საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დროებითი საპარლამენტო კომისიის არჩევის წესის გამარტივებას ითხოვენ. ეს იდეა გიორგი თარგამაძემ გაახმოვანა. იმაზე, თუ რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა დადებითი შედეგი მოიტანა ამჟამად არსებულმა დროებითმა საპარლამენტო კომისიებმა, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
მხარს უჭერთ ინიციატივას, რომ პარლამენტის ერთმა მეხუთედმა აირჩიოს დროებითი საპარლამენტო კომისია და არა ერთმა მეოთხედმა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: რა თქმა უნდა, რაოდენობით ერთი მეხუთედი უფრო მცირეა, ვიდრე ერთი მეოთხედი; დეპუტატთა რაც უფრო მცირე რაოდენობა იქნება დროებითი საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაყვეტილების მიმღები, რასაკვირველია, ამით დემოკრატიის ხარისხი უფრო მაღალია და ალბათობა იმისა, რომ იგივე უმცირესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, ერთი მეხუთედის დაქვემდებარებული რაოდენობა მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ აქ საკითხი სხვანაირად დგას.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ საპარლამენტო ფრაქციას მოტივირებული პეტიციის წარდგენის უფლება აქვს. დეპუტატებმა ამ პეტიციის კენჭისყრაზე დაყენებას უნდა უყარონ კენჭი. ამ დროს ხდება გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნული პეტიციის მოთხოვნა ჩავარდება, თუ გავა, პარლამენტის სესიაზე.
ახალი რედაქციის მიხედვით, სწორედ ეს იყო გაუთვალისწინებელი, რომ ერთი მეხუთედი იქნებოდა ინიციატორი და იმპლემენტატორი; ამ შემთხვევაში, ინიციატორი არის ექსვკაციანი ფრაქცია – ექვსკაციან ფრაქციას შეუძლია წარმოადგინოს ინიციატივა, ხოლო პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეოთხედის მიერ უნდა მოხდეს უკვე სასესიო სხდომაზე მისი მხარდაჭერა.
თუ ეს პროცედურა უცვლელი დარჩება და პეტიციის წარმომდგენი ისევ და ისევ ფრაქცია იქნება (ექვსი კაცის შემადგენლობით), მაშინ ბუნებრივია, ერთი მეხუთედის მიერ მხარდაჭერილი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა უფრო გამჭირვალეა, ვიდრე ერთი მეოთხედის. სხვათა შორის, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მათთვის დღეს მოქმედი რედაქციის ჩანაწერი უფრო გასაგებია, ვიდრე წარმოდგენილი კანონპროექტი.
რამდენი დროებითი კომისია მოქმედებს ამ წუთისთვის პარლამენტში?
– ამ წუთისთვის პარლამენტში მოქმედებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისია და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია. იყო კიდევ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია. არც ერთი მათგანს საგამოძიებო ფუნქცია არა აქვს. საგამოძიებო კომისია მხოლოდ მეექვსე მოწვევის პარლამენტში, მიხეილ ოსაძის ხელმძღვანელობით არსებობდა.
რამდენი ხანია, რაც ამჟამად არსებული დროებითი საპარლამენტო კომისიები არსებობენ?
– ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისია ფაქტიურად დროის პერმანენტული გახანგრძლივების რეჟიმში მოქმედებს – ყოველი სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უნდა ხდებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება.
უხანგრძლივებთ ხოლმე ამ ვადას, კენჭს უყრით?
– მართალი გითხრათ, ამ პროცედურისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. რაც შეეხება გამსახურდიას კომისიას, მას მეორე ვადით გაუხანგრძლივდა ვადა.
დროებითი საპარლამენტო კომისიების შექმნის დროს ხომ გარკვეული დაფინანსებაც გამოიყოფა?!
– გარკვეული ხარჯები გამოყოფილი უნდა იყოს, რადგან, როგორც მინიმუმ, დროებით საპარლამენტო კომისიას ჰყავს თავისი აპარატი, რომლის ხარჯების დაფინანსება ხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი და ამის არგუმენტი მაქვს – 2004 წლის 21 თებერვალს, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით,1991–1992 წლებში განხორციელებული პუტჩის მოვლენების შემსწავლელი დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც ზემოხსენებული წლებში დატრიალებული მოვლენები, მათ შორის, პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი გლობალურად უნდა შეესწავლა. ამ კომისიის მუშაობის შედეგი საზოგადოებისთვის უცნობია. თუმცა, მისი გაუქმების შესახებ არანაირი ნორმატიული აქტი არ გამოცემულა.
მახსოვს, რომ ამ დროებით სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მანანა არჩვაძე–გამსახურდიასი, ტარიელ ფუტკარაძე და გიორგი ანდრიაძე. რამდენადაც ვიცი, კომისიის წევრები არც ერთხელ არ შეკრებილან. ამ კომისიას შევარდნაძის რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გამოეკვეთა, მაგრამ რეალურად არაფერი გაუკეთებია. ამის შემდეგ, ცალკე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია, საზოგადოებრივ ინტერესს არ პასუხობს.
რას იტყვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის საქმიანობაზე?
– “ყოველი ხე ნაყოფით იცნობაო“, – ხომ გაგიგიათ?! კომისიის მუშაობა შედეგებით უნდა განისაზღვრებოდეს და პირადად ჩემთვის ასეთი შედეგები უცნობია. შესაძლოა ასეთი შედეგები არსებობს და თუ ერთ მშვენიერ დღეს, კომისია თავისი მუშაობის მთლიან ანგარიშს პარლამენტს წარმოუდგენს, ყველა საქმეს სიამოვნებით გადავდებ, სხდომას დავესწრები და ანგარიშს მოვისმენ.