12 წლის წინათ ყოველი მეორასე, ახლა კი ყოველი მეორე

12 წლის წინათ ყოველი მეორასე, ახლა კი ყოველი მეორე


ინტერნეტი, ინფორმაცია, პოლიტიკა, ბიზნესი და მომხმარებელი უკვე ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი ამა თუ იმ სტატუსით ვირტუალურ ქსელთან ასოცირდება. 
დღესდღეობით მსოფლიოს მაცხოვრებელთა 28.7% ინტერნეტს აქტიურად მოიხმარს. სტატისტიკურად ეს 2 მლრდ ადამიანს უტოლდება. 2000 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მხოლოდ 6.8%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2000 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 0.5%-ს არ აღემატებოდა (ანუ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 200 ადამიანიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა). დღეს კი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითად, ევრაზიის თანამშროლობის ფონდის კვლევის - “ქართული მედია მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივების” მიხედვით, საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც არასდროს სმენია ან არ უსარგებლია ინტერნეტით, მათი რაოდენობა, 2009 წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. თუმცა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ანუ 56% კვლავ ამბობს, რომ ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.

რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას ქალაქების მიხედვით. მარკეტინგული კვლევების კომპანია “ეისითის” მონაცემებით, თბილისში ინტერნეტით 55% სარგებლობს, ბათუმში - 51%, ქუთაისში - 53%, სხვა ქალაქებში კი საერთო ჯამში 40%.

რესპონდენტთა 74%-მა აღნიშნავს, რომ იგი ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტს. კვირაში 2-3-ჯერ ინტერნეტით გამოკითხულთა მხოლოდ 14% სარგებლობს, კვირაში ერთხელ - 6%, თვეში 2-3-ჯერ - 5%, თვეში ერთხელ ან იშვიათად მხოლოდ 2%.
იმ ადამიანების უმეტესობა (70%), ვინც ინტერნეტს მოიხმარს, მას სოციალური ქსელებისთვის იყენებს, ინფორმაციას კი ინტერნეტის საშუალებით ინტერნეტ მომხმარებელთა 45% იღებს.

ობიექტური ინფორმაცია და ინტერნეტი უკვე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჯერჯერობით სახელისუფლებო სტრუქტურებმა ინტერნეტის საინფორმაციო სივრცის გაკონტროლების მექანიზმი ვერ შეიმუშავეს. ეს კი მომხმარებელს თავისუფალი სიტყვის ხელმისაწვდომობას უმარტივებს.

რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან მედიის თავისუფლების შეფასებას. ევრაზიის თანამშროლობის ფონდის კვლევის მიხედვით, 42%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება. მოსახლეობის 53% თვლის, რომ “რუსთავი 2” ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია, 43% კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს “იმედი”; რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, 48%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი ეს არხია.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემებს პოლიტიკასა და ზოგადად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ 88% “რუსთავი 2”-ის მეშვეობით უყურებს, მათ მიმართ ნდობა, მხოლოდ 33%-ს აქვს, რაც შეეხება “იმედს”, პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას 85% ტელეკომპანია “იმედიდან” იღებს, თუმცა ნდობით, მხოლოდ 33% ენდობა.

საინტერესოა კიდევ ერთი მიმართულება - ინტერნეტი (უფრო სოციალური ქსელები) და ბიზნესი. სპეციალისტების განცხადებით, 2011 წელი, შეიძლება ითქვას, ქართული ბიზნესისათვის სოციალური ქსელების აღმოჩენის წელი იყო. ზოგი კომპანია სოციალურ ქსელებში 2010 წლის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა, ყველაზე აქტიურ პერიოდად მაინც გასული წელი უნდა ჩაითვალოს. 

“ბოლო 6 თვის განმავლობაში იმატა იმ კომპანიების რიცხვმა, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და ინტერნეტის სხვა შესაძლებლობების გამოყენებასაც ცდილობენ. ვერ ვიტყვი, რომ კომპანიების მარკეტინგის სრულ მოცულობაში სოციალური მარკეტინგის როლი ძალიან დიდია, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ქართული კომპანიები დიდად ჩამორჩებიან მსოფლიო ტენდენციებს. 

ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ კომპანიებმა მოუსმინონ მომხმარებელს, იყვნენ მუდმივ კონტაქტში საკუთარი გვერდის წევრებთან და მუდმივად იზრუნონ იმაზე, რომ კომპანიის გვერდი და მომხმარებლებთან ურთიერთობა საინტერესო და ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყოს”, - აცხადებს ელექტრონული მარკეტინგის სპეციალისტი დავით ბირმანი.