132 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია Eastman Kodak-მა, რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ და რომელიც ფოტოფირის უმსხვილესი მწარმოებელი გახლავთ, თავი ბანკროტად გამოაცხადა. ეს სენსაციური ამბავი ხუთშაბათ საღამოს გავრცელდა, როცა ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ კრედიტორებისაგან დასაცავად განაცხადი შეიტანა ნიუ იორკის შტატის გაბანკროტების შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლის მიხედვით.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ გაბანკროტება დროებითი საშუალება იქნება და ბიზნესის გადარჩენას და მისთვის შემოსავლიანობის დაბრუნებას მოახერხებს. “დირექტორთა საბჭომ და უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ეს Kodak-ის მომავლისათვის აუცილებელი ნაბიჯი იყო”, - განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ანტონიო პერესმა.
როგორც ჩანს, Eastman Kodak -ის თავკაცებმა გადაწყვიტეს სწორედ ამგვარი გზისათვის მიემართათ ლიკვიდურობის კრიზისის პირობებში, რომელშიც კომპანია ბოლო რამდენიმე წელია იმყოფება. ამ მდგომარეობაში Eastman Kodak გაყიდვების მოცულობის მკვეთრი შემცირების გამო აღმოჩნდა, რაც, თავის მხრივ, ფოტოფირის ბიზნესის შემცირებამ განაპირობა. შედეგად, კომპანიამ 2003 წლის შემდეგ დახურა 130 ლაბორატორია და 13 ქარხანა და გაანთავისუფლა 47 ათასი ადამიანი. შარშან კი ისეთ შავ დღეში ჩავარდა, რომ თავისი საბაზრო ღირებულების 88 პროცენტი დაკარგა და ამჟამად მისი კაპიტალიზაცია მხოლოდ 162 მილიონი დოლარია. საერთოდ, არსებული ინფორმაციით, კომპანიის აქტივების საერთო ღირებულება 5,1 მილიარდი დოლარია, ვალი კი 6,8 მილიარდი გახლავთ.
Kodak-ის თავკაცები რომ კომპანიის ბანკროტად გამოცხადებას აპირებდნენ, ცნობილი ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გახდა, როცა ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა გაზეთმა The Wall journal-მა გაავრცელა. მალე სარეიტინგო სააგენტოებმა Standard&Poor's-მა და Moody's-მა Eastman Kodak-ის გრძელვადიანი რეიტინგი შეამცირეს. ეს სააგენტოებმა ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემებითა და ბანკროტად გამოცხადების დიდი შანსით ახსნეს. მალე გავრცელდა ინფორმაცია, Eastman Kodak -ის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა Citigroup-თან სესხის გაცემის თაობაზე.
როგორც ცნობილი გახდა, ბანკროტად გამოცხადების შემდეგ კომპანიას დაგეგმილი აქვს თავისი პატენტების პორტფელზე აუქციონი ჩაატაროს. პატენტების ძირითად ნაწილს ციფრული ფოტოები და გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგიები შეადგენს. ფაქტიურად, ეს აქტივი გახლავთ ყველაზე ძვირადღირებული. სულ პორტფელი 1100 პატენტს მოიცავს. ექსპერტთა შეფასებით, მისმა ღირებულებამ, შესაძლოა, გვარიან თანხას - 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
ამგვარად მიღებული შემოსავლით და სესხებით აპირებს მომავალში Eastman Kodak -ის ხელმძღვანელობა სიტუაციის გამოსწორობას და ორი მთავარი მიმართულების განვითარებას. ესენი გახლავთ ციფრულ პროდუქტებზე პატენტი და ბეჭვდვისა და შენახვის ტექნოლოგიები.
გარდა ამისა, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად Eastman Kodak-ის ბოსებმა დაიწყეს საპატენტო ომი ისეთ ციფრულ გიგანტებთან, როგორებიცაა Appl და HTC, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ოთხი პატენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს. პრეტენზიის საგანი გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც ციფრული კამერის, ან ტელეფონის მეპატრონეს საშუალებას აძლევს ფოტოსურათი სხვა ადამიანს ისე გადასცეს, რომ კომპიუტერი საერთოდ არ გამოიყენოს. სარჩელში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული კომპანიები Kodak-ის მიერ დაპატენტებულ ტექნოლოგიებს უკანონოდ იყენებენ და ზარალიც, რომლის ოდენობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, უნდა აუნაზღაურონ.
ყველაფერი ამის გარდა Kodak-ში სერიოზული რესტრუქტურიზაცია იგეგმება. მთავარი ცვლილება იქნება ის, რომ კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები აღარ იქნება ფოტოლენტის და ფოტოქაღალდის წარმოება. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამან განაპირობა Kodak-ის პრობლემები. ფოტოლენტის უმსხვილესმა მწარმოებელმა ეგრეც ვერ გაუძლო ციფრული ტექნიკის გიგანტებთან კონკურენციას.
ამგვარ დღეშია კომპანია, რომლის დამაარსებელმა ისტმან კოდაკმა პირველი ფოტოაპარატი 1888 წელს შექმნა, რომელშიც 100 კადრიანი ფირი იყო ჩადებული. 1936 წელს სწორედ Kodak-მა შექმნა პირველი ფერადი ფირი Kodakhrome, 1975 წელს კი პირველი ციფრული ფოტოაპარატი. არადა, სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას ვერ აუწყო კომპანიამ ფეხი.