ქართველი ავტომფლობელები (ან მომავალი ავტომფლობელები) დიდი ინტერესით ელიან გაზაფხულის დადგომას. ამ პერიოდში, როგორც ავტოიმპორტიორები ვარაუდობენ, მეორადი მანქანები უნდა გაიაფდეს. ასეთი პროგნოზის გაკეთებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
მეორადი ავტომობილების ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი ფასების შემცირებას ელოდება. მეორადი ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი “მეგა ავტოს” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროზონის კრიზისის ფონზე ევროს გაუფასურება ევროპულ ავტომობილებზე ფასს დაწევს.
მასივე განმარტებით, გაზაფხულზე საქართველოში ევროპიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს, რაც ქართულ ბაზარზე მიწოდების სიჭარბეს გამოიწვევს.
კომპანიის დირექტორის ცნობით, უკვე 40%-ით მოიმატა გერმანიიდან საქართველოში მეორადი ავტომობილების იმპორტმა. უახლოეს მომავალში ავტომობილების მიწოდების სიჭარბის გამო ადგილობრივ ბაზარზე მეორადი მანქანების ფასები სულ მცირე 10%-ით შემცირდება.
საქართველოს კარტინგის საინვესტიციო ფედერაციში კი ამტკიცებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მეორადი ავტომობილების ღირებულება უკვე შემცირებულია. ქვეყანაში ფულის მასის ბრუნვის კლების ფონზე მეორად ავტომობილებზე მოთხოვნასთან ერთად მიწოდებაც 80%-ით შემცირდა, ხოლო მეორადი ავტომობილები 25%-ით გაიაფდა. მისივე პროგნოზით, მეორად მანქანებზე ფასი კიდევ უფრო დაეცემა.
ამ მოსაზრებებს გაკრვეულწილად ამყარებს ევროპიდან მიღებული ცნობები, რომელიც ავტოინდუსტრიას ეხება. დასავლეთ ევროპაში მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა წელს, 2011-თან შედარებით 6,2%-ით შემცირდება, რისი მიზეზიც რეგიონის შესუსტებული საბაზო ეკონომიკური მაჩვენებლებია. თუმცა 2013 წელს მოთხოვნის ზრდა განახლდება და მისი ტემპები 3%-ს მიაღწევს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო MOODY'S-ის დასკვნის მიხედვით, ევროპა ახლა 6,2%-იან ვარდნას ელის ნულოვანი ზრდის პროგნოზის საპირისპიროდ, რომელიც 2011 წლის სექტემბერში გაკეთდა. სააგენტოს წარმომადგენელის ფოლკ ფრეის თქმით, ყველაზე სერიოზული ვარდნა საფრანგეთში (-10%), იტალიასა (-7%) და დიდ ბრიტანეთშია (-7%) მოსალოდნელი.
ამ ქვეყნების ავტოწარმოება მთავრობების მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიის ზომების გატარების, ასევე სამომხმარებლო ხარჯების შემცირების გამო დაზარალდება.
ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპაში მეორადი ავტომობილები მართლაც გაიაფდება და ავტოქარავანი საქართველოსკენ და მისი დარი ქვეყნებისაკენ დაიძვრება. რადგანაც საქართველოში ავტობაზრის 90% მეორად მანქანებს უჭირავს, ურიგო არ იქნებოდა კიდევ ერთი კვლევის მონაცემების გაცნობა, რომლის მეშვეობითაც 2011 წლის საუკეთესო მეორადი ავტომობილი დასახელდა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და ძველმა ექსპერტულმა ორგანიზაციამ - გერმანულმა DEKRA-მ მეორადი ავტომობილების ხარისხის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. მისი მონაცემებით, ყველა კლასში საუკეთესო ავტომობილად აუდი A4 დასახელდა, რომელმაც ყველაზე ნაკლები რაოდენობის გაუმართაობები აჩვენა.
2008 წლის შემდეგ DEKRA-ს ექსპერტები “ყველა კლასის საუკეთესოს” ტიტულს იმ მოდელს ანიჭებენ, რომელსაც ყველაზე ნაკლები გაუმართაობა აქვს. “აუდი” ამ რეიტინგის არსებობის პირველივე წლიდან, მის ლიდერობას მყარად ინარჩუნებს.
რეიტინგის მიხედვით სატრანსპორტო საშუალებების ხარისხი და უსაფრთხოება ფასდება, რომლის ფარგლებშიც 15 მილიონი ავტომობილის მონაცემების შესწავლა ხდება. ეს მანქანები სამ კლასად და 8 სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი.
“ყველა კლასის საუკეთესოს ტიტულს” “აუდი” უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ინარჩუნებს.
8024
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85