეყნების ეკონომიკური ვითარების გამოსწორება, როგორიც იტალია, ესპანეთი და საფრანგეთია. ასე, რომ ან ევრო უნდა გამოასალმონ "სიცოცხლეს", ან განვითარებულ ეკონომიკებს შეელიონ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნებში საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად საუკეთესო გამოსავალი, ევროზონის ფარგლებს მიღმა ექსპორტის მოცულობის ზრდაა. თუმცა მანამ, სანამ ექსპერტები მსჯელობენ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart&Poors-მა 14 იანვრის ღამეს, ერთბაშად ევროზონის 9 ქვეყნის რეიტინგი დაწია, მათ შორის ავსტრია და საფრანგეთი თავის უმაღლეს - AAA რეიტინგებს გამოასალმა.

რა გავლენას იქონიებს ევროზონაში მიმდინარე კრიზისი საქართველოზე, შემცირდება თუ არა ფულადი გზავნილების მოცულობა და რომელ ვალუტაში შევინახოთ ჩვენი დანაზოგი - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ ქართველ ექსპერტებს ვთხოვეთ.

ზურაბ გავსალია, (საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი): 
- ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო, მხედველობაში არ მაქვს, ის ქვეყნები საიდანც კრიზის დაიწყო (იტალია, ესპანეთის საბერძნეთი) მობილიზებულია კრიზისის დასაძლევად. თავად სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია ევროს გაუქმება.

- ბრიტანული ეკონომიკისა და ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით კი ათი წლის შემდეგ ევრო აღარ იარსებებს...

- მათ გაცილებით მეტი ინფორმაცი აქვთ ვიდრე მე, თუმცა მაინც სავალუტო ფონდის განცხადება უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკეები მიდის წამყვან ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ამინდს ქმნიან მსოფლიოში, როგორც ფინანსური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ევრო უნდა შენარჩუნდეს და კრიზისი დაიძლიოს, ჩემთვის ეს უფრო სარმწუნოა, ვიდრე ბრიტანული ცენტრის პროგნოზი. ისე, ჩვენს თანამოქალეებს ვურჩევ ლარში გააკეთონ დანაზოგები, სავალუტო რისკებს ასე უფრო აიცილებენ თავიდან. სავალუტო რისკების თავიდან აცილების გარანტი ეროვნული ბანკის რეზერვებია და ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს.

საქართველოში დღეს საკმაოდ მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი. ეს ერთგვარი პრობლემაც კი არის ქვყნისთვის. როდესაც შემოსავლები ლარში გაქვს, ანგარიშსწორებას ლარში ახდენ და გადასახედებსაც ლარში იხდი, ჯობია, რომ დანაზოგებიც ლარში შეინახო. 

ევროზონაში არასასისმოვნო მოვლენები ვითარდება, მაგრამ კრიზისი მანამდე იქნება დაძლეული, სანამ საქართველომდე მოაღწევს. ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რადგამ არა ერთხელ ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ როცა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზიაციები ცდილობენ კრიზისის დაძლევას, ის დაიძლევა კიდეც. ეს ადვილი პროიცესი არ არის, ყველაფერს დრო უნდა."

ნოდარ ხადური, (ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი): 
- ევრო უფრო პოლიტიკური პროექტია ვიდრე ეკონომიკური. თავის დროზე ევროპის სავალუტო ზონა ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებს რეალური ალტერნატივა გაეწიათ დოლარისთვის, თუმცა დოლარისგან განსხვავებით (დოლარი ერთი ქვეყნის ვალუტაა) ევროკავშირი ერთი ქვეყანა არ არის, იქ სხვადასხვა პოლიტიკებია, ფისკალურ პოლიტიკაზე მაქვს საუბარი, რაც გამოიხატა კიდეც საბოლოო ჯამში, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ვალის ზრდაში (საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი). ამის მიუხედავად, ევროპის ლოკომოტივები, როგორიც არის საფრანგეთი და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევრო შეინარჩუინონ. ვფიქრობ, ჯერ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია. ღრმად ვარ დარწმუნებული ეს პრობლემები მალე მოგვარდება. თუმცა დოლარს ევრო ვერასდროს ჩაანაცვლებს.

დოლარი ამერიკის ეროვნული ვალუტაა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს და ამავე დროს დოლარის რაოდენობა მსოფლიოში ძალიან მაღალია. ანუ მთელ მსოფლიოში, დოლარის ნდობის კოეფიციენტი მაღალია. სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში სადაც დოლარს არ ენდობიან (თუმცა ეს ოფიციალუირად არ ენდობიან, თორემ ისე ენდობიან), მაგალითად ვენესუელა, ირანი და ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ-სთან ცუდი ურთიერთობა აქვთ.

- საქართველოზე რა გავლენას იქონიებს ევროს კრიზისი?

- ჩვენთან ყველა ოპერაცია დოლარში ხორციელდება და ევრო ძირითადი ვალუტა არ არის, თუმცა თუ ევროზონაში ცუდი ვითარება იქნება, ეს ნიშნავს, იმას რომ ჩვენ ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით პრობლემები შეგვექნება. ჩვენი ექსპორტის 25% ევროპაში გადის, თუ იქ პრობლოემები იქნება, ევროპაში ექსპორტი შემცირდება, რაც ჩევნს მთლიან შიდა პროდუქტს შეამცირებს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან და იტალიიდან.

- ჩვენ დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ევროზონის კრიზისი თუ აისახება ჩვენს სამომხმარებლო ფასებზე?

- კრიზის დროს ფასები მცირდება, რადგან ამ დროს მოთხოვნა მცირდება. მაგრამ ფასის ზრდა ან კლება, კიდევ ძალიან ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სურსათის შემთხვევაში მის მოსავლიანობაზე, პოლიტიკურ ვითარებაზე და ა.შ

- თქვენ რა ვალუტაში გვირჩევთ დანაზოგის შენახვას?

- ღემრთმა შესანახი მოგცეთ და დღეს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს, დანაზოგი დოლარში აქვს.

ირაკლი ლექვინაძე, (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): 
- ერთი რამ ფაქტია, რომ 2012 წელი ევროზონის ქვეყნებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ევროს მიმოქცევა ხდება, იქნება ურთულესი წელიწადი. კრიზისი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, პიკს 2012 წელს მიაღწევს. პრაქტიკულად ყველა პროგნოზის თანახმად, ყველა ქვეყანა გერმანიის გარდა ან ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნით ხასიათდება, ან ნულოვანი ეკონომიკური ზრდა ექნებათ. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ევროს პოზიციები შესუსტდება. თუმცა, პირადად მე გადაჭარბებული მიმაჩნია იმის თქმა, რომ ევრო აღარ იარსებობს, რადგან დღეს არსებული პოლიტიკა და ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა ადასტურებს, რომ მათ სურთ შეინარჩუნონ ეს კავშირი და შეინარჩუნონ ევრო. ძალიან ბევრ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ევრომ მისი შემოღების დღიდან, მეტი სარგებელი მოუტანა, ვიდრე აზარალა ეს ქვეყნები. ასე, რომ არ ფიქრობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუნდაც საბერძნეთი ან პორტუგალია, ევროკავშირში ამ დრომდე არ დარჩებოდნენ. ასე, რომ ევროს პოზიციები შესუსტდება, მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ მიუხედავდ ამ პრობლემებისა ევროს გაუქმება არ მოხდება. ეს ჩემი ვარაუდია და ძალიან მინდა ასე მოხდეს, რადგან ევროკავშირის პოლიტიკური მარცხი იქნება თუ ბევრი ქვეყანა დატოვებს მას.

ასეთ ვითრებაში ყოველთვის აქტუალური კითხვაა, რომელ ვალუტაში ჯობს ფულის შენახვა. მაგრამ, ბოლო დროს ამაზე სტანდარტული პასუხი არსებობს. მოკლევადიან პერიოდში, ადამიანმა დანაზოგი უნდა შეინახოს იმ ვალუტაში, რომელშიც მის დახარჯვას აპირებს. უფრო დიდი ხნით თუ აპირებს ფულის შენახვას, ამ ეტაპზე ყველაზე სტაბილური შვეიცარული ფრანკია."