რა ცვლილებები ამოქმედდა საგადასახადო კოდექსში ახალი წლიდან

რა ცვლილებები ამოქმედდა საგადასახადო კოდექსში ახალი წლიდან


მართალია, საქართველო უკვე ერთი წელია, ახალი, "რევოლუციური" საგადასახადო კოდექსით ცხოვრობს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კანონში უკვე იმდენი ცვლილება შევიდა, რომ კიდევ ერთი "რევოლუცია" მოახდინა. ცვლილებების დიდი ნაწილი წლის მიწურულს მიიღეს და ახალი წლიდან უკვე ძალაშია. ვინ გათავისუფლდება საშემოსავლო გადახდისგან, ვინ განახორციელებს აქციზური მარკების მიწოდებას და როდის ჩაითვლება საგადასახადოს ელექტრონული დეკლარაცია ჩაბარებულად - ახალ კოდექსში შესული ახალი ცვლილებები, ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ცვლის კოდექსში მანამდე არსებულ ჩანაწერს.

ნარიმან ტერაშვილი (ექსპერტი საგადასახადო საკითხებში): "საგადასახადო კოდექსი კანონებს შორის ყველაზე არასტაბილური დოკუმენტია, ყველაზე ხშირად სწორედ მას ცვლიან. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ურთიერთობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის მეტად ცვალებადია და ეს სფერო ძალიან პოლიტიზებულია. პოლიტიკას ფული სჭირდება და საიდან უნდა მოიტანონ, თუ ბიზნესიდან არ ამოიღეს. ხელისუფლება ამდენ საბიუჯეტო ხარჯს რომ იღებს, ცდილობს, გადასახადების ამოღებით შეავსოს. სხვა პრობლემაა კოდექსის სწორად წაკითხვა.

საგადასახადო კოდექსი ისეა დაწერილი, რომ ხშირად საჭიროებს განმარტებებს, რედაქციულ ცვლილებებს, გასულ წელსაც ახალ კოდექსში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა. ზოგჯერ რედაქციული ცვლილებებიც კი არსობრივად ცვლის კანონს. ერთი თვალსაჩინო მაგალითი მინდა გიამბოთ, წინა ხელისუფლების პერიოდს ეხება. კოდექსში იყო დაახლოებით ასეთი ჩანაწერი: "დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება: სოფლის მეურნეობის პროდუქცია, სიმინდი, ხახვი, კარტოფილი და ა.შ." ამ ჩამონათვალში ლობიო არ ყოფილა. არასწორად დასმულმა სასვენმა ნიშანმა ერთ საზრიან ადამიანს საინტერესო იდეისკენ უბიძგა. მან წერილით მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მოითხოვა განმარტება, არის თუ არა ლობიო სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

სახელმწიფო უწყებაში მართალია გაუკვირდათ, მაგრამ კანონი ავალდებულებდათ ოფიციალურად, წერილობით გაეცათ დაინტერესებული პირისთვის პასუხი, სადაც ჩაიწერა, რომ ლობიო ნამდვილად სოფლის მეურნეობის პროდუქტია. შემდეგ ამ ადამიანმა საქართველოში უცხოეთიდან ლობიოს დიდი პარტია შემოიტანა. რა თქმა უნდა, საბაჟოზე ტვირთის განბაჟება მოსთხოვეს, რაზეც მან საგადასახადო კოდექსის ჩანაწერი და დამატებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური წერილიც მოიშველია. ამ შემთხვევის შემდეგ სასწრაფოდ მიიღეს ცვლილება საგადასახადო კოდექსში და სასვენი ნიშანი იქ დასვეს, სადაც საჭირო იყო, იმ პირმა კი ერთჯერადად კარგი ფული იშოვა... ახლა "საკანონმდებლო მაცნეს" მისცეს სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება და ღმერთმა უწყის, ვინ რას ჩაასწორებს. სიზუსტე ასეთ საკითხებში უმნიშვნელოვანესია. 

1997 წლიდან დღემდე საქართველო რიგით მესამე საგადასახადო კოდექსით ცხოვრობს. კანონის მიღების შემდეგ მასში ქაოსურად უამრავი ცვლილება შედიოდა. იყო შემთხვევები, წინა ხელისუფლების პერიოდში, როცა ბიზნესი "ყიდულობდა" განსაზღვრულ მუხლებს საგადასახადო კოდექსში. მაგალითად, როგორც ეს მოხდა ბაზრობების ორგანიზებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების შემთხვევაში. ერთ-ერთი ინფორმაციით, პარლამენტარების მოქრთამვა ამ კანონთან დაკავშირებით ბიზნესმენებს 5 მილიონი ლარი დაუჯდათ. 

მართალია, ახლა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე შედის და ამით ცვლილებების პროცესი თითქოს მოწესრიგდა, მაგრამ მაინც ბევრია ახალი კოდექსის კვალობაზე. ხშირად კანონში შესატანი ცვლილება 31 დეკემბერს არის ხელმოწერილი, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება სასწრაფოდ ხდება. ბიზნესი კი ცვლილებებზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებს, რადგან ეს საქმიანობა ხანგრძლივ ეფექტზეა გათვლილი - სულ იმის მოლოდინი და შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ დღეს არსებული კანონი ხვალ შესაძლოა საპირისპიროდ შეიცვალოს. ბიზნესმა უნდა იცოდეს, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში რა ურთიერთობა ექნება მაკონტროლებელთან და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ურთიერთობის განმსაზღვრელი წესი მყარი და სტაბილური იქნება. დაუშვებელია ასეთი მიდგომა, რომ დღეს ამოიღებ კერძო სექტორიდან გადასახადს და ხვალ რა იქნება, აღარ გაინტერესებს. ბიზნესი წინასწარ დაგეგმვას საჭიროებს. 

- რა ძირითადი ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში ახალი წლიდან?
- მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ახალია, მასში უკვე ორჯერ, რამდენიმე ასეული ცვლილება შეიტანეს. მაგალითად, რაც შეეხება პრეზიდენტის გახმიანებულ ინიციატივის 45-60 წლის პირების დასაქმებისა და საშემოსავლო გადასახადისგან მათ გათავისუფლების შესახებ, 309-ე მუხლს 43-ე ნაწილი დაემატა. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება 45 წლიდან 60 წლამდე პირის ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ახალ სამუშაო ადგილზე მუშაობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს შეღავათი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირმა ამ ადგილზე მუშაობა დაიწყო 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2012 წლის 1-ელ ივლისამდე და მუშაობის დაწყებამდე სამი თვის განმავლობაში უმუშევარი იყო. შეღავათი არ მოქმედებს, თუ პირი დამქირავებელმა მანამდე გათავისუფლებული თანამშრომლის ადგილზე დაასაქმა. 

აქციზურ მარკებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში ჩანაწერი გაჩნდა. შემოსავლების სამსახური შეარჩევს პირს, ვინც აქციზური მარკების მიწოდებასა და იმპორტს განახორციელებს. ანუ ბაზარზე, ფაქტობრივად, ახალი მოთამაშე გაჩნდება და ეს იქნება კერძო პირი, რომელსაც შემოსავლების სამსახური გამოავლენს. საინტერესოა ასევე, რომ აქციზური მარკა იარსებებს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ფორმით. ჩვენ აქამდე მხოლოდ მატერიალური მარკა გვქონდა, რომელიც ძირითადად ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე აღინიშნებოდა. ახალი ნორმა შემოვიდა 1921-ე მუხლში, რომელიც ზოგიერთი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას ითვალისწინებს, საქონელსა და მარკირების პირობებს კი ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს. 

ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლში, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობაში სამრეწველო გადამუშავებად, ანუ სასაქონლო კოდის შეცვლად არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება, პროდუქციის მოცილება, ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის შეწყვეტა და დამატებული ღირებულების გადასახადით არ უნდა დაიბეგროს.

- იქნებ უფრო გასაგებად განგვიმარტოთ, რა იგულისხმება ამაში?
- მაგალითად, თუ თქვენ ზრდით წიწილებს, სანამ ის პატარაა, ერთი სასაქონლო კოდი აქვს, ხოლო როცა წონაში მოიმატებს და 185 გრამს აჭარბებს, მას სასაქონლო კოდი ეცვლება. ანუ რა გამოდის? - თუ წიწილას გავყიდი, შეღავათებით ვსარგებლობ და თუ ქათამს - აღარ? ამიტომ იყო საჭირო დამატებითი განმარტებები, რომ წიწილა და ქათამი იგივეა და შეღავათიც მწარმოებელს ორივე შემთხვევაში ეკუთვნის. პროდუქციის სასაქონლო კოდი იცვლებოდა მაშინაც, თუ ქათამს დაკლავდი და ისე გაყიდდი. ამ ცვლილებით კი, როგორც ცოცხალი, ასევე დაკლული ქათმის მიწოდება შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობს. ეს ცვლილება საინტერესო იქნება კვერცხის მწარმოებლებისთვისაც. 

ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლში, რომელიც ეხება გასვლით საგადასახადო შემოწმებას. მაგალითად, წინამდებარე რედაქციით, გადასახადის გადამხდელს ათი დღით ადრე უნდა შეატყობინონ წერილობით, რომ მასთან ფინანსური შემოწმება ეწყობა. დაშვებულია შეტყობინების ელექტრონული ფორმითაც გაგზავნა. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი, ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მის გაცნობისთანავე. ახლა შემოსავლების სამსახურის მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან 30-ე დღის შემდეგ - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გაცნობია. ამის შემდეგ რამდენიც უნდა იძახოს მეწარმემ: შეტყობინება არ მიმიღიაო, ეს გამამართლებელ გარემოებად არ იქნება. 

საინტერესო ცვლილებები შევიდა კერძო აუდიტის მიერ განხორციელებულ შემოწმებებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ პირი ალტერნატიულმა აუდიტმა შეამოწმა და განსაზღვრული დარღვევები გამოვლინდა, ჯარიმა არ დაეკისრება, თუ პირი დასკვნის შესაბამისად დეკლარაციებს დააზუსტებს, შეასწორებს და წარადგენს. თუ იმავეს საგადასახადო ორგანო გამოავლენს, აუცილებლად დაარიცხავს მეწარმეს ჯარიმასაც და საურავსაც.
ოციდან ოცდაათ დღემდე გახანგრძლივდა გადასახადის გადახდის, მისი გასაჩივრების ვადები. ჩანაწერი გაჩნდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მეოთხე ნაწილში, რომელმაც დააზუსტა, ქონების ჩუქების ან ანდერძით მემკვიდრეობისას ვინ მიიჩნევა I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად და ამით კონკრეტულად განისაზღვრა, ვინ სარგებლობს ამ შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებით.

- ფიქსირებული გადასახადი კვლავ შემოდის. კონკრეტულად ვინ ექცევა დაბეგვრის ამ რეჟიმში? 
- მოგეხსენებათ, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები არსებობს მიკრო და მცირე ბიზნესისთვის და ახლა დაემატა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის ცნება. ეს შესაძლოა იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. თუმცა რომელია ეს სახეები, ამას მთავრობა განსაზღვრავს. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთები შესაძლოა დასაბეგრ ობიექტზე განისაზღვროს 1-დან 2000 ლარამდე ან დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3%-ით. ამ განაკვეთებსაც, საქმიანობის მიხედვით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. პირს უფლება აქვს, ფიქსირებული გადასახადის დაბეგვრის რეჟიმზე წლის ნებისმიერ თვეს გადავიდეს.

კოდექსში ასევე გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, პირი შესაძლოა გადაიყვანონ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე, თუ იგი წარმოდგენს წერილობით ვალდებულებას, რომ ამ წესზე გადასვლიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში, განახორციელებს საწარმოს ძირითადი საშუალებების იმპორტს, არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულებისა. სპეციალური რეჟიმის პირობებში პირი დამატებული ღირებულების გადასახადს არ იხდის. სხვა შემთხვევაში, პირის გადაყვანა დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმზე მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კომპანიის შენატანები ბიუჯეტში 200 ათას ლარს აჭარბებს... ასე რომ, საგადასახადო კოდექსში ბევრი ისეთი ცვლილება შევიდა, რომელსაც ბიზნესი პრაქტიკაში უკვე მიმდინარე წლიდან შეხვდება.