ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა. რეალობა კი აბსოლუტურად სხვაგვარ სურათს იძლევა. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, აღტკინებული მოხელეების მოსაზრებებს არ იზიარებენ ექსპერტები და არც დამოუკიდებელი კვლევები მეტყველებს მათ სასარგებლოდ.
ოფიციალური სტატისტიკით, 2011 წლის განმავლობაში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციები 2010 წელთან შედარებით 25,8 %-ით გაიზარდა. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულ ტენდენციაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანზაქციების ზრდის მიზეზი ბანკებისა და კერძო მევახშეების მიერ ვალში წაღებული ქონების დარეგისტრირებაა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის განმავლობაში ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო მევახშეების ხელში ვალის სანაცვლოდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადავიდა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი მატკავას განცხადებით კი, უძრავი ქონების ბაზარი კრიზისამდელ მდგომარეობას ჯერ არ დაბრუნებია, თუმცა 2009 წელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მატკავა არ იზიარებს შეფასებებს, რომ ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ვალში წაღებული ბინების ხარჯზე იზრდება. საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად კი აცხადებს, რომ ქართველ მომხმარებლებში პოპულარული მეორადი ბინებია, სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, დეველოპერები ცდილობენ მომხმარებლის ნდობის დაბრუნებას.
ბანკების, მიკროსაფინანსოების და მევახშეების მხრიდან მოსახლეობისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის ტენდენციაზე უძრავი ქონების სააგენტოებისა და ექსპერტების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობაში საუბრობენ. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი დეპუტატი რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულთა რაოდენობამ 55 ათასს გადააჭარბა. აქედან, ცაგარეიშვილის ცნობით, 90%-ს ბანკებში უძრავ-მოძრავი ქონება აქვთ ჩადებული.
ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, სესხის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ კი ბანკია უზრუნველყოფილი მათი ქონებით. ამიტომ ბოლო წლებში სააღსრულებლო საქმეთა რაოდენობაც გაიზარდა.
მაგალითად, 2008 წელს ქვეყანაში 35 ათასი სააღსრულებლო საქმე იყო, 2009 წელს - 38 ათასი, ხოლო 2010 წელს მაჩვენებელმა 47 ათასს მიაღწია. ტენდენცია მზარდია 2011 წელსაც, ხოლო სააღასრულებლო საქმეების უმრავლესობა სწორედ უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული. 2011 წელს ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო მევახშეების ხელში ვალის სანაცვლოდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადავიდა.
უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების ზრდა, რომ ძირითადად ბანკებსა და მევახშეებს უკავშირდება, ამ ბიზნესით დაკავებული სააგენტოების მონაცემებიც ადასტურებს. საქმე ისაა, რომ მთელი თბილისი ბინებს გირაობს ან აგირავებს, ყიდვა-გაყიდვას კი იშვიათად თუ ვინმე ახერხებს. დიდ მიხვედრილობა არ არის საჭირო იმისათვის, რომ ამის მიზეზი შესაბამისი თანხების უქონლობაა. ამიტომ მცირე კაპიტალის მქონე მოქალაქეები ბინის დაგირავებას ამჯობინებენ.
შეთავაზებების დეფიციტი ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. ხალხს ურჩევნია ბინა გააქირაოს, ვიდრე ვინმეს გირით დაუთმოს, რადგან ქირის თანხა მას რჩება.
“მოთხოვნა დაგირავებაზე იმიტომ გაიზარდა, რომ მოსახლეობას ბინის ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბანკებიდან კრედიტების აღება ძალიან ჭირს. ამავე დროს, პოტენციური გამგირავებელიც თავს იკავებს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ აღებულ თანხას ვეღარ დააბრუნებს და ბინას დაკარგავს”, - აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოში.
862
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85