2012 წელი მთავრობამ ახალი გადასახადების შემოღებით დაიწყო. ჯერ იყო და აბონენტებს თბილისში წყლის გადასახადი სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით მოსთხოვეს, თვის ბოლოს კი ახალი სამსახურის - “112”-ის მომსახურების საფასური დაერიცხებათ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ “112” მაისის ბოლოდან ამოქმედდება, გადასახადი აკრეფა კი უკვე იწყება.
კომპანია “მაგთიკომის” მარკეტინგის დირექტორის ირაკლი ლობჟანიძის განმარტებით, სახანძრო-სამშველო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 0,20 ლარი, იურიდიულ პირებს კი - 0,50 ლარი ჩამოეჭრებათ.
“112”-ზე დარეკვა აბონენტისთვის უფასოა, მაგრამ ყველა აბონენტი, რომელსაც სატელეფონო ანგარიშზე თვის განმავლობაში 5-ლარზე მეტი აქვს ჩარიცხული, ამ სამსახურის მომსახურებისთვის თანხას იხდის. კერძო პირის შემთხვევაში ესაა 20 თეთრი, ორგანიზაციების შემთხვევაში კი - 50 თეთრი. ეს არ არის “მაგთიკომის” გადასახადი, ეს პირდაპირ ამ სამსახურს ერიცხება. ესაა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი, რომელსაც აბონენტს მხოლოდ ჩვენი ოპერატორების საშუალებით ახდევინებენ”, - აღნიშნა ლობჟანიძემ.
მისივე განმარტებით, ცალკეულ მობილურ კომპანიებს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და აღნიშნული მათ უშუალოდ მთავრობის დადგენილებით დაევალათ. “მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის კანონის ძალა აქვს, აქედან გამომდინარე, როგორც ვიცი, მობილურ კომპანიებთან ცალკე ხელშეკრულებები არ გაფორმებულა”, - განაცხადა “მაგთიკომის” მარკეტინგის დირექტორმა.
გარდა ამისა, ირაკლი ლობჟანიძის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის თანხა ანგარიშიდან ყველა აბონენტს ჩამოეჭრება, განურჩევლად იმისა, ისარგებლა თუ არა მან “112”-ის გამოძახებით.
ახალი სამსახური - “112”, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სანაძრო-სამშველო სამსახურებს აერთიანებს მაისის ბოლოდან ამოქმედდება. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის თქმით, “112”-ის მომსახურება ფასიანი 2012 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “112”-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესი” მთავრობამ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.
საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, წარმოადგინოს სრული ინფორმაცია თუ რა ფინანსურ მოგებას ელის შსს “112-ის” ამოქმედების შემდეგ და რამდენი მილიონი ლარით გაღარიბდება მოსახლეობა. ხიდაშელის ვარაუდით, მერაბიშვილის უწყება აღნიშნული სერვისების ამოქმედების შემდეგ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ლარის მიღებას ელის.
კიდევ უფრო დიდ თანხება ასახელებენ ლეიბორისტები. პარტიის აღმასრულებელი მდივნის პაატა ჯიბლაძის განაცხადებით, სააბონენტო დავალიანების შემთხვევაში სატელეფონო ნომრისმფლობელს ჯერ “112”-ის მომსახურების საფასური ჩამოეჭრება,შემდეგ კი სააბონენტო დავალიანება. ჯიბლაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში წლის ბოლოს “112”-ის მომსახურებიდან ამოღებული თანხით 30 მილიონამდე ლარი შევა.
“30 მილიონამდე ლარი შევა არაფრიდან, ჰაერიდან. მოგეხსენებათ, ეს საარჩევნო წელია და ნაციონალური მოძრაობა ამ თანხებს არჩევნებისათვის გამოიყენებს. ჩვენი პარტია შეიტანს სარჩელს სასამართლოში ამ ბანდიტური, უკანონო საპოლიციო ხარკის გასაუქმებლად”, - განაცხადა ჯიბლაძემ. ჯიბლაძის გათვლებით, საქართველოში დაახლოებით 6 მილიონი სატელეფონო ნომერი მოქმედებს.
მისი თქმით, მეორე საკითხია ის, რომ აღნიშნული ბეგარით ოჯახი კი არ იბეგრება, არამედ სატელეფონო ნომრების მფლობელები.”ზოგს ორბარათიანი მობილური აქვს და ერთი ტელეფონის მფლობელი”112”-ის გადასახადს ორჯერ გადაიხდის. გარდა ამისა, ოჯახში შეიძლება რამდენიმე ნომერი არსებობდეს. დადგენილებაში მითითებულია, რომ პორტირების შემთხვევაში, მეორე ნომერზე გადასვლისას აბონენტი აღნიშნულ გადასახადს ისევ გადაიხდის, თუნდაც ძველი ნომრიდან ეს გადასახადი წინა დღის ჩამოჭრილი იყოს.ეს არის უსამართლობა, პოლიციური ხარკი”, - ამბობს ჯიბლაძე.
ლეიბორისტულმა პარტიამ გადახედა სხვა ქვეყნების გამოცდილებებს და მსგავსი გადასახადი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ჯიბლაძის ინფორმაციით, ამერიკაში “911” აბსოლუტურად უფასოა.
802
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85