ბაგრატის ტაძარს გადახურავენ და ამას იუნესკო არ შეეწინააღმდეგება

ბაგრატის ტაძარს გადახურავენ და ამას იუნესკო არ შეეწინააღმდეგება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში ილორის ეკლესიისა და ბედიის მონასტრის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ატეხილი ხმაურის ფონზე შემოგვაპარეს ბაგრატის ტაძრის ე.წ. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების მორიგი ვადა - 2012 წლის შემოდგომა. 

“ძალადობა კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული ამოძირკვა; ბარბაროსობა და სიველურე“, - ასე აფასებენ ხელისუფლებისა და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმას, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან - ილორის ეკლესიასა და ბედიის მონასტერთან მიმართებაში ხდება.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ ორ ძეგლს პირვანდელი სახე ოკუპანტებმა დააკარგვინესო, - აცხადებენ და ამ დროს, არაოკუპირებულ საქართველოში არა ოკუპანტები, არამედ ქართველი სპეციალისტები აგრძელებენ ბაგრატის ტაძრისთვის პირვანდელი სახის დაკარგვის პროცესს.

24 იანვარს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან ერთად დაათვალიერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის შესახებ.

დავინტერესდით, რაიმე სიახლე ხომ არ იყო გამოქვეყნებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე და სიახლეების ნუსხაში ერთი საინტერესო  განცხადება აღმოვაჩინეთ. რატომ – ვერ გეტყვით, მაგრამ გასული წლის ივლისის სიახლე სააგენტოს ისე აქვს შეფუთული და წარმოჩენილი, როგორც გუშინ მომხდარი ამბავი!

საქმე ეხება 2011 წლის ივლისში პარიზში გამართული მსოფლიო მემკვიდრეობის 35-ე სესიაზე მიღებულ დოკუმენტს, რომლის შინაარსი 2011 წლის 26 აგვისტოს გამოვაქვეყნე სათაურით - „იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა“.

ახლა ყოველგვარი კომენტარების გარეშე გთავაზობთ 2012 წლის 23 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და 2011 წლის 26 აგვისტოს, ჩემს მიერ მომზადებული მასალის იმ ნაწილს, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი იუნესკოს სესიაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბაგრატის ტაძარს ეხება. ვაჩეიშვილის უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ ბაგრატის ტაძარს შემოდგომაზე გადახურავენ; იუნესკოს 35-ე სესიაზე მიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ გადახურვის პროცესს იუნესკო არ შეეწინააღმდეგება, ოღონდ, ეს გადახურვა მსუბუქი კონსტრუქციის უნდა იყოს.

http://heritagesites.ge/?lang=geo&page=207&news=909 - ამ მისამართზე შეგიძლიათ წაიკითხოთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით:

“იუნესკოს 35-ე სხდომაზე ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო პროგრამა დადებითად შეფასდა

2012 წელს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში, ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაცია იქნება.

ერთიანი საქართველოს სიმბოლოს - აღდგენილი ბაგრატის ტაძრის გახსნის ღონისძიება 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ბაგრატის ტაძარი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის სახელთან დაკავშირებული ქართული არქიტექტურის შედევრი, ქართველი ხალხისათვის ღირშესანიშნავი და უნიკალურია. წლების განმავლობაში ტაძრის აღდგენასა და რეკონსტრუქციას საზოგადოების როგორც საერო, ასევე სასულიერო ნაწილი, უცვლელად ითხოვდა.

2005-2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა ბაგრატის ტაძრის კვლევითი-არქეოლოგიური სამუშაოები. ამავე პერიოდში, სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა ტაძრის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა. 2008 წელს მომზადდა ძეგლის კონსტრუქციული გამაგრების სრული პროექტი.

წლების განმავლობაში, ძეგლთა დამცველთა მთავარ თავსატეხსა და ამოცანას წარმოადგენდა ტაძრის იმ მეთოდოლოგიით აღდგენა, რომელიც ამავდროულად უძველეს ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს შეუნარჩუნებდა.

2011 წლის 19-29 ივნისს, პარიზში გამართულ იუნესკოს რიგით 35-ე სხდომაზე ბაგრატის ტაძრისა და გელათის სარეაბილიტაციო პროგრამის მსვლელობა დადებითად შეაფასეს.

იუნესკოს კომიტეტის 34 სესიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე, იკრომის, იკომოსისა და იუნესკოს ექსპერტების აქსტიური მონაწილეობით და კონსულტაციით სრულდება ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავება.

კონცეფციის მიზანია პირველ რიგში, დაცული იყოს ძეგლის ინტერესები, დაკმაყოფილდეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით, შემუშავდეს ძეგლის ინფრასტრუქტურული კონცეფცია თანამედროვე სტანდარტებით, რაც საბოლოო უზრუნველყოფს ბაგრატის ტაძრის ამოღებას საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლების ნუსხიდან“.

ინტერნეტში ამ სათაურით - “იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა“ შეგიძლიათ მოიძიოთ სტატია და წაიკითხოთ 35-ე სესიაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ასეთი შინაარსისაა:

“ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო) (C 710)

გადაწყვეტილება: 35 COM 7A.29

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი,

•           განიხილა დოკუმენტი WHC-11/35.COM/7A.Add

•           გაიხსენა 34-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება  34 COM 7B.88 (ბრაზილია, 2010) 

 

1. მიესალმება ყველა სამუშაოს შეჩერებას ბაგრატის ტაძარზე, ისევე, როგორც სარეაბილიტაციო პროგრამის წინსვლასა და გელათის მონასტრის კონსერვაციის გენერალურ გეგმას;

2. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ იმატა კოორდინაციამ ქართულ ეკლესიასა და სამოქალაქო ხელისუფლებას შორის, გამნტკიცდა ერთობლივი საქმიანობა და  გაუმჯობესდა რელიგიური და სასულიერო მსოფლიო მემკვიდრეობის  საკუთრების მართვა საქართველოში;

3. აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარემ დანიშნა ბაგრატის ტაძრის კონსულტანტად არქიტექტორი კონსერვაციის დარგში,   და რომ ქართველი ინჟინრები მუშაობენ სამ-ფაზიანი მიდგომის გამოყენებით, ბაგრატის ტაძრის, როგორც დაცული სივრცის, სრული რეაბილიტაციისთვის;

4. ყურადღებას მიაპყრობს  საერთაშორისო კონსულტანტის მოსაზრებას, რომ ბაგრატის ტაძრის დაუსრულებელი სტრუქტურული მდგომარეობა არაა მდგრადი, რომ შესაძლებელია არ იყოს მისაღები იმის გაუქმება, რაც ახლახან აშენდა, რადგან ჩარევები თითქმის შეუქცევადია და რომ არსებული ბეტონის სვეტებზე მცირეწონიანი სახურავი შეიძლება  დაიდგას;

5. დაჟინებით თხოვს სახელმწიფო მხარეს განავითაროს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგია, რომელიც გააუქმებს ახლახან ჩატარებული სამუშაოების მაქსიმალურ რაოდენობას; შესაძლებლობის ფარგლებში გააერთიანებს ფრაგმენტებს იმ ადგილებზე, სადაც ისინი კედლების ნაწილებს ქმნიან; უზრუნველყოფს ნებისმიერი  მცირეწონიანი სახურავის დადგმას, შენობის მოხაზულობის გათვალისწინებით, რაც იქნება მსგავსი იმისა, როგორიც შესაძლოა ადრე იყო და დატოვებს ტაძრის შიდა ნაწილს მოუბათქაშებლად;

6. თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, წარუდგინოს რეაბილიტაციის სტრატეგია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, მრჩეველთა საბჭოს შეფასების მისაღებად, ნებისმიერი ვალდებულების აღებამდე;

7. აგრეთვე, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, რათა მოიწვიოს გაერთიანებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/COMOS  რეაგირების მონიტორინგის მისია, საკუთრების კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად და ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგიის მიდგომების განსახილველად;

8. გარდა ამისა, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს 2012 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს განახლებული ანგარიში,  საკუთრების კონსერვაციის მდგომარებისა და ზემოაღნიშნულის განხორციელების შესახებ,  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განსახილველად.

იღებს გადაწყვეტილებას, მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში დატოვოს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო).

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესია. პარიზი, საფრანგეთი, 2011 წლის 19-29 ივლისი“.