მეორე ტური ფინეთში - საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ლატარეას დაემსგავსოს

მეორე ტური ფინეთში - საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ლატარეას დაემსგავსოს

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამეს. ხმათა 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ასე რომ, ახლა ქვეყანა არჩევნების მეორე ტურს ელის.

ფინეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ  ფინეთში დაბადებული ადამიანი. კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ ან პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც თუნდაც ერთი დეპუტატი ყავთ პარლამენტში, ან ამომრჩეველთა არანაკლებ 20 ათას კაციან საინიციატივო ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ისარგებლა ამ უფლებით და არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა.

ქვეყნის მეთაურის პოსტისთვის ბრძოლას მმართველი  ნაციონალური კოალიციური პარტიის კანდიდატი, პარლამენტის ექს–სპიკერი საული ნიინისტო და მისი მოწინააღმდეგე - „მწვანეთა“ პარტიის კანდიდატი პეკა ჰაავისტო გააგრძელებენ. არჩევნების მეორე ტური 5 თებერვალს შედგება.

ნიინისტო ფინური პოლიტიკის მძიმეწონოსანია – ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი, შემდეგ – ფინანსთა მინისტრის, იყო პარლამენტის სპიკერი. ამჟამად 63 წლის საული ნიინისტო პირველია პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში. არჩევნების პირველ ტურში მან ხმათა 37%  მიიღო და დანარჩენი შვიდი პრეტენდენტი უკან მოიტოვა.

„შესანიშნავი შეგრძნებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს შეგრძნება კიდევ უფრო უკეთესი გახდება“- განაცხადა ნიინისტომ.

წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიინისტოს არ გაუმართლა, იგი ტარე ჰალონენთან დამარცხდა სამპროცენტიანი სხვაობით. ზოგადად, მისი ცხოვრება დაცემებისა და აღმსავლებისგან შედგება. 2004 წელს სასწაულით გადაურჩა ცუნამის ინდონეზიაში, ერთი წლის შემდეგ კი ავტოკატასტროფაში მეუღლე დაეღუპა.

ახლა იგი კვლავ ბედნიერად გამოიყურება: უღიმის თავის მეორე მეუღლეს, ენის, რომელიც ნიინისტოზე თითქმის 30 წლით უმცროსია. საული ნიინისტო ყველაზე მდიდარია კანდიდატებს შორის, მაგრამ სასმელები ბარში და გარდერობიც კი ფასიანია. ფინეთში ასეა მიღებული – პრაგმატიზმი ყველაფერში. რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ კითხვის დასმაც არ არის საჭირო, ნიინისტო თვითონ საუბრობს ამის შესახებ.

„ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მე ვთვლი, რომ ჩვენ მაქსიმალურად პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ფინეთში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია. ბევრი აქ არდადეგებს და შვებულებებს ატარებს. ისინი ქირაობენ კოტეჯებს ზაფხულობით. ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ურთიერთობები განვითარდეს“ - აღნიშნავს საული ნიინისტო.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ფინეთს მემარჯვენეები აღარ ჩაუდგებიან სათავეში. წინა საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულმა, მემარჯვენე პარტიის, „ნამდვილი ფინეთის“ ლიდერმა ტიმო სოინიმ მიღებულ ხმათა რაოდენობის მიხედვით მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. გამარჯვებისთვის კი ნიინისტოს თანამოაზრეები – ცენტრისტები ემზადებიან.

საული ნიინისტეს შტაბში უკვე ზეიმობენ, მაგრამ ზეიმიჯერ ნაადრევია – მართალია იგი ლიდერია, მაგრამ ერთბაშად 50%-ის მიღება მაინც ვერ შეძლო. ეს ნიშნავს, რომ თებერვლის დასაწყისში შედგება მეორე ტური, სადაც ორი უძლიერესი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

მეორე ადგილზე პეკა ჰაავისტოა მწვანეთა პარტიიდან. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მისი მომხრე არა ორ, არამედ ოთხ ფეხზე დადიოდა. ეს იყო გოჭი, სახელად ედვინი - ფინეთში ცნობილი სახე. თუმდა ხმის მისაცემად ჰაავისტო მის გარეშე მივიდა. პეკა ჰაავისტო არ მალავს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. იგი დარეგისტრირებულ ურთიერთობაში იმყოფება თავის ეკვადორელ მეგობართან. ჰაავისტო გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრია, მაგრამ მშვენივრად ესმის, რომ პრეზიდენტის პოსტზე სხვა საკითხებიც აქტუალური და მნიშვნელოვანია.

„სწორედ ფინეთის პრეზიდენტი განსაზღვრავს შიდაპოლიტიკურ კურსს. მე ღია ურთიერთობების მომხრე ვარ, მხარს ვუჭერ შენგენის ზონის ქვეყნებთან და რუსეთთან ვიზის გაუქმებას. იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში გახდება რეალური“ - განაცხადა ჰაავისტომ.

ნიშანდობლივია ის, რომ ფინელი ფინო-უგორების უმრავლესობამ ჰაავისტოს დაუჭირა მხარი.

”რატომ უჭერს ხალხი ჰაავისტოს მხარს? და განსაკუთრებით რატომ უჭერენ მას მხარს ფინო-უგრები? ვფიქრობ იმიტომ, რომ ჰაავისტო ლიბერალია, ის  გარემოს დაცვის ფესეულობების ერთგულია. ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვა და ბუნება მეტად მნიშვნელოვანია ყველა ფინო-უგრისთვის. ჰაავისტოს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში, ის დიდხანს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ის კულტურისა და სოციალურური ფასეულობების მხარდამჭერია, ნიინისტო კი – არა. ბევრმა ადამიანმა ხმა ნიინისტოს წინააღმდეგ მისცა, რადგან ის მკაცრი მემარჯვენე პოლიტიკოსია (ნამდვილი ბურჟუა) ჰაავისტო კი უფრო მეტად ჰუმანური კანდიდატია. ამის გარდა, მეჩვენება, რომ  ჰაავისტო უფრო გულწრფელი პოლიტიკოსია ვიდრე  ნიინისტო” - ასეთი კომენტარი გაუკეთა ფინელთა არჩევანს პუბლიცისტმა ვილე როპონენმა.

საინტერესოა არჩევნების პირველი ტურის შედეგების ანალიზი სოციოლოგიური კუთხით. თვალშისაცემია, რომ ნიინისტომ გამარჯვებას მიაღწია ფინეთის 10 უდიდეს ქალაქში. მხოლოდ ჰელსინკში გაუწია მას ჰაავისტომ ღირსეული კონკურენცია. ცენტრალური და ჩრდილოეთ ფინეთის პატრა მუნიციპალიტეტების სიმპათია ძირითაად პაავო ვიაიურიუნენისკენ (ექს საგარეო საქმეთა მინისტრი) გადაიხარა.

პირველი ტურის შემდეგ ჰაავისტოს ხმათა თითქმის 19% აქვს, მაგრამ ამის დამარცხებად ჩათვლა არ შეიძლება, პირიქით, მეორე, გადამწყვეტი ტური ფინეთში განიხილება როგორც ცალკე მოვლენა და ლატარეა. ამომრჩეველს 5 თებერვლამდე აქვს დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიდეს, თუ ვის მისცეს ხმა. ასევე, დრო იმისთვის, რომ გამოემშვიდობოს ტარე ჰალონენს, რომელიც ქვეყანას 12 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

მეორე ტურში გასული კანდიდატები კი ძალებს არ ზოგავენ, რათა 5 თებერვალს წარმატებას მიაღწიონ. ნიინისტო ცდილობს, მეორე ტურის წინ აქცენტები ეკონომიკურ პოლიტიკასა და ფინელთა ფასეულობებზე გააკეთოს. მაშინ, როცა ჰაავისტოს კამპანია საერთაშორისო პოლიტიკისა და ნაკლებად უზრუნველყოფილ მოქალაქეთა საკითხებზეა ორიენტირებული.

ბევრი რამ არის დამოკიდებული საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის აწ უკვე ყოფილ მონაწილეთა პოზიციაზე, რაც დარჩენილ კანდიდატებს დაეხმარება სხვა კანდიდატების მხარდამჭერთა მიმხრობაში: ქრისტიან-დემოკრატთა კანდიდატმა სარი ეასაიამ კვირას ღიად დაუჭირა მხარი ნიინისტოს, ტიმო სოინიმ მართალია ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მხარი დაუჭირა ჰაავისტოს, თუმცა თავისი სიტყვები მალევე უკან წაიღო. სოციალ-დემოკრატებს ჯერ არ გადაუჭყვეტიათ დაუჭერენ თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს.

ნიინისტოს საარჩევნო კამპანია ყველაზე უფრო მასიური და ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი იყო და მას საკმაო სახსრები გააჩნია მეორე ტურის კამპანიის საწარმოებლად. მას შემდეგ რაც გაირკვა რომ მათი კანდიდატი აგრძელებდა საარჩევნო მარათონს, ”მწვანეებმა” სასწრაფოდ დაიწყეს საარჩევნო ფონდის შევსება. მათ ერთ ღამეში 75 000 ევროს შეგროვება მოახერხეს.

ყველაფერი 5 თებერვალს გაირკვევა, როცა მეორე ტურის ხმის მიცემა დასრულდება.

ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების გახორციელებას არჩევნების შემდგომი პირველი თვის პირველ რიცხვში - 1 მარტს შეუდგება. ამ დღეს 12:00 საათზე ის პარლამენტის წინაშე საზეიმო სიტყვით გამოვა. ამის შემდეგ (დაახლოებით 12:20 საათზე) მისი უფლებამოსილება იწყება, ხოლო წინა პრეზიდენტისა კი წყდება.