"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ქართულ ოცნებას" ჰყავს ერთი ოპონენტი, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. სხვა ოპონენტებს მე ქართულ პოლიტიკაში არ ვიცნობ. ახლა, ვინ რას ლაპარაკობს ყოფილი პოლიტიკოსებიდან, ეს არ არის არსებითი. სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეიძლება იწოდებოდეს "ქართული ოცნების" ოპონენტად მე ნამდვილად არ ვიცნობ. ხელისუფლება რომ ძალიან შეშფოთებულია და პირადად სააკაშვილი, ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. ასეთი შეშფოთებული რომ არ იყოს, სააკაშვილი არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე არ დაიწყებდა დღეში სამი-ოთხი შეხვედრის ჩატარებას და მის ტირაჟირება-პროპაგანდას. ხელისუფლება, რა თქმა უნდა დარწმუნებულია, რომ ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს. სამართლიანთან მიახლოებულ არჩევნებში ხელისუფლების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, ამიტომ რეპრესიულ-პროპაგანდისტული მანქანაა ამუშავებული, ჩვენი კოალიციის წევრებზე არის ზეწოლა, არის ხალხი დაკავებული. ეს პროცესი უკვე დაწყებულია - ლანჩხუთი იქნება ეს, ახმეტა, გორი თუ სხვა ადგილები, ამ რეპრესიებს ჩვენ ვხედავთ", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ბერძენიშვილი: "სააკაშვილი უფრო მწარედ დაისჯება, ვიდრე შევარდნაძე".
"საუბარი ფულზე არის სახელისუფლებო კლიშე, რომელიც პრინციპში ხელისუფლებამ დანერგა არასახელისუფლებო წრეებში. რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ ფულად ის აქცევს გაცილებით ნაკლებს იმიტომ, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკური ფულის რაოდენობას საარჩევნო პროცესში. უამრავი მექანიზმი არსებობს, რომელიც არ მისცემს არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობას, რომ რამდენიმე ათეულ მილიონზე მეტი დახარჯოს არჩევნებში. ბოლო ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს, რომ საერთოდ რამდენიმე მილიონიც კი ვერ დაიხარჯოს არჩევნებში. ასე რომ, საუბარი ივანიშვილი ფულზე ეს არის სახელისუფლებო კლიშე ატაცებული იმ ადამიანების მიერ, ვინც ან ვერ ერკვევიან ამ საკითხში, ან მიზანმიმართულად საუბრობენ, რომ ფულია თითქოს მიზიდულობის ცენტრი ივანიშვილთან - ფული ძალიან ბევრი ჰქონდა პატარკაციშვილს, მაგრამ ოთხჯერ მეტი ხმა მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.
"ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნების საკითხი ძალიან გემოვნებიანი ადამიანის, გია ბურჯანაძის შეფასების ობიექტი გამხდარა და ბატონ გიას უნდა ჰკითხოთ - მე რა გიპასუხოთ იმაზე, რატომ მოსწონს ივანიშვილს "რესპუბლიკელები" და თავისუფალი დემოკრატები". როცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, ეს ხალხი გვსაყვედურობდა ხელისუფლებასთან საარჩევნო თემაზე მოლაპარაკებას რატომ აწარმოებთ, მაინც არაფერს იზამსო. როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მართლაც უარესი კოდექსი ვიდრე გვქონდა, ახლა გვსაყვედურობენ, ამაზე რატომ არ წუწუნებთო. კიდევ ვაცხადებ - არ ვიწუწუნებთ! ჩვენ ნებისმიერი საარჩევნო გარემოს პირობებში ვართ მზად, ვეპაექროთ ხელისუფლებას და ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ შევძლებთ მის დამარცხებას. არსებულ საკანონმდებლო სივრცეში ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებას მაინც მოვუგოთ. ჩვენი უპირატესობა ხელისუფლებასთან გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო 2003 წელს. ამიტომ, არსებულ საკანონდმებლო სივრცეში მზადა ვერთ ხელისუფლებას მაინც მოვუგოთ. სააკაშვილი წააგებს ამ არჩევნებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"შევარდნაის და აბაშიძის ხელშიც იყო სახელისუფლებო რესურსი. 2003 წელს შევარდნაძეს და აბაშიძეს ძალიან არ უნდოდათ, განსაკუთრებით აბაშიძეს, არჩევნების დათმობა, მაგრამ მათ არა მხოლოდ არჩევნების დათმობა მოუწიათ, არამედ აბაშიძე ქვეყნიდანაც წავიდა. თან ისე, რომ ვერ დაბრუნდება. ასე რომ, ფაქტებით ვილაპარაკოთ. არასაარჩევნო გზა მოსინჯულია საქართველოში და პასუხიც გაცემულია -ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მიერ არასაარჩევნო გზამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, ეს ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის იყო ცნობილი 26 მაისამდეც. 26 მაისის შემდგომ კი ეს უბრალოდ დადასტურდა... სააკაშვილს კონტაქტები რომ აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რად უნდა ამას მისი ბიძა ალასანია. ბენდუქიძე იქ ჰყავს, ნაყოფია, შარანგიები და ა.შ. სახელისუფლებო ბიზნესი პრაქტიკულად რუსეთის მოქალაქეების და რუსული სახელმწიფოს კაპიტალის ხელშია და არა მხოლოდ კერძო კაპიტალის ხელში. მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და ვერავითარი ჩრდილოური წახმარებები ხელისუფლებას ქართველ ხალხზე ვერ გაამარჯვებინებს. ისევე როგორც არ არის მოსალოდნელი დასავლური დახმარებები ამჟამად სააკაშვილზე" - მიიჩნევს დავით ბერძენიშვილი.
"შევარდნაძე 2003 წლამდე იმდენჯერ შეხვდა ამერიკის და ევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფალს, რომ სააკაშვილს არ დაესიზმრება. მისი პირადი მეგობარი ბეიკერი ჩამოვიდა, მაგრამ შევარდნაძე არაადეკვატური იყო და რომ ეუბნებოდნენ არჩევნები ნორმალურად ჩაატარე და ხელისუფლებიდან წასასვლელად მოემზადეო., მან არ დააპირა ხელისუფლების გაყოფა და მოუწია სულ წასვლა. სააკაშვილს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ რჩება დრო პრეზიდენტობის, თუმცა ის ხედავს და ვფიქრობ, საფუძვლიანად თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებს თუ წააგებს, მისი პრეზიდენტობა იქნება ჯოჯოხეთი, კოშმარი და პრაქტიკულად დამთავრდება პრეზიდენტობაც. ამიტომ ყველაფერს ეცდება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ქართველი ხალხის და დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი სვლის რესურსი დღეს სააკაშვილს არ აქვს. რა დაამტკიცა სააკაშვილმა, რომ ის შევარდნაძეზე მაგარია? შევარდნაძე 30 წელი მართავდა, სააკაშვილი 8 წელიწადში დაამთავრებს", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ შევარდნაძეზე ნაკლებ ტექნიკური და სასტიკი მმართველი არ არის" - პასუხობს:
"ამიტომ, როგორც ჩანს, უფრო მწარედ დაისჯება, ვიდრე შევარდნაძე".
751
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85