რუსეთი მცდელობას არ აკლებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. „ნეზავისიმაია გაზეტა“ ირწმუნება, რომ „საქართველოს პოზიცია რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ხელს არ უშლის. თუმცა არსებულ რეალობას ვერავინ გაექცევა – მსო–ში შესვლას აბსოლუტურად ყველა მონაწილის თანხმობა სჭირდება.
თბილისი მწვანეს ანთებას არ აპირებს, სანამ რუსეთი ქართული მხარის პირობებს არ შეასრულებს. კერძოდ საუბარია, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და სხვა საკითხების მთელს სპექტრზე (კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია, დევნილების დაბრუნება და სხვ.), რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს.
ოპოზიციის და ექსპერტთა ერთი ნაწილი საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებს აფიქსირებენ. „თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, რუსეთს მსო-ში გაწევრიანება ქართული მხარის მიერ წაყენებული პირობების დასაკმაყოფილებლად არ უღირს, ამდენად საქართველო ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას უნდა დასჯერდეს.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს ვერავინ აკონკრეტებს. როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რუსეთის ხელისუფლების არაერთი ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ვერავინ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის გახდება რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი.
მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მედვედკოს განცხადებით, უკვე ერთი წელია, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ აღარანაირ პროგნოზს არ აკეთებს და არც მომავალში აპირებს ასეთი პროგნოზების კეთებას. მისი განცხადებით, მთავარი შეთანხმებები უკვე მიღწეულია და საქართველოს პოზიცია, რომელიც ამ პროცესს ამუხრუჭებს, სავარაუდოდ, ხელის შემშლელი ვერ იქნება.
„კითხვაზე, საქართველოს პოზიციის გამო შესაძლოა თუ არა რაიმე პრობლემები წარმოიქმნას, ჩვენი პოზიცია მარტივია – ეს ორგანიზაციის გადასაწყვეტია. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა, რადგან ისინი განსაზღვრავენ ორგანიზაციაში გაწევრიანების წესებს“, – განაცხადა მედვედკომ.
იგი დარწმუნებულია, რომ ვმო-ში გაწევრიანების წესები და მათი შესრულების პრაქტიკა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.
რუსეთის ვმო-ში მიერთების საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი ალექსეი პორტანსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი საქართველოს თანხმობის გარეშეც გახდება, რადგან ორგანიზაციის ნორმები ამის საშუალებას იძლევა.
„თუმცა, ეს არასასურველი სცენარია, რადგან ორგანიზაციის რიგებში გაწევრიანება კონსესუსის საფუძველზე ხდება“, – განაცხადა პორტანსკიმ.
მისი აზრით, არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი 2011 წელს გახდეს, მაგრამ, მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება.
„რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია საბოლოოა და არ შეიცვლება“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს მანამ, სანამ ქართული მხარის პირობები არ შესრულდება. საუბარია საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და სხვა საკითხების მთელს სპექტრზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს“, - განმარტავს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და აშშ-მა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაასრულეს.
ქართული მხარე რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისთვის ვეტოს მოსახსნელად იმთავითვე რიგ პირობებს აყენებდა, კერძოდ, კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციას, დევნილების დაბრუნებას, როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე ერთობლივი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ამოქმედებას ითხოვდა.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის აკაკი მინაშვილის მტკიცებით კი, „ქართული მხარე მსო-ში რუსეთს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი მოსკოვი ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ – სახელმწიფოთა ეკონომიკური საზღვრების დაცვის პრინციპს განახორციელებს“.
მინაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ „მსო-ში რუსეთის გაწევრიანება ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახნისა და სავაჭრო ურთიერობების აღდგენის სანაცვლოდ არ მოხდება“.
„მსო-ს წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკური საზღვრების დაცვა და მათი სრული კონტროლი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენც რუსეთისგან მის დაცვას მოვითხოვთ. შესაბამისად, საკუთარ ვეტოს მოვხსნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით ჩვენი ეკონომიკური საზღვრების სრული გაკონტროლების გარანტია გვექნება“ – განუცხადა „პირWელს“ მინაშვილმა.
რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანაზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთისათვის აშშ-ის მიერ გამოხატულ ღია მხარდაჭერასა და ამ საქმეში დახმარების პირობას, მინაშვილი აცხადებს: „როგორც ჩანს, ამ მიმართულებით რუსეთმა და ამერიკამ ერთმანეთს შორის მოილაპარაკეს და ყველა სადავო საკითხი გაარკვიეს, თუმცა რუსეთს აშშ-ის გარდა, მსო-ის წევრ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც მოუწევს მოლაპარაკებების დაწყება“.
აქვე უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ „მოცემული მომენტისათვის ამ მიმართულებით რუსეთის ფედერაციასთან არავითარ დიალოგს ადგილი არ აქვს“.
ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს ვეტო არასერიოზულია. ხუხაშვილის თქმით, ერთადერთი ადეკვატური რამ, რაც შეიძლება საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ მიიღოს, ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნაა. ექსპერტის თქმით, იმის ილუზია, რომ ეს თანხმობა საქართველოს გამთლიანების პრობლემის გადაწყვეტის ბერკეტი შეიძლება იყოს, ღიმილის მომგვრელია.
ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. რუსეთის ფინანსთა მინისტრ ალექსანდრ კუდრინის თქმით, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების ოფიციალური პროცედურა 2-3 თვეში დაიწყება.
ამის ერთ-ერთ მთავარ წინაღობად დღემდე საქართველო ითვლებოდა, თუმცა, რუს ანალიტიკოსთა შეფასებით, აშშ-ს თანხმობის შემდეგ საქართველოს უარი მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას ვეღარ დააბრკოლებს.
„რეზონანსთან“ საუბრისას ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ფონზე საქართველოს გაჯიუტება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, რადგან მთელი სამყაროა დაინტერესებული, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. ექსპერტის თქმით, ამ თანხობის საპირწონედ პოლიტიკური მოთხოვნების დადების მცდელობა უგუნურობაა.