2008 წლის ტრაგედიის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად ძალისხმევას არ იშურებს. თუმცა, მარიონეტებს „თავი ქუდში“აქვთ და თბილისთან ნებისმიერ კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე უარს ამბობენ. სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივებს, ჯერჯერობით, სასურველი შედეგი არ მოაქვს.
ამ ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი მიიღო. ლაკერბაია სტილს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ „საჭიროა ნდობის გამყარება არა აფხაზებსა და ქართველებს, არამედ აფხაზეთსა და ევროკავშირს შორის“.
შეხვედრაში ასევე პოლიტიკური მრჩეველები მაგდანელა ფრიჩოვ გრონო, ქევინ ტაიტი, იოზეფ ბუზალკა და პოლიციასთან კავშირების თანამშრომელი სტინ რაიალი მონაწილეობდნენ.
ევროკავშირისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციებს შორის დიამეტრალური სხვაობის მიუხედავად, ლაკერბაიამ მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობა აღნიშნა:
„უკეთესია, ვისაუბროთ, ვიდრე საერთოდ არ ვიკონტაქტოთ. რამდენადაც ევროპაში ჩვენი ნახვა არ სურთ, აქ ვისაუბროთ. რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი დიალოგი და რამდენად მოგვისმენენ - უკვე სხვა საქმეა“.
შეხვედრის შემდეგი ნაწილი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მისი დასრულების შემდეგ ფილლიპ ლეფორმა განაცხადა, რომ იგი აფხაზეთში არა მხოლოდ როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, არამედ როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჩავიდა:
„ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ ჟენევის დისკუსიების დინამიკაზე, არამედ იმაზეც, როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის რიგი პროგრამები რეგიონში. ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ჩვენს შორის ძალიან მეგობრული და ღია დისკუსია გაიმართა“.
თავის მხრივ, ლაკერბაიამ განაცხადა, რომ „შეხვედრაზე რიგი საკითხები იქნა განხილული, რომელიც ჟენევის ფორმატს და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს უკავშირდებოდა“.
ლაკერბაიას აზრით, „ნდობა არა აფხაზებსა და ქართველებს შორის, არამედ აფხაზეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გამყარდეს“.
ევროპელების და აფხაზი მარიონეტების „მსუბუქ ფლირტს“ თბილისში ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით უყურებენ. სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრე რუსეცკის აზრით, „ევროკავშირსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება საფრთხეების მთელ ჯაჭვს მოიცავს“.
მისივე აზრით, „ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს ორი აფხაზეთი“:
„კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკა კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ევროკავშირმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აფხაზეთის საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და ის, რომელსაც ბატონი ლაკერბაია წარმოადგენს, ამ საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილია.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც აფხაზეთის საზოგადოების ორად გახლეჩას არ ითვალისწინებს, კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებას წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ მორალური უფლება, ასეთი პოლიტიკა აწარმოონ. ეს დასავლური ორიენტაციის კიდევ უფრო მეტ ვარდნას გამოიწვევს“.
მისივე აზრით, „მსგავსი შეცდომა საერთაშორისო საზოგადოებამ ცხინვალთან მიმართებაში ერთხელ უკვე დაუშვა, როდესაც ფონდებმა იქ დიდი რაოდენობის თანხების ინვესტირება და არათანაბარი განაწილება მოახდინეს“.
რუსეცკის თქმით, „იმ ფაქტმა, რომ ინვესტირება და პროექტების განხორციელება მხოლოდ ცხინვალს შეეხო და არა მის მიმდებარე ქართულ ან თუნდაც ოსურ სოფლებს, სრული დისბალანსი გამოიწვია“.
„გახლეჩილ საზოგადოებებს შორის დიალოგი სათანადო დონეზე ვერ დამყარდა, რადგან ეს მიზანი დასახული არ იყო. მიზანი იყო სხვა - რუსეთის ზეგავლენის შესუსტება. რუსეთის სპესცამსახურებს ეს არ გამოეპარებოდათ და თუ ევროკავშირის პროგრამები ვლადიკავკაზამდე აღწევდა, დღეს ვხედავთ, რომ მონიტორინგის მისიას შესვლა არც ცხინვალის რეგიონის ზონაში შეუძლია.
ევროკავშირის როლი აღნიშნული კონფლიქტების დარეგულირებაში მედიატორობა უნდა იყოს. იგივე ფილიპ ლეფორმა აფხაზური საზოგადოების სეცესსიონისტურ (გამოყოფის მომხრე) ნაწილს უნდა განუმარტოს, რომ ევროკავშირის პროგრამების განხორციელება და თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროექტებში გახლეჩილი აფხაზეთის ორივე - სეცესსიონისტური (გამოყოფის მომხრე) და იუნიონისტური (გამოყოფის მოწინაამღდეგეების) ნაწილი იქნება ჩართული“, - განაცხადა რუსეცკიმ და დასძინა, რომ „სხვა ყველაფერი ევროპის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაცია იქნება“.
„თუ ლაკერბაიას მიერ ნახსენებ „აფხაზში“ აფხაზეთის მკვიდრნი იგულისხმებიან, თავად ლაკერბაია სამხედრო ოკუპაციის პირობებში აფხაზური საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის აზრს გამოხატავს, ხოლო თუ იგი ეთნიკურ აფხაზებს გულისხმობს - მთლად უარესი. ე.ი. ეს რასისტულ-შოვინისტური ტიპის განცხადებაა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
ნებისმიერ სიტუაციაში, მე მას ვურჩევ, პარტნიორები და მეგობრები, პირველ რიგში, დევნილ მოსახლეობაში ეძებოს, რადგან მისი უსაფრთხოება და აფხაზეთის მომავალი დევნილებზეა დამოკიდებული და უახლოეს ხანებში ამას ყველა უფრო ნათლად დაინახავს“, - ამბობს რუსეცკი და დასძენს, რომ „ევროკავშირი ეთნოცენტრისტული ფრაზეოლოგიის გავრცელებას და დამკვიდრებას მხარს არ უნდა უჭერდეს“.
ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი საერთაშორისო ორგანიზაციებს „რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევებით“ დაემუქრა.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ანქვაბს აცნობეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს საქართველოს მიერ დამტკიცებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტით.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთს დატოვებენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს ნეიტრალური პასპორტით სარგებლობას შესთავაზებენ.
„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მოგზაურობები აფხაზური პასპორტებით განხორციელდეს. ის ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს ე.წ. „ნეიტრალურ პასპორტებს“ შესთავაზებენ, აფხაზეთს დატოვებენ“, - განაცხადა ანქვაბმა „საგარეო მინისტრ“ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრაზე.