სასტუმრო Holiday inn-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის, განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი კახეთის მხარის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრო.
გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, პროექტი 2012 წლის განმავლობაში ისეთი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, როგორიცაა კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რეგიონის პოპულარიზაცია. თუ ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ გასულ წელს კახეთს 200 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა, სამომავლოდ გაცილებით მეტი ტურისტის ჩამოყვანას ვარაუდობენ.
ტურიზმის სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანები Presage.tv-სთან საუბარში აცხადებენ, რომ კახეთში ტურისტული ნაკადი გასაკვირი არაა, რადგან კახეთი იმთავითვე ღვინის აკვნად ითვლებოდა და ამ მხარეს ყოველთვის ბევრი ვიზიტორი ჰყავდა.
„კახეთი საქართველოს სავიზიტო ბარათია, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა. ამის გამო კახეთი ბევრ ტურისტს იზიდავს. თუმცა არა მგონია, იმდენი ტურისტი იყოს კახეთში და ზოგადად, საქართველოში ჩამოსული, რასაც ასახელებენ. კახეთის არაერთ სოფელში ჩამიტარებია ტრენინგები. ბოლოს ველისციხეში ვიყავით ფერმერების კონფერენციაზე, რადგან ფერმერის სახლშიც შეიძლება გაკეთდეს პატარა ორი ოთახი, სადაც სტუმარი იცხოვრებს,“ - გვითხრა ტურიზმის ექსპერტმა მარინე მეტრეველმა.
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, განვლილ პერიოდში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კახეთში ბევრი რამ გაკეთდა. შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი. რეგიონის ტურისტული ბრენდინგი ბრიტანულმა კომპანიამ, „Co. strategy and desing Limited“-მა განახორციელა. მომზადდა ლოგო, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებებია - კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი. ასევე, შეიქმნა სლოგანი „აღმოაჩინე შენი კახეთი“. შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი www.kakheti.travel , რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის შესახებ. ამავე მიზნით ფეისბუქზე არსებობს გვერდები „აღმოაჩინე შენი კახეთი“ და „ტურიზმი თელავში“. მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქცია „ღვინის გზა“.
ამასთან, კახეთის გუბერნატორის განმარტებით, 2012 წელს დაგეგმილია ღონისძიებები, რომელიც ძეგლების, ღირშესანიშნაობების, ავტოსადგომების, ტურისტული საინფორმაციო სივრცის, სუვენირების მაღაზიის და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების შექმნას გულისხმობს. ამასთან, მოხდება ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია.
ეს ინფორმაცია კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნდა. თუმცა რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამასობაში ტურიზმის დეპარტამენტმაც იმავე მიმართულებით გამოაცხადა ტენდერი. ამასთან, ტენდერი 330 000 ლარზეა გამოცხადებული.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არაერთხელ მომხდარა, როცა ერთხელ უკვე გაკეთებული საქმე ხელმეორედაც „გასაკეთებელი“ აღმოჩენილა, გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც ფულის შოვნაზე ხომ არ არის გადასული?! თუ უკვე გაკეთდა ასეთი სამუშაო, მაშინ რატომ გამოცხადდა იმავე სამუშაოზე ხელახალი ტენდერი?! ხომ არ არის ეს ბიუჯეტის ხარჯვის შავი ხვრელი? იქნებ, მთავრობას არ აქვს ერთიანი ხედვა ტურიზმის განვითარების შესახებ და არ იცის, რომ ეს სამუშაოები უკვე გაკეთებულია?!
Presage.tv-სთან საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ კახეთთან მიმართებით უკვე შესრულებულ სამუშაოზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება გამორიცხა.
რის გაკეთებას აპირებთ კახეთში ტურისტების მოსაზიდად?
- რეალურად, წელს კახეთში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება, არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ მარკეტინგისა და რესურსპროდუქტების ჩამოყალიბების მხრივაც. ინფრასტრუქტრაში იგულისხმება ყვარლისა და თელავის რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ დართლოს რეაბილიტაცია. ამავე დროს, აბსოლუტურად ყველა ტურისტულ ძეგლთან (გურჯაანის, ყველაწმინდის, ძველი და ახალი შუამთის, უჯარმის, ხირსის, დავითის ლავრის, იყალთოს, ნინოწმინდის) მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განაშენიანება, რაშიც იგულისხმება სუვენირების მაღაზიები, სველი წერტილები, ავტოპარკები და ყველა კომპონენტი, რაც ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ჩამოყალიბდება თავად კახეთის მარკეტინგული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო და შიდა ბაზარზე ამ რეგიონის პოპულარიზაცია მოხდება. განვითარდება კულტურული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმი. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, კახეთი ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბდება და შეგვეძლება, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება გავუკეთოთ, რათა მისი ცნობადობა გაიზარდოს. შედეგად ამ რეგიონში ტურისტების რაოდენობა და ტურისტული დანახარჯები უნდა გაიზარდოს.
როდის უნდა დასრულდეს ეს პროექტი?
- ამ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება წელს და პირველივე შედეგი გვექნება ზაფხულის სეზონზე, ძირითადი სამუშაოები ჩატარდება ზაფხულისთვის. ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე, მსოფლიო ბანკი, რომელიც ამ ყველაფრის შესრულებაში საკმაოდ დიდ ფულს ჩადებს.
კახეთთან მიმართებით რა თანხაზეა საუბარი?
- ესაა ასი მილიონი ლარი, ნახევარზე მეტი მსოფლიო ბანკიდან ფინანსდება. მეორე მხრივ, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ვსაუბრობთ, ყველა რეგიონს თავისი რესურსებით ტურისტების მიზიდვის პოტენციალი აქვს. კახეთი შეიძლება გამოირჩეოდეს კონკრეტულად ღვინის ტურიზმით ან კულტურული ტურიზმით, აჭარა მაინც ლიდერია საზღვაო კურორტებს შორის. არის სხვა რეგიონებიც, სადაც ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტებია. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, საქართველოში განვასხვავოთ რეგიონები. ამჯერად ყველაზე განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არის კახეთში, აჭარაში, სვანეთში.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საიტზე გამოცხადებულია ტენდერი კახეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, თუმცა მასში მოცემული პირობები იგივეა, რაც გიორგი ღვინიაშვილის მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებად დასახელდა. გამოდის, იმავე სამუშაოზე ცხადდება ხელახალი ტენდერი?
- ჩვენთან საიტზე საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული გაგვიკეთებს კახეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ძალიან ხანგრძლივი და გრძელვადიანი იქნება; არა ერთწლიანი, არამედ ხუთ წელზე მეტი ხნის. კონკრეტულად ამ სტრატეგიის მიხედვით, შემდგომი წლების სამოქმედო გეგმა დაიდება.
დამთხვევა რატომ ხდება? ეს ყველაფერი ხომ გაკეთებულია? ბრენდიც შექმნილია, ლოგოც მომზადებულია და სხვა სამუშაოებიც შესრულებულია.
- არა, ეს ყველაფერი არის ბრენდინგი. უბრალოდ, ჩვენი სამოქმედო გეგმა და პროექტებია, მაგრამ მომავალში ამ ყველაფრის მერე რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განაგრძოს რეგიონმა განვითარება, რა თქმა უნდა, ამისთვის უფრო ძლიერი სტრატეგიაა დასადები. კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურული პროექტები რომ განხორციელდება, ეს შემდგომშიც დაგვეხმარება, თუ როგორ ავითვისოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს რესურსები.
უხერხულობას ხომ არ ქმნის ის ფაქტი, რომ იგივე გაკეთებულია? შეიძლება, მოგედავონ, რომ ერთსა და იმავე სამუშაოზე აცხადებთ ტენდერებს, რაც ბიუჯეტის შავი ხვრელისთვის კარგი საშუალებაა.
- არ არის ერთი და იგივე თემა. ჩვენ თვითონ გრძელვადიან სტრატეგიაზე გვაქვს ტენდერი გამოცხადებული, ხოლო, რაზეც პრეზენტაციაზე იყო საუბარი,
კონკრეტულად ეს კახეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მარკეტინგულ კონცეფციას შეეხებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერაა შემუშავებული, მაგრამ, ეს ყველაფერი რომ გაკეთდება, საჭირო გახდება გრძელვადიანი სტრატეგიაც, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ათვისებულ იყოს. შემდგომი სტრატეგია უნდა იყოს დადებული, რათა მომავალში, ვინც არ უნდა ჩაერთოს კახეთის განვითარების პროექტში, ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება და წლიდან წლამდე ეს მიმართულება არ შეიცვალოს.
კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის ბრენდინგი ბრიტანულმა კომპანიამ განახორციელა. გამოდის, ეს ბრიტანული კომპანია სულ სხვა რამეს ახორციელებდა და ტენდერი სულ სხვას გულისხმობს?
- ეს ტენდერი საერთაშორისოა, სადაც განვითარების სტრატეგია დაიდება, ხოლო ბრენდინგი რეალურად მარკეტინგული ბრენდინგია, რომელიც გააკეთა ბრიტანულმა კომპანიამ, თუმცა ამ ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა, იქიდან გამომდინარე, რომ, ალბათ, საერთაშორისო ტენდერი როცა დასრულდება, უკვე ელექტრონული ტენდერის შემდეგ გვექნება შედეგები.
ამ ბრიტანულ კომპანიას საიტი არ აქვს?
- ჩვენ შეგვიძლია კომპანიის კოორდინატები მოგაწოდოთ და, თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, დაეკონტაქტოთ. ახლა უბრალოდ გზაში ვარ, მანქანაში.
კიდევ ერთი, უწერისა და შოვის, ზოგადად სანატორიუმების განვითარება არ ხდება. კონკრეტულად, ეს სანატორიუმები ჩაკეტილია ახალი მეპატრონეების მიერ და იქ არაფერი კეთდება. ტურისტებს კი სანატორიუმებში შესვლისას ხელი ეშლებათ.
- რა თქმა უნდა, უწერასა და შოვს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მაინც ამ ადგილებში ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად არის განსავითარებელი. რაჭაში უკვე ვითარდება გარკვეული სტრატეგია და ზოგიერთი პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა საჭიროა ინვესტიციები, როგორც ადგილობრივი, ისე - საერთაშორისო, რათა ამ ადგილების ტურისტული ინფრასტრუქტურის განაშენიანება მოხდეს.
ტურიზმის განვითარებას ხომ აფერხებს, როცა ახალი მეპატრონეები ცნობილ კურორტებზე დამთვალიერებლებს არ უშვებენ?
- ყველას აქვს უფლება, კერძო საკუთრებაში ვინც უნდა, ის შეუშვას. ალბათ, არ უშვებენ სხვებს, რადგან ეს კურორტები აღარ მოქმედებს და ძალიან მოძველებულია. ფაქტობრივად, ესენი საბჭოთა კავშირის დროინდელი ადგილებია, მაგრამ, როგორც კი დაიწყებს განვითარებას და ჩაიდება ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ტურისტების პირველადი მოხმარებისათვის იქნება და ამ ტერიტორიებზე მათ აუცილებლად შეუშვებენ.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ქართულ ტურიზმი უგეგმოდ და მხოლოდ ერთი პიროვნების კონკრეტული სურვილების მიხედვით ვითარდება. კახეთის ტურისტული ბრენდის შექმნის პრეცედენტი ნათელი მაგალითია ჩვენ ქვეყანაში ამ სფეროში არსებული განუკითხაობის.
ინგლისური კომპანია, რომელმაც ზემოთხსენებული სამუშაოები ჩაატარა, ვერც ინტერნეტში მოვძებნეთ და ვერ ცნობარებში who is who. ვინ და რატომ დაუკვეთა ეს სამუშაოები, მაშინ როდესაც გრძელვადიანი სტრატეგია არ არსებობს, უცნობია, უცნობია ასევე ის, თუ ვინ და რატომ ჩაიბარა ეს სამუშაოები და ვინ არის პასუხისმგებელი სწორ ბრენდინგზე, მაშინ როდესაც რეგიონის განვითარების სტრატეგია არ არსებობს?
ბიზნესის სკოლის ნებისმიერი პირველკურსელიც გეტყვით, რომ ბრენდინგი და მარკეტინგი სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს და არა პირიქით.
ჩვენ ღიად გვინდა დავუსვათ ქალბატონ მაია სიდამონიძეს ერთი კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ბრენდი არ შეესაბამება კახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგიას, თავისი ჯიბიდან გადაიხდის თუ არა კახეთის ბრენდინგზე დახარჯულ ასიათასობით ლარს?
ველით პასუხს როგორც მისგან, ასევე კონტროლის პალატისგან.
1356
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85