ქართული ძიუდო ბეჭებზეა! შოთა ხაბარელი ხელს ვარძელაშვილისა და ნაცვლიშვილისკენ იშვერს

ქართული ძიუდო ბეჭებზეა! შოთა ხაბარელი ხელს ვარძელაშვილისა და ნაცვლიშვილისკენ იშვერს

ბოლო წლებია ქართული ძიუდოს საქმე უკან-უკან მიდის. ერთ დროს სპორტის წამყვანმა სახეობამ მსოფლიოში მოწინავე პოზიციები დათმო და ქართული ტატამის ოსტატებისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე ჯილდოს გარეშე დარჩენა ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა.

ჩინებული პირობების მიუხედავად ქართული ძიუდო უფსკრულისაკენ მიექანება.

შექმნილი სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, იმაშიც მდგომარეობს, რომ ქართული სპორტის ხელმძღვანელებმა რამდენიმე წლის წინ ეროვნული ნაკრების სათავეებს მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი და მისი გუნდი ჩამოაშორეს. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტი მავანი და მავანის ყოვლად უაზრო გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. იმ გაუაზრებელი ნაბიჯის ნაყოფს ამჟამად ვიმკით. რამდენიმე თვეში ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გველის და დიდია ალბათობა დიდ ბრიტანეთში მორიგი იმედგაცრუება ვიგემოთ.

რა მდგომარეობაა ქართულ ძიუდოში? რა არის არსებული კრიზისის მიზეზები? რატომ ვერ აღწევს წარმატებას გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი და რატომ არ ემზადება ნაკრები საქართველოში? - ყოველივე ამის გასაგებად სტუმრად ვეწვიეთ საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ამჟამად ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შოთა ხაბარელს.

საუბრის დასაწყისში დავინტერესდით, თუ რატომ არ დადასტურდა გასული წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაკრების სათავეში ავსტრიელი მას უნდა შეეცვალა.

- რამდენიმე თვის წინ გუნდის ჩაბარება ნამდვილად მთხოვეს. მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ პეტერ ზაიზენბახერის გათავისუფლება დღის წესრიგში დადგა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნაკრების სათავეში ჩემი დაბრუნება მოისურვეს. შემხვდნენ, მესაუბრნენ და მეც წინააღმდეგი არ ვიყავი. ლონდონამდე ათი თვე იყო დარჩენილი და მდგომარეობის გამოსწორების იმედი ნამდვილად გამაჩნდა. სამწუხაროდ, ზემოთდასახელებული დაწესებულებების პირველმა პირებმა მეორე დღეს აზრი შეცვალეს და ავსტრიელს საქართველოში მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდა და ჩემი კანდიდატურის აცილების ინიციატივა მაღალი ეშელონების რომელი წარმომადგენლებიდან წამოვიდა. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ნაბიჯი ვიღაცამ მიზანმიმართულად გადადგა.

რას გერჩიან, ბატონო შოთა?

- მთელი ჩემი სიცოცხლე ქართული ძიუდოს სამსახურში ვიმყოფები. შემიძლია ვიამაყო, რომ სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გახლავართ. მუდამ ვატარებდი იმ პოლიტიკას, რომელიც ნაკრების საერთაშორისი შეჯიბრებებზე წარმატების მოპოვებისათვის აუცილებელი გახლდათ. ალბათ ჩემი გადაწყვეტილებები, მეთოდები და მიღწევები ვიღაცას ყელში ამოუვიდა. მეტსაც გეტყვით - ცოტა ხნის წინ 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გადამაყენეს. ალბათ იკითხავთ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ქართულ სპორტულ სამყაროში მოღვაწე ადამიანთა ერთმა ჯგუფმა, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოწოდებაზე ხელი მოვაწერეთ. მეორე დილას აღმოჩნდა, რომ სამსახურიდან გამომიშვეს. გამოდის რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო დამსაჯეს.

თქვენი სამწვრთნელო გუნდის წევრები ამჟამად რას საქმიანობენ?

- ძალიან კარგი შეკითხვაა და ნება მომეცით ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ. ჩემი ერთგულების გამო ეს ხალხი ამჟამად უმუშევრადაა დატოვებული. ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან და ქართული ძიუდოს არაერთ წარმატებაში დიდი წვლილი აქვთ გაღებული. მათი თამაშგარე დატოვება დიდ დანაშაულად მიმაჩნია. გყავდეს ბატონი გურამ რატიშვილი და მის შესაძლებლობებს ქართული სპორტის სასიკეთოდ არ იყენებდე - დანაშაულის ტოლფასია. ბატონი გურამი სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ და ქართული ძიუდო მის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

იგივე შემიძლია განვაცხადო ჯემალ ნათელაშვილის შესახებაც. ამ პიროვნებას არაერთი წარმატებული ძიუდოისტი აღუზრდია და დღეს მის მდიდარ გამოცდილებას არავინ იყენებს. უმუშევარია ბიძინა მოხევიშვილიც. ბოლო დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლეოდა ბორის ფირცხელანს. საბედნიეროდ, ის ამჟამად ნაკრებში დააბრუნეს. ამ პიროვნებების გამოცდილება და პროფესიონალიზმი ქართული ძიუდოს განვითარებისათვის აუცილებელია.

სამწუხაროდ მავანსა და მავანს სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა განადგურების გზაზე დააყენოს. ის პოლიტიკა, რომელიც ამჟამად ქართული ძიუდოს მიმართ მიმდინარეობს მისი დასამარებისაკენ არის მიმართული. შეიძლება მკაცრი შეფასება გამომდის, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები ამ აზრის გამოტანის საშუალებას მაძლევს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას სდებთ ბრალს?

- გაგიკვირდებათ და ძიუდოს ფედერაცია სპორტის ამ სახეობის რეგრესში ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. თავად გახლავართ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ამ ორგანიზაციის საქმიანობაში შესანიშნავად ვარ გათვითცნობიერებული. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ფედერაციას არავინ არაფერს ეკითხება. ძიუდოს ირგვლივ გადაწყვეტილებებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთპიროვნულად იღებს. შესაბამისად ქართული ძიუდოს განვითარებაზე პასუხს ამჟამად ბატონები გია ნაცვლიშვილი და ლადო ვარძელაშვილი აგებენ.

ფედერაცია დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ამ ორგანიზაციას მარტივი გადაწყვეტილებების მიღების უფლებაც კი არ გააჩნია. ფედერაციის დანიშნული პეტერ ზაიზენბახერიც არ არის. ის საქართველოში სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა ჩამოიყვანეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ქართველ ფალავნებს ძიუდოს ახალი წესები უკეთ აეთვისებინათ. ზაიზენბახერს ნაკრებში მზადების ახალი, ვითომ თანამედროვე მეთოდებიც უნდა დაენერგა. ყოველ ახალ ოლიმპიურ ციკლში ძიუდოში წესები მუდმივად იცვლება, მაგრამ მზადების წლობით ჩამოყალიბებულ, უკვე აპრობირებულ მეთოდებზე ადრე უარს არასოდეს ვამბობდით. სამწუხაროდ ზემოთმოხსენებული პიროვნებების ერთპიროვნული მოსაზრებით, ქართულმა ძიუდომ ტრადიციული განვითარების გზაზე უარი განაცხადა და უაზრო ექსპერიმენტების აღმართს დაადგა.

რას გვეტყოდით ავსტრიელი მწვრთნელის შესახებ?

- თავდაპირველად მისი დანიშვნის წინააღმდეგი არ გახლდით. მოგეხსენებათ სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდში არაჯანსაღი მდგომარეობა იყო და გარკვეული დროის განმავლობაში, ახალი ხელი, ალბათ, აუცილებელი იყო. მოგვიანებით, როდესაც უცხოელი კოლეგის მუშაობას დავაკვირდი, მივხდი, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა დიდი შეცდომა გახლდათ. ჩვენს ქვეყანაში არაერთი ჩინებული ადგილობრივი სპეციალისტი მოღვაწეობს და კვალიფიკაციით ავსტრიელი მათ ნამდვილად ვერ სჯობნის. ზაიზენბახერი ჩემთვის არაპროფესიონალიზმის კლასიკური მაგალითი აღმოჩნდა.

ალბათ გაინტერესებთ, რაში მდგომარეობს ამ პიროვნების მთავარი ნაკლოვანებები. უპირველეს რიგში, მას არ შეუძლია გუნდის მზადების ისეთი დაგეგმვა, რომ ძიუდოისტებმა სპორტულ პიკს მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ მიაღწიონ. თავად განსაჯეთ - მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკრებს საქართველოში არც-ერთი საწვრთნელი შეკრება არ გაუვლია. ავსტრიელი ბიჭებს მთელს მსოფლიოში აქეთ-იქით დაატარებდა და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გადაღლილი და გამოფიტული მიიყვანა. მას მზადების არანაირი მეთოდიკა, ან გეგმა არ გააჩნია. მთავარ ყურადღებას ფიზიკურ გამძლეობაზე აკეთებს, მაგრამ ავიწყდება, რომ არ შეიძლება მხოლოდ ფიზიკაზე აქცენტის გადატანა. ამ თემას კიდევ დავუბრუნდები.

ზაიზენბახერმა წლების განმავლობაში საქართველოში დანერგილი მზადების მეთოდები სრულიად უკუაგდო. უარი განაცხადა ბორჯომსა და ბაკურიანზე და გუნდი რამდენიმე ნაწილად გახლიჩა. ამ ადამიანს არ გაუტარებია სპეციალური, ტაქტიკური და ტექნიკური მზადების პროცესები. პრაქტიკულად ყველაფერი აურ-დაურია. ამჟამინდელი მდგომარეობა აიღეთ - ძიუდოისტების ნაწილი ავსტრიაშია, ნაწილი დუშეთში, რამდენიმე ფალავანი კი ცალკე ემზადება. იმ სპორტსმენებს, რომლებისგანაც ლონდონში მედლებს ველით, ავსტრიელის მეთოდების არ სჯერათ და დამოუკიდებელი მზადება აირჩიეს. ცირეკიძე გასულ წელს ცალკე ვარჯიშობდა, ამჟამადაც იგივე გზა აირჩია. ლიპარტელიანმა ერთი თვის წინ ბაკურიანში საკუთარი სურვილით ივარჯიშა. ჟორჟოლიანიც დამოუკიდებლად ემზადება.

რა აზრი აქვს ავსტრიელის საქმიანობას, თუ გუნდი მაინც რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი?! წარმოუდგენლად მიმაჩნია გუნდის ასეთი დაშლა. ყოველივე ამას ჩვენი სპორტის მამები მშვიდად უყურებენ და ვფიქრობ, რომ ქართული ძიუდოს დაშლა მიზანმიმართულად აქვთ გადაწყვეტილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მნიშვნელოვანი ტურნირების წინ გუნდის დაშლა დანაშაულის ტოლფასია და წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე მოჭიდავეებმა ძირითადი საწვრთნელი შეკრებები საქართველოში უნდა გაიარონ.

რა ანაზღაურება აქვს ავსტრიელს?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს პიროვნება თვეში 10 000 დოლარს იღებს. გაგიკვირდებათ და, ნაკრების მწვრთნელთა საბჭოში შემავალი 10-15 სპეციალისტის ანაზღაურებისათვის, საერთო ჯამში თვეში 8 000 ლარია გამოყოფილი. ეს ფაქტი ქართული ძიუდოს დაცინვად მიმაჩნია. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში აშენებულ ძიუდოს ასეთი გულმოდგინებით ანგრევდეს ასეთი მაღალი ხელფასი გააჩნდეს, ხოლო მათ, ვინც მართლაც უდიდეს საქმეს აკეთებს, კვალიფიცირებულ და წარმატებულ მწვრთნელებს ერთად აღებულს, რამდენიმე ათას ლარს უნიშნავდე.

რატომ ვერ უწევთ წინააღმდეგობას ზაიზენბახერს?

- კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას არაფერს ეკითხებიან. ყველაფერს ერთპიროვნულად სეოკ-ი და ქართული სპორტის მმართველი ორგანიზაცია წყვეტენ. ეს გახლავთ დიდი უბედურება, რადგან წესითა და რიგით პასუხი ფედერაციამ უნდა აგოს. გარწმუნებთ, რომ ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება ქაოსურ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი წინასწარი მზადების გეგმა არ არსებობს. ავსტრიელი ყველაფერს საკუთარი ნება-სურვილით ახორციელებს. რასაკვირველია ძიუდოისტები დაფინანსებას არ უჩივიან, მაგრამ საკითხავია როგორ იხარჯება ეს თანხები. სამწუხაროდ, დიდძალი სახსრები სრულიად უაზროდ იფლანგება.

ქართული ძიუდო მიზანმიმართულად ინგრევა და ყოველივე ამაზე გული შემტკივა. წამყვანი ძიუდოისტები მაინც სამშობლოში ემზადებიან და საინტერესოა, რისთვის იხარჯება ამდენი თანხები. გუნდში საშინელი მდგომარეობაა. ბიჭებს ავსტრიელთან მუშაობა კატეგორიულად არ სურთ. ცოტა ხნის წინ ძიუდოისტებმა კრება მოიწვიეს და საკუთარი სატკივარი ხმამაღლა განაცხადეს. ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ავსტრიელთან დალაპარაკებასა და მდგომარეობის გამოსწორებას დაპირდნენ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა.

რატომ არის იგნორირებული ბორჯომი და ბაკურიანი?

- გარკვეულ პიროვნებებს მიაჩნიათ რომ გუნდის იქ მომზადება კომუნისტური დროის გადმონაშთი იქნებოდა. შეკითხვას დაგისვამთ: კომუნისტები ქვეყნის მართვის სათავეებში აღარ იმყოფებიან, მაგრამ იგივე ბაკურიანში ჰაერი და კლიმატური პირობები ხომ არ შეცვლილა?!

გქონდეს ბორჯომი და ბაკურიანი და სავარჯიშოდ ალპებში წახვიდე, დიდ შეცდომად და ბედის ირონიად მიმაჩნია. ბორჯომი ჟანგბადითაა გაჯერებული. ადრე აქ შეკრებას რომ დავასრულებდით, გუნდი ჩინებულ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა. ბორჯომიდან არაერთხელ პირდაპირ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე მივდიოდით და ალბათ, დამერწმუნებით, რომ კარგი შედეგებიც გვქონდა. ქართული სპორტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ბორჯომი და ბაკურიანი რატომღაც აითვალწუნეს. რა სპორტული შედეგებიც მოიმკეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. გასულ სეზონში ჭაბუკმა და ახალგაზრდა ძიუდოისტებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. ამისი არაერთი მიზეზი არსებობს. უპირველეს რიგში, მათ გვერდით ავსტრიელი „სპეციალისტი“ არ იმყოფებოდა და ბიჭებს ქართველი მწვრთნელები ამზადებდნენ. მეორეც - ფალავნებმა მზადება ბორჯომსა და ბაკურიანში გაიარეს. ალბათ, დამნახავმა ეს უნდა დაინახოს, მაგრამ სამწუხაროდ გამკითხავი არავინ არის.

ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი ასპარეზობის შემთხვევაში პასუხი ვინ უნდა აგოს?

- როგორც ვიცი, ბატონმა გია ნაცვლიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა. კარგია, როდესაც ადამიანი ასეთი თვითდაჯერებულია, მაგრამ სამწუხაროდ საქმე უკვე გაფუჭებულია, მდგომარეობის გამოსწორებას კი არაერთი წელი დასჭირდება. სპორტული ცხოვრება ოლიმპიური თამაშებით არ სრულდება. ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წარჩინებული გახლდათ და დღეს მავანის სიჯიუტეს ეწირება.

ამბობენ, ჭიდაობის ახალი მეთოდები და სტილი უნდა დავნერგოთო. ამ შემთხვევაში, გადაემზადებინათ სპეციალისტები და შესაბამისი მუშაობა 5-7 წლის ბავშვებთან დაეწყოთ. უკვე აშენებული და ჩამოყალიბებული გუნდისათვის თავი დაენებებინათ! მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ვერ ნახავთ შემთხვევას, როდესაც ორ წელიწადში ამა თუ იმ ნაკრების ხელწერა შეცვლილიყო. ამათ კი დროის ამ მცირე მონაკვეთში გუნდში არაერთი სიახლის დანერგვა მოისურვეს.

თქვენი აზრით სასწრაფოდ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს საქართველოს ნაკრებში?

– პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ლონდონში თუ რაიმე წარმატებას მივაღწევთ, ეს მხოლოდ ღმერთის დახმარება იქნება, რადგან ძალიან დიდი დრო არის დაკარგული. მიმაჩნია, რომ საქმის გამოსწორება ნაწილობრივ ჯერ კიდევ  არის შესაძლებელი. გუნდი საქართველოში უნდა მოემზადოს. ბიჭები ერთად უნდა იყვნენ და ნაკრები გახლეჩილი არ იყოს. აუცილებელია, პირველი შეკრების ბაკურიანში ჩატარება. მზადების ეს ეტაპი ფიზიკური გამძლეობის ზრდას უნდა ემსახურებოდეს. მომდევნო ციკლს ბორჯომში გავმართავდი, სადაც ტაქტიკურ-ტექნიკურ საკითხებზე ვიმუშავებდი. მზადების ბოლო ეტაპს კი დუშეთში გავივლიდი.

ბატონ ზაიზენბახერს მსოფლიოში ხეტიალი უყვარს. კი, ბატონო... უცხოეთში საწვრთნელი ვარჯიშები ადრე პრაქტიკაში არაერთხელ გვქონია და უკვე აპრობირებული მეთოდია. ზამთარ-გაზაფხულზე ევროპაში ზედიზედ რამდენიმე ტურნირი იმართება. ამ შეჯიბრებების შუალედში საფრანგეთსა და გერმანიაში რამდენიმე ხანმოკლე შეკრებას გავივლიდი. ზაიზენბახერმა ძიუდოისტები იაპონიაში ერთი თვით წაიყვანა. იმავე დღეებში იქ მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდებოდა, სადაც გუნდს მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ ცირეკიძემ იასპარეზა. იაპონია კარგია, მაგრამ რასაკვირველია თავის დროზე და ისიც – გარკვეული დოზით.

დღემდე ვერ გამიგია, რა უნდოდა ავსტრიელს სამოაში ჩატარებულ მეორეხარისხოვან ტურნირშიც. ამ უთავბოლო მოგზაურობაში დიდი ფული იხარჯება. საქართველოში საწვრთნელი შეკრების დანიშვნის შემთხვევაში ეს თანხა ჩვენს ქვეყანაში დარჩებოდა. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოს მიერ ძიუდოისტების მოსამზადებლად გამოყოფილი ფული, უთავბოლო დაგეგმარების გამო, უცხოელების კუთვნილება ხდება. მაღალ დაფინანსებას შესაბამისი გეგმა ესაჭიროება. არაპროფესიონალიზმის შემთხვევაში ეს თანხები ფუჭად დაკარგულია. ვინმემ დათვალა რა დაჯდა იაპონური ან იტალიური შეკრებები, „მოგზაურობა“ სამოაში ან თუნდაც ამჟამინდელი მზადება ავსტრიაში? რა დაჯდებოდა სრული გუნდით შეკრების გავლა ბაკურიანსა ან ბორჯომში? მერწმუნეთ, რომ საქართველოში მზადების ციკლის გავლის შემთხვევაში, სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევდა და თავად გუნდისათვის უფრო სასარგებლო იქნებოდა.

რაც შეეხება საერთო ფიზიკურ მომზადებას... კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ძიუდოისტი მაღალ სიმძიმეებს შეეჭიდოს. ყველაფერი წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს. შეიძლება მედლის კანდიდატმა 200 კილოგრამიანი წონა ვერ დაძლიოს, მაგრამ ამა თუ იმ შეჯიბრებას სრულიად მომზადებული შეხვდეს. ამ დროს კი, დამწყებმა ძიუდოისტმა  250 კილოგრამი წარმატებით აიღოს, მაგრამ ტურნირისათვის მოუმზადებელი იყოს. ზაიზენბახერი ბიჭებს ცოტა ხნის წინ პირდაპირ დაემუქრა, რომ ვინც მის ფიზიკურ ნორმატივებს ვერ შეასრულებდა გუნდიდან უნდა წასულიყო.

მინდა გითხრათ, რომ ქართველი ძიუდოისტები ჩინებული ფიზიკური მომზადებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ჩვენ მეთოდებს იგივე იაპონელები, ფრანგები, გერმანელები თავიანთ პრაქტიკაში ხშირად იყენებდნენ. მე, როგორც მწვრთნელს, ის ფიზიკური ძალა მჭირდება, რომელიც კონკრეტულად ძიუდოსათვის არის საჭირო. მიმაჩნია, რომ თუ ჩემს მიერ შემოთავაზებულ გეგმას განხორციელების საშუალება მიეცემა, ოლიმპიურ თამაშებზე გარკვეული იმედის საფუძველი გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლონდონში წარმატებას ვერ მივაღწევთ და ქართული ძიუდო მრავალი წლით დასამარდება.

ჩვენი საუბრის ბოლოს კი გეტყვით, რომ ქართული ძიუდო მსოფლიოში ყოველთვის საკუთარი ხელწერით გამოირჩეოდა. ამისი საფუძველი ქართული ჭიდაობა გახლდათ. დღემდე არსებულ წარმატებებს ამ ტრადიციების დახმარებით მივაღწიეთ. ამჟამად ყოველივე ამისი მოშლა და ჩვენი ძიუდოს უცხოურ სტილზე გადაყვანა სურთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ქართულ ძიუდოს ძირს მიზანმიმართულად უთხრიან. სამწუხაროდ, დღემდე დაფიქსირებული ფაქტები ამისი თქმის საშუალებას მაძლევს.