ამ კვირის ბოლოს ორი წელი უსრულდება ომს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის იფეთქა. იმ მომენტისთვის ბევრი შიშობდა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ახალი ცივი ომი დაიწყებოდა.
რეალურად კი ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ სეპარატისტულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ვითარება ჩიხური რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტებს ბარაკ ობამასა და მედვედევს შორის ბევრ საკითხთან დაკავშირებით კეთილგანწყობამ დაისადგურა, ორივე ქვეყნის მთავრობა საქართველოს გამო ერთმანეთს ადანაშაულებს.
მოსკოვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი ახლა სრულიად დამოუკიდებელი ქვეყნებია. ვაშინგტონი კი ადასტურებს საქართველოს უფლებას ამ ორ ტერიტორიაზე. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, გასულ თვეში თბილისში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სეპარატისტულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნას ”ოკუპაცია” უწოდა.
თუ ფაქტებს ფხიზელი თვალით შევხედავთ, ვივარაუდებთ რომ ვერც ერთი პოზიცია ადგილზე არსებულ რეალობას ვერ ასახავს. სამხრეთ-ოსეთი, რომლის მოსახლეობაც 30 000-ს შეადგენს, არასდროს იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ 2008 წლის სისხლისღვრამ ბევრი წლით დახია უკან საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების ნებისმიერი შესაძლებლობა.
აფხაზეთი ბევრად უფრო დიდია და შავი ზღვის სანაპიროზე ერთგვარი პროტო-სახელმწიფოებრიობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოუკიდებლობის აღიარებას ძალიან მცირე შანსი აქვს, მან მკვეთრად გაწყვიტა კავშირი პოსტ-საბჭოთა საქართველოსთან, რომლის ნაწილიც ის ბოლომდე არასდროს ყოფილა. აფხაზების უმეტესობა მიესალმება რუსეთის სამხედრო ძალას, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტორს.
საბოლოოდ აქ კომპრომისი გარდაუვალია, მაგრამ იმისთვის რომ ეს მოხდეს, პროცესის გლობალურმა მონაწილეებმა უნდა უკუაგდონ საკუთარი რიტორიკა და ეს კონფლიქტი აღარ განიხილონ ცივი ომის პრიზმიდან.
პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა, რომ აგვისტოს ომმა რეალურად შეასუსტა რუსეთის პოზიციები კავკასიაში. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის აღიარებამ შელახა მოსკოვის საერთაშორისო რეპუტაცია და არც ერთ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას მისი მაგალითისთვის არ მიუბაძავს. ამ პოლიტიკამ ჩრდილო-კავკასიაში კიდევ უფრო გაართულა ვითარება პოტენციურ ისლამისტ სეპარატისტებს შორის. მთების სამხრეთით რუსეთი ძალიან მცირე ბერკეტებს ფლობს და ნებისმიერი სახის გავლენის შესანარჩუნებლად ადგილობრივ ელიტასთან უნდა იმუშაოს.
ეკონომიკურ აღმშენებლობასა და პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე ფოკუსირებული რუსეთი აღიარებს, რომ თუ თავის ახლო საზღვარგარეთში დარჩენა უნდა, უფრო ეკონომიკურ ინსტრუმენტებს უნდა მიმართოს, ვიდრე იძულებას. ბოლოდროინდელი დავა ბელორუსიასთან გაზით მომარაგების გამო, ყირგიზეთში ჩაურევლობის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც რუსეთი ტანკებს 90%-ით შეამცირებს, ამ სურათის ნაწილია.
აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი, რომლებიც რუსეთთან საზღვარსაც და ისტორიულ კავშირებსაც იყოფენ, უსაფრთხოებისთვის რეალურ თავის ტკივილად რჩება. ის რომ სეპარატისტულ სამხრეთ-ოსეთში, რომელიც თბილისიდან ერთი საათის სავალ გზაზეა, რუსული ჯარი დგას, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას რეალურ პრობლემას უქმნის.
მაგრამ აშშ-რუსეთის უკეთესმა ურთიერთობებმა დრამატულად შეამცირა სამხრეთ-ოსეთში ახალი დაპირისპირების წარმოქმნის საფრთხე. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ოსებს არა მხოლოდ რუსეთის, ან მხოლოდ საქართველოს არჩევის შანსი მიეცემათ, არამედ თვითმმართველობა და კავშირი ორივე ქვეყანასთან, ისინი ალბათ ორივე ხელით ჩააფრინდებიან ამ შესაძლებლობას. ქართველები და ოსები ყოველთვის ქმნიდნენ შერეულ ოჯახებს და ვაჭრობდნენ ერთმანეთში, სამხრეთ-ოსეთი საქართველოს შიგნით მდებარეობს და რუსეთს მხოლოდ გვირაბით ესაზღვრება.
აფხაზეთი უფრო რთული შემთხვევაა, მაგრამ ევროპაში არსებობს სულ ცოტა ათეული ტერიტორია, სადაც ასიმეტრიული სუვერენიტეტია: გაიხსენეთ ანდორა, ლიხტენშტეინი, რომ აღარაფერი ვთქვათ შოტლანდიასა და ჩრდილო-ირლანდიაზე, სადაც მთავრობაში ”სეპარატისტი” მინისტრები სხედან. ასეთი კრეატიული მიდგომა აფხაზეთის შემთხვევაშიც რომ გამოეყენებინათ, შესაძლოა კონფლიქტი დიდი ხნის გადაჭრილი ყოფილიყო.
შეუძლია რუსეთს საქართველო ”დასავლეთთან” გადატვირთვის ნაწილად აქციოს? თუ რეალურად ვიმსჯელებთ პროგრესი არაა სავარაუდო, სანამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოსკოვის სასტიკი მტერი, მეორე ვადითაა ხელისუფლებაში და სანამ 2008 წლის იარები მოუშუშებელია, მაგრამ რუსეთს ნამდვილად აქვს იმის მიზეზი, რომ ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში გადაანაწილოს.
ამავე დროს სიტუაცია კონფლიქტების მართვის უფრო ეფექტურ მენეჯმენტს მოითხოვს – ინციდენტების აღკვეთას, რათა ისინი კონტროლიდან არ გავიდნენ და საჭროა უფრო ნიუანსური ენა. დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკა, საქართველოსადმი მკაცრი რიტორიკით გამოხატული მხარდაჭერა, მძიმე სამუშაოს იოლი სიტყვებით სცვლის.
თარიღი რომელსაც ველით 2014 წელია, როდესაც სოჭში შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთის კარის მეზობლად ზამთრის ოლიმპიადა შეაბიჯებს. კარგ ბაზისს შესაძლოა ის მოჰყოლოდა, რომ ოთხ წელიწადში ჩასატარებელი თამაშები ურთიერთობათა აღდგენის მიზეზად იქცეს.
foreignpress