მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სამშობიაროებში მისვლას მოუხშირა, ახალშობილები გაცილებით მეტი რაოდენობით „იბადებიან“. სულ ახლახანს ლაგოდეხის კლინიკაში ერთ დღე-ღამეში 10 ახალშობილი დაიბადა, რაც სპეციალისტებში დაეჭვების საბაბს იწვევს. ლაგოდეხის ერთ კლინიკაში 24 საათში თუ ამდენი ახალშობილი იბადება, მაშინ ამ ტემპით საქართველოში 400 ათასამდე ჩვილი უნდა იბადებოდეს, რაც არათუ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში არ ხდება.
ამ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკას ეწვია და ლაგოდეხელი ახალშობილები პირადად მოინახულა. ახალშობილ ჩვილთაგან ერთ-ერთი პრეზიდენტის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა. როგორც სახელისუფლო ტელევიზიები გვამცნობდნენ, ქვეყნის პირველმა პირმა თითოეულ მათგანს საჩუქრები მიუტანა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. აღსანიშნავია, რომ 3 დეკემბერს გახსნილ „არქიმედეს“ კლინიკაში უკვე 80 ბავშვი გაჩენილა. თუმცა ამ „შთამბეჭდავი“ სტატისტიკური მონაცემების შემხედვარე, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორს, დემოგრაფ ანზორ თოთაძეს მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამი გაახსენდა:
„მარკ ტვენს ნათქვამი აქვს, არსებობს სამი სახის სიცრუე: ერთი არის სიცრუე, მეორეა საძაგელი სიცრუე და მესამეა - სტატისტიკა. ამდენი ბავშვი საქართველოში არ დაბადებულა, ამდენად, ეს არის მაამებლური პოლიტიკა,“ - აცხადებს ანზორ თოთაძე Presage. Tv-სთან საუბრისას.
ანზორ თოთაძის თქმით, ქვედა ეშელონებში ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში დიდი მოთხოვნაა, რათა ახლადდაბადებული ბავშვების რაც შეიძლება მეტი ციფრი დაიდოს. სინამდვილეში კი, საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციაა. ექსპერტის თქმით, ოფიციალური მონაცემები იმდენად მაამებლურია, რომ მათი ანალიზიც გვიჩვენებს, რომ ჩვენში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულია. ეს მომავალშიც გაგრძელდება და დაახლოებით ათი წლის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე იქნება. ანზორ თოთაძის განმარტებით, როგორც წესი, ყოველ ას გოგონაზე 104-106 ვაჟი იბადება. ახლა კი, ამ მაამებლური პოლიტიკის წყალობით, თურმე 127 ვაჟი დაბადებულა, ასეთი რამ მსოფლიოშიც არ არსებობს.
„იმის არ იყოს, მიხეილ სააკაშვილს ზარ-ზეიმით რომ ხვდებიან და მისი დანახვისას ერთი ამბავია ატეხილი - სამი წლის ბავშვი, „მიშა-მიშას“ რომ იძახის, ხომ ვიცით, რომ ის დარიგებულია?! სწორედ გუშინწინ გამოაცხადეს, ლაგოდეხში ერთ დღე-ღამეში, ანუ 24 საათში, თურმე 10 ბავშვი დაბადებულა. ყოვლად გამორიცხულია, რადგან წლის განმავლობაში ლაგოდეხში იბადება 714 ბავშვი. თუ ამ რიცხვს 365 დღეზე გავყოფთ, მაშინ საშუალოდ ლაგოდეხში ორ ბავშვამდე უნდა დაიბადოს ერთ დღე-ღამეში. თანაც, არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც 2 ბავშვი დაიბადოს, შეიძლება გაჩნდეს 2, 3, 4, 5, 6 ბავშვიც, ან - არცერთი, მაგრამ 10 ბავშვი?! ეს ხომ ნამეტანია?!“ - გაოცებას ვერ ფარავს ანზორ თოთაძე.
ამასთან, დემოგრაფის თქმით, გაკვირვებას ისიც იწვევს, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტის ჩასვლის თარიღს ამთხვევენ ბავშვები ამქვეყნად მოვლენას.
„რაღა მაინცდამაინც, როცა მიშა საავადმყოფოს ხსნის და, როცა ჩადის კონკრეტულ რეგიონში, მაშინ იბადებიან ეს ბავშვები? სინამდვილეში, ეს ბავშვები ერთ დღეში დაბადებულნი არ არიან, რადგან, როდესაც შენ ხელში აგყავს თოთო ბავშვი, მისი ხელის ხლება რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეიძლება. თანაც, ქალი რომ იმშობიარებს, არ შეიძლება, ერთ-ორ საათში ან სამ საათში ააყენო. ეს გამორიცხულია, ამათ კი ხელში დააკავებინეს ბავშვები და ისე გადაუღეს სურათები. თუ სამშობიაროებში ასეთი დარღვევები ხდება, მაშინ ექიმი უნდა დაიჭირო!“
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ექსპერტი ასკვნის, რომ ბავშვები იმ დღეს არ დაბადებულან, ან წინა დღეებში არიან დაბადებულნი.
„თანაც, როგორ შეიძლება, საქართველოს დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, ერთდროულად ათი ბავშვი იბადებოდეს ლაგოდეხის კონკრეტულ კლინიკაში? ეს ბავშვები, როგორც ჩანს, ან წინა დღეს არიან დაბადებულნი, ან სულ მცირე, 5-6 საათით ადრე მაინც. თუ ერთ დღეში ლაგოდეხში ათი ბავშვი იბადება, მაშინ იქ უნდა დაიბადოს 4 ათას ბავშვამდე, ხოლო, თუ ამ მონაცემებს მივყვებით, საქართველოში სულ 360 ათასი ბავშვი ან 400 ათას ბავშვამდე უნდა დაიბადოს, რაც მთელ კავკასიაშიც არ იბადება ერთ წელიწადში“, - განმარტავს ანზორ თოთაძე.
ამასობაში ლაგოდეხელი ჩვილის დაბადებით აღფრთოვანებული პრეზიდენტი აღტაცებას ვერ მალავდა: „ნახე, როგორ გაუხელია თვალები, ჩამოყალიბებული პიროვნებაა!“ პრეზიდენტს არც უკანა რიგებში ატირებული ჩვილის მწუხარება გამორჩენია: „ტირის, გამომაჩინეთო!“ ლაგოდეხელ მეან-გინეკოლოგებთან კი გულითადი საუბარი გამართა: - „ვინ მიიღო ამდენი მშობიარობა? თქვენ მიიღეთ? არ გამოიყურებით ძალიან დაღლილად“, - უთხრა ახალგაზრდა ექიმ ქალბატონს.
„ყველა ერთბაშად დაგატყდათ თავს? ყოველთვის ლამაზები იყავით, მაგრამ ამ საავადმყოფოში უფრო ლამაზად გამოიყურებით და ბავშვებიც უფრო ლამაზად გამოიყურებიან“, - არ დააყოვნა სააკაშვილის შეფასებამ.
„მაგარი ამბავია, რომ ერთ დღეში გაჩნდა ათი ახალშობილი. საერთოდ, ჩვენ გვქონდა პატარა ჩამოწევა შობადობის კრიზისის გამო, ეკონომიკური კრიზისის გამო 2009-ში, მაგრამ მერე ისევ წავიდა ზრდა და საერთოდ, ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს პოზიტიური შობადობის ბალანსი, დაწყებული ვარდების რევოლუციის შემდეგ, და ეს არის ჯიუტი სტატისტიკა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საავადმყოფო. ძალიან ბევრი პაციენტი მოდის. ამიტომ, როცა ამბობენ, ძველი საავადმყოფოები დაიხურა, ახლები იხსნება და ძველები უფრო დიდი იყო თითქოს, სინამდვილეში, ძველები აღარ იყო და იქ პაციენტები საერთოდ აღარ დადიოდნენ, საერთოდ უაზროდ იდგა, ექიმებსაც არანაირი პრაქტიკა არ ჰქონდათ. რას არ იგონებენ, ხან ერთ სისულელეს, ხან - მეორეს, აპარატურა დააქვთ აქეთ-იქითო, მსახიობებს აწვენენ პაციენტების ნაცვლად და იმას ახვედრებენ სააკაშვილსო. ლაგოდეხის საავადმყოფო არ არის გამონაკლისი, ძალიან ბევრგან არის გაზრდილი მშობიარეთა რაოდენობა“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი და დარწმუნებით აცხადებდა, რომ ასეთ საავადმყოფოებში დაბადებული ბავშვები ცხოვრებას უკეთესად იწყებენ.
„ჩვენ გვებადება ახალი თაობა არა გომურებში, არა უბედურებაში, არამედ მათი მოვლენა ამქვეყნად დაკავშირებულია პროგრესთან, სინათლესთან, სითბოსთან“.
ამის პარალელურად, ქართველი დემოგრაფები ასკვნიან: თუ ოჯახში სამი ბავშვია, მოსახლეობა თავისთავად მრავლდება. თუმცა საქართველოში, ქართულ ოჯახებში, ასეთი ნამატი ნაკლებია.
„ყოველწლიურად 180-200 ათასი ბავშვი იბადება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, ხოლო სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში 25 ათასი ბავშვი რომ დაიბადება, მათგან მხოლოდ 18 ათასამდე იქნება ქართველი. 18 ათასი ქართველის იმედად დარჩენილ საქართველოში რა ღონისძიებებიც არ უნდა გაატარო, მის დემოგრაფიულ სურათს უკვე ვერაფერს უშველი. ამიტომ საჭიროა, ახლავე დავიწყოთ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რათა როგორმე ეს პროცესი შევაჩეროთ. უკვე ამის მერე უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის გამრავლებაზე“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისი თქმით, მომავალი 20-იანი წლებისთვის ჩვენში შობადობა ძალიან შემცირდება და მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოხდება. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ მოკვდავობა იზრდება. ამ დროს კი ვისთვის შენდება ლაზიკა, გაურკვეველია.
„შარშან ზაფხულში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ქუთაისი უნდა გახდეს 500 ათასიანი ქალაქი, ე.ი. მოსახლეობამ 300 ათასზე მეტით უნდა მოიმატოს. რამდენიმე დღის წინ კი თქვა, ბათუმში ცხოვრობს 180 ათასი და ეს ზღვისპირა ქალაქი უნდა გახდეს 300 ათასიანიო; ჯერ ერთი, ამჟამად ბათუმში 180 ათასი ადამიანი არ ცხოვრობს, არამედ _ მხოლოდ 125 ათასი. იმისთვის, რომ გახდეს 300 ათასიანი ქალაქი, მოსახლეობამ თითქმის 200 ათასით უნდა მოიმატოს. ახლა ლაზიკაც ავიღოთ, აქ უნდა იცხოვროს 500 ათასმა კაცმა და მეტმა კიდევ. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე (მოსახლეობის რიცხვით „გაზრდილი“ ბათუმი, ქუთაისი და ლაზიკა), საბოლოო ჯამში, მილიონ კაცს გვაძლევს“, _აცხადებს ექსპერტი და ინტერესდება, საიდან მოიყვანენ ამ მილიონ კაცს?
მისი თქმით, ქართულ სოფლებში აღარ არის მოსახლეობა. გლობალიზაციისთვის კი ნაციონალური ფაქტორი სულ ერთია, გლობალისტებისთვის მთავარია, ლანდშაფტი არ დარჩეს აუთვისებელი, ცარიელი.
„გლობალისტებს აინტერესებთ სამუშაო ძალა და არა ის, ე.წ. სამუშაო ძალა რა ეროვნებისაა. 20-იან წლებში კიდევ მეტი მოთხოვნა იქნება მუშახელზე. რა უნდა გავაკეთოთ? საიდან მოვიყვანოთ ეს ხალხი? რჩება ერთადერთი ვარიანტი, უნდა შემოვიდეს სხვა კულტურა, რელიგიური აღმსარებლობა, სხვა ცხოვრების წესი, რაც, ფაქტობრივად, ჩვენისთანა მცირერცხოვანი ერისთვის დამღუპველია. როცა რუსეთში შიშობენ, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გავქრებით და შეგვიერთებს რომელიმე დიდი მეზობელი სახელმწიფოო, (რუსეთისთის დიდი მეზობელი არის ჩინეთი და ინდოეთი), ჩვენთვის აგერ, თურქეთია. ქვეყანა გაივსო თურქებით, ჩინელები მოდიან, პაკისტანელებიც ძალიან დიდი რაოდენობით მოდიან, ინდოელებიც არ ჩამორჩებიან. ბურები? თუ ჩამოვიდნენ კი, მაგრამ ჩამოვლენ? რუსს ვეღარ დაინახავ ქუჩაში, ადრე ხომ რუსები დადიოდნენ, ახლა მათ მაგივრად ზანგები დადიან ბლომად. არ ვარ ისეთი კაცი, დაჟინებით მოვითხოვდე, არიქა, სხვა ერმა არ იცხოვროს-მეთქი. პირიქით, სხვა ერის წარმომადგენელი რომ ცხოვრობდეს, ამით ჩვენი ცხოვრების წესი გამდიდრდება, მაგრამ არც იმას შემიძლია გულარხეინად ვუყურო, როდესაც ჩვენი ერი მცირდება და სხვა ერები შემოდიან. ფაქტობრივად, საქართველო საქართველო აღარ იქნება. ქართველი აღარ იქნება ქართველი, რადგან ვინც აქ ცხოვრობს, ის უნდა იყოს ძირითადი. სახელწოდება ვინც მისცა ქვეყანას, ის ერი არ უნდა აღიგავოს!“ - მიიჩნევს დემოგრაფიის სპეციალისტი.