დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს აქამდე არნახულ პრობლემებთან შეჭიდება უწევთ. ევროპას ერთი ნაბიჯი აკლია სრულ კატასტროფამდე,ხოლო ევროკავშირის პირმშო - ევრო სრული განადგურების ზონაში იმყოფება. ასეთ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ ევროპელი სპეცილისტები, ქართველი ექსპერტები კი მათზე უფრო მხნედ გამოიყურებიან. მათი ოპტიმიზმის საფუძველი ერთობ ტრივიალურია - “ევროპა რამეს მოახერხებს და კრიზისი ჩვენამდე არ მოვა...”
EDELMAN TrUst Barometer-ის გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მსოფლიოს 25 ქვეყნის 25 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, დედამიწის მოსახლეობამ საკუთარი ხელისუფლებების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამის მიზეზი კი მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობა, უმუშევრობის მაღალი დონე, სურსათისა და კომუნალური მომსახურების გაძვირება და გადასახადების ზრდაა.
ნდობის ვარდნის რეკორდსმენი ბრაზილია გახდა. მას მოსდევს იაპონია, ესპანეთი და ინდონეზია. მთავრობით ყველაზე კმაყოფილი მოქალაქეები კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და სინგაპურში ცხოვრობენ, სადაც ნდობის მაჩვენებელი 70%-ს აჭარბებს.
ადამიანები ბიზნესისადმი ნდობასაც კარგავენ. ბიზნესის ავტორიტეტის ვარდნის ტემპებით ევროზონის ქვეყნები ლიდერობენ. მთავარი მიზეზი დავალიანების კრიზისია, რომელიც ევროპელებს უკვე დიდი ხანია მოსწყინდათ.
მოკლედ, პრობლემებს არავინ მალავს და უარყოფს, გარდა ჩვენი ხელისუფლებისა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრეზენტაცია წარმოადგინა და გულმხურვალედ დაასაბუთა თუ რატომ არის საქართველო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა და როგორ მიაღწია საქართველომ ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.
ქვეყნის მთავარ ამოცანად გილაურმა უმუშევრობასთან ბრძოლა დაასახელა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერს შეკითხვები დაუსვეს. ყველა უცხოელი ინვესტორი საქართველოს პრემიერს ქვეყნის წარმატების ფორმულის განმარტებას სთხოვდა. გილაურმა განმარტებები კი გააკეთა, მაგრამ რამდენად სარწმუნო აღმოჩნდა იგი ინვესტორებისთვის მომავალ თვეებში გამოჩნდება.
როგორც აღვნიშნეთ, ევროპელებისგან გასხვავებით, ქართველი ექსპერტები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და დავოსის ეკონომიკური ფორუმისგან მხოლოდ დადებითს ელიან. “ევროზონა პოლიტიკური პროექტი უფროა, ვიდრე - ეკონომიკური. ამიტომ ევროპის “ლოკომოტივები” - საფრანგეთი და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ ევროს გადასარჩენად.
დროთა განმავლობაში, ფულადი გზავნილების შემცირება აუცილებლად შექმნის პრობლემას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოდან ექსპორტის 25% ევროპაზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ევროზონაში სიტუაცია გართულდა, ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით, პრობლემები შეგვექნება”, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადური.
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას სჯერა, რომ კრიზისი მანამდე დაიძლევა, სანამ საქართველომდე მოაღწევს. “ამის იმედს ის ფაქტი მაძლევს, რომ მის დაძლევას ისეთი ძლიერი ორგანიზაციები ცდილობენ, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
ამავე დროს, ჩვენს მოქალაქეებს ვურჩევ, ლარში შეინახონ დანაზოგი, სავალუტო რისკებს ასე უფრო აიცილებენ თავიდან. ამის გარანტი - ეროვნული ბანკის რეზერვებია. საქართველოში დღეს საკმაოდ მაღალი “დოლარიზაციაა”. ეს ერთგვარად, პრობლემასაც კი ქმნის ქვეყნისთვის: როდესაც შემოსავალი ლარში გაქვს, ანგარიშსწორებას ლარში ახორციელებ და გადასახადებსაც ლარში იხდის, ჯობს, დანაზოგიც ეროვნულ ვალუტაში გქონდეს, მით უმეტეს, რომ საპროცენტო განაკვეთიც ლარში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ვალუტაში, - თავის რჩევებს აწვდის მომხმარებელს გვასალია.
926
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85