"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"რაც შეეხება 2012 წლის შემოდგომისთვის რუსეთის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას "კავკასია 2012" - დღეს არ ჩანს, რომ რუსეთი კიდევ ემზადება საომარი მოქმედებისთვის. მას სჭირდებოდა, რომ საქართველო არ შესულიყო ნატოში, მან შეძლო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო ბაზების განლაგება, საიდანაც ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს. ეს ყოვლად გაუმართლებელი, გამომწვევი და ცინიკური წვრთნები მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკისა და ნატოს წინააღმდეგაც, უფრო სწორად, ამით ცდილობენ აჩვენონ დასავლეთს, ვინ არის სამხრეთ კავკასიის ბატონ-პატრონი და რომ ირანთან დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთს გარკვეული გეგმები ექნება სამხრეთ კავკასიაში", - აცხადებს კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილისთვის მთავარია, ობამას ხელი ჩამოართვას და მერე ამაზე ტელევიზიებმა გაუთავებლად ილაპარაკონ~ / "ეს ყოვლად გაუმართლებელი, გამომწვევი და ცინიკური წვრთნები მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკისა და ნატოს წინააღმდეგაც".
"ეს უშუალოდ ამერიკასა და ნატოსთან შესაძლო დაპირისპირებას ნამდვილად არ ნიშნავს, უბრალოდ, მიმართულია იმისკენ, რომ ირანთან ომის შემთხვევაში რუსეთის პოზიციაც გაითვალისწინონ. პუტინმა განაცხადა, ამერიკა თუ განათავსებს საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, მაშინ ჩვენ მოგვიწევს საქართველოს დაბომბვაო, მაგრამ რუსეთისთვისაც და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ცხადია, რომ ამერიკა ამას არ აპირებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - "2008 წლის ომის მიზეზებზე ლაპარაკისას რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებში ჩანს, რომ ისინი ამ ომს გეგმავდნენ და ეს გარდაუვალი იყო. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი თუ იყო საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები და გადამეტებული ხომ არ არის ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში?" - პასუხობს:
"რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ნაბიჯები გადამწყვეტი იყო. რუსეთი ცდილობდა, ომი საქართველოს დაეწყო და შემდეგ სწორედ ჩვენთვის დაებრალებინა ყველაფერი, რაც მშვენივრად მოახერხა. რუსეთი ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, დაეჯერებინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ცხინვალის გამო ომში არ ჩაერთვებოდა - ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ საომარი მოქმედებები საქართველოს დაეწყო და ასეც მოხდა. სამხედრო ტექნიკა პირველმა საქართველომ გადააადგილა. ძალიან საინტერესოა პრეზიდენტის განკარგულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რომელიც სააკაშვილმა 2008 წლის 9 აგვისტოს, დღის 5 საათზე გამოაქვეყნა და რომელშიც ლაპარაკია, რომ რუსები შემოვიდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე 8 აგვისტოს. მითი, რომ რუსები 7 აგვისტოს შემოვიდნენ, იმჟამად ჯერ კიდევ არ იყო შეთხზული, ეს მერე გამოიგონეს. რუსების დანაშაული საქართველოს წინაშე უდიდესია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავინახოთ ჩვენი ხელისუფლების დანაშაულიც, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას".
"პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა ქართველ საზოგადოებასთან ერთად გამოსავალის გამოსანახავად დასავლეთის გასაგონად გაკეთდა, ისე რომ წარმოაჩინოს სურათი, თითქოს რუსეთი დიდი დემოკრატია და პრობლემა არა აქვს ქართველ საზოგადოებასთან. მან გაიხსენა, რომ ვიღაცები საქართველოდან ეახლნენ კრემლში, თანაც, საზეიმო განწყობით. ესენი იყვნენ სწორედ სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრები: ბურჯანაძე და ნოღაიდელი. სწორედ მმართველი გუნდიდან წამოსულმა ხალხმა შეუწყო ხელი პუტინის ამ განცხადებებს. რესპუბლიკური პარტია ყოველთვის პრინციპულად წინააღმდეგი იყო რუსეთთან ასეთი ურთიერთობებისა. რახ შეეხება ბურჯანაძის განცხადებებს, რომ ირაკლი ალასანია სააკაშვილის პროექტია - სააკაშვილმა ბურჯანაძეს წყნეთის აგარაკი რომ აჩუქა, მაშინ თვითონ ბურჯანაძე ვისი პროექტი იყო? ძალიან უსუსური არგუმენტია გულგატეხილი ადამიანისა, რომელიც არ არის იქ, სადაც სურს, იყოს. სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გამოა ჩვენთვის ბურჯანაძე პრინციპულად მიუღებელი", - განაგრძობს კონფლიქტოლოგი.
"ობამა დიდი ხანია, პრეზიდენტია, მაგრამ სააკაშვილს ოფიციალურად არ შეხვედრია. მხოლოდ კონფერენციებისა და გასვენების დროს ხვდებოდა. ერთხელ სააკაშვილმა ტუალეტთანაც კი გამოიჭირა და ხელი ჩამოართვა. პირველი ოფიციალური შეხვედრა სააკაშვილთან, როგორც ჩანს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ობამას დასჭირდა. საქმე ის არის, რომ მას რესპუბლიკელები ხშირად საყვედურობენ, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ხარჯზე გააფუჭა ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან. ობამა, უპირველესად, ფიქრობს თავის წინასაარჩევნო კამპანიაზე, ამიტომ ჩაჰყავს სააკაშვილი, ანუ, ამით აჩვენებს, რომ მოკავშირეები არ დავიწყებია. ვფიქრობ, შეხვედრაზე აუცილებლად ილაპარაკებენ დემოკრატიზაციაზე საქართველოში, ასევე - რუსეთთან ურთიერთობაზე, ნატოზე და, რა თქმა უნდა, ირანზეც. დარწმუნებული ვარ, ამერიკელები არ აპირებენ ირანთან ომს, რადგან ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება" - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
"ისინი ამით დიდ პრობლემებში ჩაეფლობიან, გაცილებით რთულში, ვიდრე ეს ერაყსა და ავღანეთში იყო, რადგან ირანი გაცილებით დიდია და მოსახლეობაც მეტისმეტად ანტიამერიკულად არის განწყობილი. შეხვედრაზე, ალბათ, ლაპარაკი იქნება იმაზეც, თუ მაინც აუცილებელი შეიქნა საომარი მოქმედებები, რა პოზიციას დაიკავებს საქართველო. დღევანდელი ვითარებით, ირანის ყველა მეზობელი სახელმწიფო ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს, საქართველოს პოზიცია კი ჯერ არ ჩანს. სააკაშვილს საქართველო სულაც არ ანაღვლებს, მისთვის მთავარია, როგორმე სკამი შეინარჩუნოს, ობამას ხელი ჩამოართვას და მერე ამაზე ტელევიზიებმა გაუთავებლად ილაპარაკონ. ვფიქრობ, სააკაშვილი ამერიკას ჩვენს ტერიტორიას შესთავაზებს და ეტყვის, როგორც გინდა, ისე გამოიყენეო... არც ერთი ჭკუათმყოფელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, რადგან ამერიკა შორსაა, ირანი კი - ახლოს. ობამა და სააკაშვილი წავლენ, საქართველო და ირანი კი დარჩება. აუცილებელია გავითვალისწინოთ მეგობარი და მეზობელი თურქეთის პოზიციაც. თურქეთი ჩვენზე დიდი მოკავშირეა ამერიკისა, არის ნატოს წევრი, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. მაინც მგონია, რომ ამერიკასა და ირანს შორის ომი არ დაიწყება", - დაასკვნის რესპონდენტი.
760
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85