"საქართველო შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს", - ამბობენ გარემოს დამცველები. "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი და "მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე იმ პროექტებს ეწინააღმდეგებიან, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გიგანტური ენერგოჰესების მშენებლობა იწყება.
ხელისუფალთა სურვილია, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მთავარი ენერგოექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. სწორედ ამ მოსაზრების გამო შემუშავდა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი, რომელიც თავის მხრივ, წინა საუკუნის 80-იან წლებში შემუშავებული პროექტის ანალოგს წარმოადგენს და სამი ჰესისგან შედგება: ტვიშის ჰიდროელექტროსადგურისგან (100-მეგავატიანი სიმძლავრით), ნამახვანისა (250) და ჟონეთის (100) ჰესებისგან, რომლებმაც უნდა მოიცვას იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. გარდა ამისა, მდინარე ენგურზე 650 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - ხუდონჰესის მშენებლობაც იგეგმება. "მწვანეების" თქმით, "საქართველოს ეკოსისტემა ანტისახელმწიფოებრივი გარიგებების შედეგად უკვე ისედაც კრიზისულ მდგომარეობაშია, ახალი პროექტები კი მას საბოლოოდ გაანადგურებს"...
ცოტა ხნის წინ "მწვანეთა პარტიის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და მასმედიას აცნობეს, რომ თურქეთი, რომელიც მტკვრის სათავეებთან ჰესების მშენებლობას გეგმავს, საქართველოს მთავრობასთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე მტკვარს ჩვენი ქვეყნის საზღვართან ჩაკეტავდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ მხოლოდ პირველადი სქემით იგეგმებოდა ისეთი კაშხლის აგება, რომელიც მტკვარს შეუცვლიდა კალაპოტს და თურქულ მხარესთან საქართველოს მთავრობის ინტენსიური დიალოგის შედეგად, მტკვარს აღარ დავკარგავდით. ერთი სიტყვით, ბევრი პრობლემა და კითხვა ამოტივტივდა.
- რის საფუძველზე დაადანაშაულეთ ხელისუფლება თურქეთთან გარიგებასა და მტკვრის გაყიდვის მცდელობაში?
გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე:
- ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტკვრისთვის კალაპოტის შეცვლას აპირებდნენ, გასაიდუმლოებული იყო. ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ არდაგანის ოლქის დეპუტატისგან შეიტყო, რომ ამ პროექტის განხორციელება 2011 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. სხვათა შორის, ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატებსაც სცოდნიათ, მაგრამ მათ რატომღაც ხმა არ ამოიღეს... გავარკვიეთ ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თურქეთის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შედგა. ჩვენ სასწრაფოდ ჩავატარეთ ანალიზი იმის დასადგენად, თუ რა შედეგს მოუტანდა მტკვრის დაკარგვა არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსაც, და ეს მონაცემები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავუგზავნეთ. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა სააკაშვილმა, მტკვარს აღარ დავკარგავთო. მანამდე გარემოს დაცვის მინისტრიც და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ამბობდნენ, - ჯერ არაფერი ვიცით, რა მოხდებაო. მტკვარი ჟურნალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით გადავარჩინეთ, მაგრამ დამშვიდების საფუძველი ჯერ კიდევ არ გვაქვს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არც სააკაშვილის ნდობა შეიძლება და არც თურქული მხარის. ჯერ კიდევ 1996 წელს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მდინარე ჭოროხზე ათი წყალსაცავის მშენებლობა დაიგეგმა. მაშინ "მწვანეთა პარტია" პარლამენტში ვიყავით და ერთი ამბავი ავტეხეთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება თურქულ მხარესთან ფარულ გარიგებაში მაინც შევიდა და ვერაფერი გავაწყვეთ. ჩვენ ვამბობდით, რომ როგორც კი პირველი წყალსაცავი (დენირელის კაშხალს ვგულისხმობ) აშენდებოდა, მდინარე ჭოროხი ზღვაში მყარ მასალას ანუ ქვიშასა და ღორღს ვეღარ ჩაიტანდა და აჭარის სანაპირო ზოლში პრობლემები შეიქმნებოდა.
სანაპირო ზოლს ღელვის დროს ტალღა რეცხავს და თუ მას მდინარის მიერ ჩამოტანილი მყარი მასალა არ შეავსებს, ზღვა ნელ-ნელა ხმელეთზე გადმოვა. სამწუხაროდ, იმ პროექტის "წყალობით", დღეს სოფლები - ანგისა და ადლია წყლით იფარება. დღევანდელი ხელისუფლება ახლა სოფლის მოსახლეობის გადასახლებისთვის ეძებს თანხებს. ასეთივე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ფოთი, რიონის კასკადის (ის ჯერ კიდევ კომუნისტებმა ააშენეს) გამო. ამ ქალაქში ზღვა კილომეტრ-ნახევრით შემოიჭრა და სრულად დაფარა იპოდრომი, სასაფლაო და რამდენიმე სახლი. ენგურის წყალსაცავის "წყალობით", იგივე პრობლემაა ანაკლიაშიც. ცნობილი სასტუმრო, რომელიც სააკაშვილმა ზარ-ზეიმით გახსნა, წლების განმავლობაში წყალში აღმოჩნდება.
- ეს პროცესი შეუქცევადია? გამოსავალი არ არსებობს?
- პროცესის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. მთელი საქართველოს მასშტაბით კარიერები უნდა გახსნან, ქვის ქანები დააქუცმაცონ და სანაპიროზე სისტემატურად ჩაყარონ. სხვათა შორის, თურქები, ვიდრე ჭოროხზე კაშხლების კასკადის აშენებას დაიწყებდნენ, შეგვპირდნენ, რომ ნაპირსამაგრ სამუშაოებს თავად ჩაატარებდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. სწორედ ამიტომ აღარ ვენდობი თურქულ მხარეს. მეშინია, ჭოროხის ამბავი არ გამეორდეს. მათ მტკვრის წყალი ძალიან სჭირდებათ და ამ პროექტს ასე იოლად არ დათმობენ.
ნინო ჩხობაძე, "მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე:
- საზოგადოების აქტიურობამ მტკვართან დაკავშირებით, გარკვეული კორექტივები შეიტანა, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ პრობლემა ბოლომდე მოვაგვარეთ. ჩვენ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან მტკვარზე ნებისმიერი წყალაღება ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში კი - სოფლის მეურნეობას. ასეა თუ ისე, მტკვარი ჯერ კიდევ ძველი კალაპოტით მოედინება. ახლა დღის წესრიგში გიგანტური ჰესების პრობლემა დგას. თუ ეს პროექტები განხორციელდება, ქვეყანა დიდი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
- მაინც რა საფრთხეს უნდა ველოდეთ?
გიორგი გაჩეჩილაძე:
- მდინარე ენგურსა და რიონზე "გიგანტომანია" ხუდონითა და ნამახვანით არ დასრულდება. "კომუნისტური ნაფტალინიდან" ამოღებულია და თავის დროს ელოდება ტობარჰესისა და ნენსკრას ჰესების კასკადის პროექტები. ხელისუფლებას სურს, საქართველოს ტერიტორიაზე ორმოცამდე გიგანტური კაშხალი უცხოელ ინვესტორებს ააშენებინოს. ეს რეალურად, საქართველოს დატბორვის გეგმაა.
ნინო ჩხობაძე:
- ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა, სვანეთისთვის კატასტროფა აღმოჩნდეს. ამ კაშხლის მშენებლობას სოფელ ხაიშისა და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფლის დატბორვა მოჰყვება, რასაც წინასწარი გათვლებით, იქ მცხოვრები 3000-მდე ადამიანის გადასახლება დასჭირდება. განადგურდება ისტორიული ძეგლები და გაქრება 26 ტოპონიმი. ასეთივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით ნამანხვანჰესის აშენების შემთხვევაშიც. აუცილებლად დაიტბორება სათაფლიისა და ტვიშის გამოქვაბულები, სოფელი ტვიში და მის გარშემო არსებული ცოლიკოურის ჯიშის უნიკალური ვენახები. მთლიანად წყალქვეშ მოექცევა "წითელ წიგნში" შეტანილი სახეობები. ნესტრას აშენების შემთხვევაში კი მილიონ კუბურ მეტრ ხეტყეს მოჭრიან, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას შექმნის.
ირაკლი მაჭარაშვილი, "მწვანე ალტერნატივის" კოორდინატორი:
- გარდა იმისა, რომ დიდი ტერიტორია წყლით დაიტბორება და სოფლებიდან ხალხი აიყრება, ქვეყანაში კლიმატიც შეიცვლება. მასშტაბური ჰესები მიწისძვრების პროვოცირებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ გიგანტური ჰესების მშენებლობა მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, აღარ განიხილება, როგორც მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილი. მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ეს ბუნებას ანადგურებს. თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ჰესების პროექტს ბოლომდე განახორციელებს, საქართველო ცოტა ხანში თურქეთის ლანდშაფტს დაემსგავსება: იქ უკვე არც ერთ მდინარეში აღარ მიედინება წყალი. უცნაურია, რომ "ნაციონალური" ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებას ცდილობს, რომელიც თავის დროზე კომუნისტებმა დაგეგმეს. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საბჭოთა გეგმებით არა მგონია, სწორი იყოს. მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცესი ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, - ჰესების კასკადები უნდა ავაშენოთო. ასეთი ტიპის განცხადებები არასამართლებრივი და არადემოკრატიულია. ნებისმიერი ტიპის მშენებლობას სჭირდება სპეციალური ნებართვა, რომელსაც სპეციალისტები ეკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე გასცემენ. მთავრობამ ყოველგვარი შესწავლის, გამოკვლევისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე მიიღო ჰესების აშენების გადაწყვეტილება. უკანონოა ფარავანჰესისა და დარიალჰესის მშენებლობაც, რომელიც უკვე დაწყებულია. ამ პროექტის შედეგად, ყაზბეგის რაიონი თერგის გარეშე დარჩება. მდინარეში წლის მხოლოდ 10% დარჩება.
- თუ ღირს მაინც ამხელა რისკზე წასვლა? ანუ - რამდენად შემოსავლიანი იქნება ამ პროექტების განხორციელება ქვეყნის ბიუჯეტისთვის?
- არ ღირს, რადგან ამ პროექტების განხორციელებით არც ისე დიდი თანხა შემოვა ქვეყნის ბიუჯეტში. შემოსავლისა და მოგების წინასწარ დათვლა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამას არ აკეთებს.
ნინო ჩხობაძე:
- ჰესის მოგებისა და ქონების გადასახადი ბიუჯეტის შევსებაში დიდ როლს ვერ შეასრულებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინვესტორისთვის იქნება მომგებიანი.
- სად შეიძლება გაიყიდოს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია?
გიორგი გაჩეჩილაძე:
- არ ვიცი. ჩვენი მეზობელი თურქეთი თავად ავითარებს ჰიდრორესურსებს, სომხეთი და თურქეთი ატომურ ელექტროსადგურებზე მუშაობენ. გარდა ამისა, ბოლო დროს ენერგეტიკული ბაზარი ძალიან შეიცვალა - მაგალითად, ევროპა ელექტროენერგიის დაზოგვასა და ჰელიოსისტემის გამოყენებას ცდილობს, ნანოტექნოლოგიების შექმნაზეც მუშაობს. ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოება, გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო პრინციპულად ეწინააღმდეგება დიდი ჰესების მშენებლობას. უცნაურია, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ გიგანტური კასკადების მშენებლობას. ეს ჩვენ არაფერში გვჭირდება. ელექტროენერგიის გასაყიდად ბაზარი არ გვაქვს, შიდა მოხმარებისთვის კი მცირე და საშუალო ჰესებიც საკმარისია. თანაც, მცირე ჰესები გარემოსაც ნაკლებად აზიანებს.
- თუ ელექტროენერგიის გასაყიდად ბაზარი აღარ არის, უცხოელ ინვესტორს რისთვის სჭირდება საქართველოში აშენებული ჰიდროელექტროსადგურები?
- ალბათ, პოლიტიკური მიზნებისთვის...
- ინვესტორების ვინაობა თუა ცნობილი?
- ადრე ცნობილი იყო, რომ თურქი და ინდოელი ინვესტორები იყვნენ ამ პროექტებით დაინტერესებულნი. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ინვესტორების ვინაობაც აღარ არის ცნობილი.
- იმ ინვესტორების ვინაობა თუა ცნობილი, რომლებიც ლაზიკის აშენებაში ფულს ჩადებენ?
- ჩემი აზრით, ლაზიკაც პოლიტიკური პროექტია. სააკაშვილმა თქვა, რომ ამ ქალაქში ნახევარმა მილიონმა კაცმა უნდა იცხოვროს. თბილისში, რომელიც 36 ათას ჰექტარზეა გაშენებული, მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ლაზიკის ასაშენებლად ამის ნახევარი ტერიტორია ხომ მაინც არის საჭირო? ამხელა ტერიტორიას კოლხეთის დაბლობზე ვერ მოძებნიან, თუ ეროვნული პარკისა და ჭაობების ტერიტორიასაც არ გამოიყენებენ. ჩვენი დაანგარიშებით, ახალ ქალაქში მხოლოდ შენობების ასაშენებლად მილიარდი დოლარი მაინც არის საჭირო. ინფრასტრუქტურასა და ჭაობების დაშრობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ინვესტორი ჭაობში ამდენ ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩადებს, თუ მას პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში სულ 270 ათასი კაცი ცხოვრობს. ნეტავ საიდან უნდა მოიყვანონ ლაზიკაში ნახევარი მილიონი ადამიანი? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩინელებსა და ინდოელებს ჭარბი მოსახლეობა ჰყავთ, ცხადი გახდება, თუ ვის შეიძლება უღირდეს ლაზიკის ასაშენებლად უზარმაზარი თანხების გაღება.
- ეკოლოგიური თვალსაზრისით რამდენად გამართლებულია ანაკლიიდან ყულევამდე არსებულ ტერიტორიაზე დიდი ქალაქის აშენება?
ნინო ჩხობაძე:
- საერთოდ, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ზომაზე მეტად მოწყვლადია და მასზე მრავალსართულიანი ნაგებობების აშენება რეკომენდებული არ არის. ნახევარმილიონიანი ქალაქი კი საკმაოდ დიდია. კოლხეთის დაბლობი ზღვის დონიდან ნულოვან ნიშნულს ქვემოთაა, ამ ტერიტორიაზე მშენებლობების დაწყება ბუნებრივი ზონების მოშლას, მათ შორის - ჭაობების დაშრობასაც საჭიროებს, რაც იმის წინა პირობა გახდება, რომ ზღვა ხმელეთს დაიპყრობს. XXI საუკუნეში სახელმწიფოები ჭაობებს კი არ აშრობენ, აღადგენენ, რადგან გაირკვა, რომ ჭაობი ზღვისთვის ეკოსისტემის ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საქართველოში ჭაობები ერთხელ უკვე დააშრეს ხრუშჩოვის გეგმის მიხედვით და მკვდარი ტერიტორიები მივიღეთ, რომელიც აღარც ჭაობია, აღარც საძოვარი, აღარც საცხოვრებლად გამოდგება და აღარც სოფლის მეურნეობისთვის.
ირაკლი მაჭარაშვილი:
- ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მათ შორის - ჭაობზე ქალაქის აშენებაც. საკითხავი ის არის, გვიღირს თუ არა ამის გაკეთება. მხოლოდ ეკონომიკასა და ეკოლოგიაზეც არ არის ლაპარაკი, პოლიტიკური საკითხებიც გასათვალისწინებელია. ბოლოს და ბოლოს, ზღვაში აშენებენ ქალაქებს, ნახევარი ჰოლანდია წყალს გამოსტაცეს. სანქტ-პეტერბურგი ჭაობშია აშენებული. რუსეთს უღირდა ამის გაკეთება, იმიტომ, რომ მაშინ ზღვაზე სხვა გასასვლელი არ ჰქონდა... ჩვენ გვიღირს ლაზიკის აშენება? გვჭირდება ეს ქალაქი საერთოდ? ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა, ეკოლოგების აზრით კი - კატასტროფული შედეგების მომტანია. ამ დავასა და მარჩიელობას სჯობდა, რომ სპეციალისტებს საფუძვლიანი კვლევა ჩაეტარებინათ და ისე დაედგინათ საფრთხეც, რისკიც და სარგებელიც. ზუსტად ვიცი, რომ ლაზიკასთან დაკავშირებით ეკოლოგიური ექსპერტიზა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. სამწუხაროდ, ჩვენში ასე ხდება: ხელისუფლება ამა თუ იმ ინიციატივას ჯერ აცხადებს, შესაბამისი უწყებები კი მხოლოდ ამის შემდეგ ატარებენ კვლევას, რაც ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნის გამოტანას, ფაქტობრივად, გამორიცხავს.
861
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85